22.02.2016 / 12:30
შრიფტის ზომა:

"10 წლის ვარ და უკვე განქორწინებული" - რა არის ადრეული ქორწინება

ინდოეთის რაჯასტანის შტატში არასრულწლოვან გოგონათა ქორწინება კანონითაა აკრძალული, მაგრამ ბევრი ოჯახი ამ ტრადიციას მაინც იცავს.

რაჯასტანელი პატარძალი შეიძლება 14 ან 15 წლის, ან თუნდაც 10 წლის იყოს.

ასეთ საქორწინო რიტუალებს ძირითადად ღამის საათებში ატარებენ - პოლიციის ეშინიათ. თუმცა, ინდოელი ძალოვნები ამ "კანონდარღვევაზე" ხშირად თვალს ხუჭავენ, რადგან არ სურთ, ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენონ, ან დაამცირონ. სამართალდამცავი ორგანოების ასეთი პასიურობა ერთ-ერთი ფაქტორია, რის გამოც ნაადრევი ქორწინება ინდოეთში ჯერ კიდევ არსებობს.

იძულებითი ქორწინება არამხოლოდ ინდოეთში, არამედ, მსოფლიოს ბევრ რეგიონში დღემდე ფართოდაა გავრცელებული. ამ შემზარავ ტრადიციას ხშირად თავად გოგონას მშობლები იცავენ.

ინდოეთში როგორც წესი, არასრულწლოვან გოგონებს მათზე 4-5 წლის ასაკით უფროს ბიჭებს ათხოვებენ,

იემენსა და ავღანეთში ქმარი შეიძლება 35 წლის მამაკაცი გახდეს, ეთიოპიაში კი ხშირია შემთხვევა, როცა მოძალადე "ოჯახის შექმნის მიზნით" არასრულწლოვან გოგონას იტაცებს და მასზე ძალადობს.

არასრულწლოვანი გოგონას ქორწინება ხშირად ვაჭრობის ან გარიგების საგანიც ხდება. მაგალითად, თუ ვალი გაქვთ, შეგიძლიათ მევალეს ფულის ნაცვლად შვილი შესთავაზოთ. მსგავსი გარიგებები მეტწილად საიდუმლოებით არის მოცული, მაგრამ გასაჯაროების შემთხვევაში დიდ რეზონანსს იწვევს.

ნაადრევი ქორწინების მომხრეები ამ ტრადიციაში ცუდს ვერაფერს ხედავენ. ისინი ამბობენ, რომ გოგონები მეხუთე კლასის შემდეგ სწავლის გაგრძელებას მაინც ვერ შეძლებენ, რადგან რეგიონებში, სწავლის გასაგრძელებლად სასკოლო ავტობუსით მგზავრობა მოუწევთ. ეს კი ისეთ ქვეყნებში, სადაც გაუპატიურების ფაქტები თითქმის ყოველდღე ხდება, ახალგაზრდა გოგონებისთვის საფრთხეა.

ტრადიციების თანახმად, გოგონებს არც აქვთ უფლება თავად აირჩიონ საქმრო. მაგალითად ინდოეთში ქორწინება განიხილება როგორც ორი ოჯახის მყარი კავშირი, და არა ორი პიროვნების გრძნობებზე დაფუძნებული არჩევანი.

ამიტომ იქ, სადაც სიღარიბე სუფევს, სადაც საზოგადოება გაუპატიურებულ გოგონებზე უარს აცხადებს, სადაც იძულებითი ქორწინება საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული ტრადიციაა, ბევრმა უფლებადამცველმა არც კი იცის, საიდან დაიწყოს ბრძოლა.

ამ საკითხზე მომუშავე ერთ-ერთი ინდური ორგანიზაციის წევრი შრილა დას გუპტა ყვება, რომ ორგანიზაციაში მოვიდა ერთ-ერთი მამაკაცი და იკითხა: "ჩემი ქალიშვილი გვიან თუ გავათხოვე, მის დაცვაზე თუ აიღებთ პასუხისმგებლობას?"

"ჩემი თანამშრომელი მოვიდა და გვკითხა: ეს გოგონა 14 წლის ასაკში თუ გააუპატიურეს, მერე რა ვუთხრა?" - მსგავს კითხვებზე ჩვენ პასუხი არ გაგვაჩნია", - ამბობს შრილა დას გუპტა.

თუ ინდოეთში არასრულწლოვან გოგონათა ქორწინება ფორმალურად მაინც არის აკრძალული, იემენში ასეთი ბერკეტიც არ არსებობს. იემენის პარლამენტში ბევრია რელიგიური კონსერვატიზმის მხარდამჭერი, რომელიც მიიჩნევს, რომ ნაადრევი ქორწინება ყურანითაა დაშვებული, ამიტომ მისი აკრძალვა საჭირო არ არის.

