"ინტერვიუ პუტინთან" - კრემლის ლიდერი შვილებისა და შვილიშვილების შესახებ საუბრობს | Allnews.Ge

"ინტერვიუ პუტინთან" - კრემლის ლიდერი შვილებისა და შვილიშვილების შესახებ საუბრობს

დოკუმენტური ფილმი რეჟისორმა ოლივერ სტოუნმა გადაიღო, პირველი სერია Showtime-ზე გავიდა. მისი მთავარი გმირი კი რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინია. ფილმსაც შესაბამისად ჰქვია "ინტერვიუ პუტინთან".

პირველ სერიაში ვლადიმერ პუტინი ავტომობილს მართავს და საუბრობს ამერიკის შეერთებული შტატების თანამონაწილეობაზე ტერორისტული დაჯგუფება "ალ-ქაიდას" შექმნასა და ჩეჩნეთში ბოევიკების მხარდაჭერაში, ყურადღებას ამახვილებს საბჭოთა კავშირის დაშლის დეტალებზე და რაც ყველაზე უცნაურია პასუხობს კითხვებს ოჯახის შესახებ.

"როდესაც ჩვენ შეგვექმნა პრობლემები ჩეჩნეთში და ზოგადად ჩრდილოეთ კავკასიაში, სამწუხაროდ ამერიკელებმა მხარი დაუჭირეს ამ პროცესებს. ჩვენ მაშინ შეგვექმნა სრულიად მყარი შთაბეჭდილება, რომ ჩვენი ამერიკელი პარტნიორები ერთი მხრივ რუსეთის მხარდაჭერაზე, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხში თანამშრომლობაზე საუბრობენ, სინამდვილეში კი ამ ტერორისტებს რუსეთის შიდაპოლიტიკური ვითარების გამწვავებისთვის იყენებენ" - აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა ოლივერ სტოუნთან საუბარში.

კრემლის ლიდერის თქმით, რაც შეეხება ბოევიკების საინფორმაციო და პოლიტიკურ მხარდაჭერას, ამას სამხილებიც კი არ სჭირდება, რადგან ყველასთვის ცხადი იყო და იგი კეთდებოდა საჯაროდ ყველას დასანახად.

"რაც შეეხება ოპერატიულ და ფინანსურ მხარდაჭერას, ჩვენ გვაქვს დამამტკიცებელი საბუთი. ზოგიერთი მათგანი ჩვენს ამერიკელ კოლეგებსაც წარვუდგინეთ".

"ალ-ქაიდას" შექმნის შესახებ პუტინმა აღნიშნა, რომ ეს არა რუსეთის ქმედების, არამედ "ამერიკელი მეგობრების" ქმედების შედეგი და ნაყოფია.

"ეს ჯერ კიდევ ავღანეთში საბჭოთა კავშირის ომის პერიოდიდან დაიწყო, როდესაც ამერიკის სპეცსამსახურები ისლამური ფუნდამენტალიზმის განსხვავებულ მიმართულებებს უჭერდნენ მხარს საბჭოთა ჯარების წინააღმდეგ ბრძოლაში. ამერიკელებმა თავად გაზარდეს "ალ-ქაიდა" და ბინ ლადენი, მაგრამ შემდეგ ყველაფერი კონტროლის სფეროდან გამოვიდა. ეს ყოველთვის ასე ხდება და ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს უნდა სცოდნოდათ. ეს მათი ბრალია".

ვლადიმერ პუტინი საბჭოთა კავშირის დაშლის თემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ მას ხშირად აკრიტიკებენ მისი დაშლის გამო გამოხატული სინანულისთვის.

"ყველაზე მთავარი ისაა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ 25 მილიონი რუსი ერთ ღამეში საზღვრებს მიღმა აღმოჩნდა და ეს რეალურად მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კატასტროფაა.

როგორც ჩანს გორბაჩოვისა და მისი გარშემომყოფებისთვის გასაგები იყო, რომ ქვეყანას ცვლილებები ესაჭიროვებოდა, მაგრამ დღეს დარწმუნებული ვარ, რომ მათ არ ესმოდათ რეალურად რა ცვლილებებს საჭიროებდა ქვეყანა და როგორ უნდა მიეღწიათ ამისთვის.

არ ესმოდათ როგორ უნდა შეეცვალათ ვითარება ქვეყანაში და თავად ქვეყანაც შეენარჩუნებინათ".

ოლივერ სტოუნის კითხვაზე უყვარს თუ არა კრემლის ლიდერს შვილიშვილები პუტინმა უპასუხა, რომ "ძალიან", თუმცა აღნიშნა რომ მათთან სათამაშოდ დრო ფაქტობრივად არ რჩება. თავის ოჯახზე საუბრისას რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ ამაყობს ქალიშვილებით, მან ასევე აღიარა, რომ ხშირად აწყობს დისკუსიებს სიძეებთან, მოსაზრებები ხშირად განსხვავებულია.

"არ ვკამათობთ უბრალოდ დისკუსიას ვმართავთ ჩემი ქალიშვილებიც ხშირად ერთვებიან, თუმცა არც ერთია დაკავებული პოლიტიკით და არ ფლობს მსხილ ბიზნესს. ისინი მეცნიერებისა და განათლების სფეროში მოღვაწეობენ".

ვლადიმერ პუტინს ყოფილი ცოლისგან - ლუდმილასგან ორი ქალიშვილი - მარია და კატერინა ჰყავს. მათი ცხოვრების შესახებ ოფიციალურად არაფერია ცნობილი. მედიის ცნობით კი მარია მეცნიერებითაა დაკავებული, მისი ქმარი კი ჰოლანდიელი ბიზნესმენია. მათ ქალიშვილიც ჰყავთ. ჟურნალისტების ცნობით, კატერინა ტიხონოვას გვარს ატარებს და ფონდ "ინოპრაქტიკას" ხელმძღვანელობს. მისი ქმარი კი მილიარდერი კირილ შამალოვია. თუმცა პუტინი ამას არასდროს აღიარებდა.

myquiz