ქვეყანაში ფართოდაა გავრცელებული წესი სახელწოდებით "შიგჰარი", როცა ახლობელი ან მეგობარი მამაკაცები ერთმანეთს ნათესავ გოგონებს უცვლიან.

ხშირია, რომ მამაკაცი თავის საცოლეზე რამდენიმე ათწლეულით უფროსია. მაგალითად, ერთ-ერთი იემენელი გოგონა სახელით აიშა სულ 10 წლის იყო, როცა 50 წლის მამაკაცზე გაათხოვეს.

გათხოვილ არასრულწლოვან გოგონებს არანაირი სექსუალური განათლება არ გააჩნიათ და ხშირად, ექიმები მშობიარობის დროს უხსნიან, რას ნიშნავს შვილის გაჩენა. იემენში სქესობრივი ურთიერთობა ტაბუირებული თემაა, რომელზეც საუბარი დედა-შვილს შორისაც არ არის მიღებული.

სიტუაცია შედარებით შეიცვალა 2008 წელს, როცა მსოფლიო იემენელი გოგონას, 10 წლის ნუჯუდ ალის ისტორიამ შეძრა.

იემენელებისთვის ამ ისტორიაში ყველაზე გასაკვირი ის კი არ იყო, რომ ნუჯუდს გათხოვება მამამისმა აიძულა, ან ქმარმა სექსუალური კონტაქტი პირველივე ღამეს დაამყარა, პირობის მიუხედავად, რომ დაელოდებოდა გოგონას სანამ წამოიზრდებოდა. არც ის იყო გასაკვირი, რომ პირველი ღამის შემდეგ დედამთილმა ჯერ ნუჯუდის ლოგინი დაათვალიერა და შემდეგ საბანაოდ წაიყვანა..

იემენელები გააოცა იმ ფაქტმა, რომ 10 წლის გოგონამ ხმის ამოღება გაბედა. ის ქმრის სახლიდან გაიქცა და მამის ოჯახში დაბრუნდა.
ნუჯუდ ალის მამის რისხვის არ შეეშინდა, მამის მეორე ცოლმა ტაქსის ფული მისცა და გოგონა თავად მივიდა ქალაქის სასამართლოში, სადაც განქორწინება მოითხოვა.

ნუჯუდ ალის ისტორია იმდენად რეზონანსული აღმოჩნდა, რომ გოგონა ბევრ ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში მიიწვიეს. მოგვიანებით გამოქვეყნდა წიგინი ნუჯუდის ისტორიაზე:

"ათი წლის ვარ და უკვე განქორწინებული".

მსგავსი შემთხვევა ცოტაა, მაგრამ სწორედ ამ გოგონების დახმარებით საზოგადოებებში მნიშვნელოვანი ცვლილებები ხდება. მაგალითად, როდესაც 11 წლის ინდოელ გოგონას, სახელად სუნილის მშობლობმა ქორწინება "დაუგეგმეს", მან ოჯახს განუცხადა, რომ პოლიციაში მათ წინააღმდეგ სარჩელს შეიტანდა.

ნაადრევ ქორწინებაზე საუბრისას, უფლებადამცველები კიდევ ერთ პრობლემაზე მიუთითებენ: საზოგადოების შეშფოთებას ბავშვთა ქორწინების ფაქტები უფრო იწვევს, ვიდრე მოზარდი გოგონების. მაგრამ სინამდვილეში, განვითარებად ქვეყნებში გაცილებით უფრო ხშირია 13-16 წლის გოგონების გათხოვების ფაქტები და ამ მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა საჭირო - საზოგადოება უნდა ხვდებოდეს, რომ მოზარდი გოგონების დაცვა ისეთივე აუცილებლობაა, როგორც პატარა გოგონების.

იემენში, ავღანეთსა და სხვა ქვეყნებში ხშირია ტრაგიკული შემთხვევები, როცა მოზარდი გოგონა პირველი ღამის შემდეგ საავადმყოფოში, ორგანოების დაზიანებით ან სისხლის დაკარგვით კვდებოდა.

კვლევების თანახმად, ყოველწლიურად განვითარებად ქვეყნებში 10-12 მილიონი არასრულწლოვანი გოგონა თხოვდება - ეს მხოლოდ მშობლების ზეწოლით არ ხდება, არამედ თავად გოგონების გადაწყვეტილებაა, რადგან მათ სხვა მომავალი არ აქვთ.

ამიტომ, როგორც უფლებადამცველები აღნიშნავენ, ყველაზე წარმატებულია არამხოლოდ ინფორმირებულობის ამაღლების პროგრამები, არამედ ღარიბი ფენის მოტივაციის ამაღლება, რომელიც გამოიხატება როგორც ფინანსურ დახმარებაში ასევე, სოფლებსა და რაიონებში სკოლების მშენებლობაში.

მომზადებულია National Geographic-ის მიხედვით.