"ისლამური სახელმწიფოს" შემოსავლის მთავარი წყაროები | Allnews.Ge

"ისლამური სახელმწიფოს" შემოსავლის მთავარი წყაროები

ექსტრემისტულ დაჯგუფება "ისლამურ სახელმწიფოს" მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ტერორისტული ორგანიზაცების რიცხვს მიაწერენ. დაეშის აგრესიული ექსპანსია და ფინანსური წარმატება 2014 წლის ივნისში, ერაყის ქალაქ მოსულის დაპყრობით დაიწყო.

ამ პერიოდის შემდეგ, სახელისუფლებო სააგენტოები, ჟურნალისტები და ანალიტიკოსები, ისლამურ სახელმწიფოს მოიხსენიებენ ორგანიზაციად, რომელიც შემოსავლის სხვადასხვა წყაროდან მილიარდობით დოლარის გენერირებას ახერხებს.

ამავდროულად უნდა ითქვას, რომ ტერორისტული დაჯგუფების ფინანსების შესახებ საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაცია ურთიერთგამომრიცხავი და ბუნდოვანია.

"ისლამური სახელმწიფოს" ფინანსური შემოსავლების დინამიკის ანალიზის შედეგად, ცხადი გახდა, რომ ექსტრემისტული დაჯგუფების მიერ ტერიტორიების დაკარგვისა და კონტრტერორისტული კოალიციის გაძლიერების პარალელურად, დაეშის შემოსავალი პირდაპირპროპორციულად მცირდება.

Ernst & Young-ისა და რადიკალიზაციის კვლევის საერთაშორისო ცენტრის ერთობლივმა კვლევამ ცხადყო, რომ უკანასკნელ პერიოდში, ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" ბიუჯეტი განახევრდა. მკვლევარებმა დაეშის ფინანსური შემოსავლის 6 ძირითადი წყარო გამოყვეს.

გადასახადები

სირიისა და ერაყის ხელისუფლების მსგავსად, ისლამური სახელმწიფო მოსახლეობაში გადასახადებს აგროვებს. გარდა ამისა, საფასურს აწესებს ზოგიერთ მომსახურებაზე და მისი ტერიტორიის სავაჭრო მიზნებისთვის გამოყენებაზე.

2014 წელს, ერაყის უმსხვილესი ქალაქის, მოსულის დაპყრობის შემდეგ, ტერორისტულმა ორგანიზაციამ 300-400 მილიონი დოლარის ოდენობის შემოსავალი მიიღო. 2015 წლის განმავლობაში, გარკვეულ ტერიტორიებზე გავლენის დაკარგვის მიუხედავად, გადასახადებისგან მიღებული შემოსავალი 400-800 მილიონ დოლარამდე გაიზარდა, ხოლო 2016 წელს, საკვანძო და სატრანზიტო ქალაქების დაკარგვისას, გადასახადები 200-400 მილიონ დოლარამდე შემცირდა.

ბუნებრივი რესურსები

ექსტრემისტები მათ კონტროლს დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ნავთობსაც მოიპოვებენ. საერთო მარაგის ძირითადი ნაწილი მაინც შიდა საჭიროებებს ხმარდება, თუმცა ნაწილი, იყიდება ან კონტრაბანდული გზით მეზობელ ქვეყნებში გადის. 2014 წელს, ბუნებრივი რესურსებიდან მიღებულმა შემოსავალმა, 150-450 მილიონი დოლარი შეადგინა. დროთა განმავლობაში, ნავთობით მდიდარი ტერიტორიების დაპყრობის შედეგად, შემოსავალი 550 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. თუმცა, კოალიციის მიერ განხორციელებული სპეცოპერაციის ფარგლებში, რომელიც მიზნად ნავთობმომპოვებელი ტერიტორიების დაბომბვას ისახავდა, 2016 წელს, ნავთობწარმოებით მიღებული შემოსავალი მკვეთრად დაეცა და 200-250 მილიონი დოლარი შეადგინა.

გატაცება

დაეშის მებრძოლები გატაცებასა და შემდეგ ფულის გამოძალვაში ისევე არიან დახელოვნებულნი, როგორც მანქანებში ასაფეთქებელი მოწყობილობების დამონტაჟებაში. "ისლამური სახელმწიფოს" ბოევიკების მთავარი სამიზნე უცხოელი ჟურნალისტები არიან, თუმცა, არც ადგილობრივების გატაცებაზე ამბობენ უარს. 2014 წელს, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და ადგილობრივი მოსახლეობის გათავისუფლების სანაცვლოდ მიღებულმა მოგებამ, ტერორისტების ბიუჯეტი საშუალოდ, 20-40 მილიონი დოლარით გაამდიდრა. სამწუხაროდ, არ მოიპოვება 2015 წლის მონაცემები.

ანტიკვარიატი

ინტერნეტსივრცეში არაერთხელ გავრცელებულა კადრები, სადაც ჩანს თუ როგორ ანადგურებენ დაეშის მებრძოლები კულტურულ ღირსშესანიშნაობებს, თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ექსტრემისტების ვანდალურ ქმედებას უფრო მეტად კომერციული ხასიათი აქვს, ვიდრე უბრალოდ ეთნიკური იდენტობის განმსაზღვრელი ძეგლების განადგურებაა.

დონაცია

იმ პირობებში, როდესაც კონტრტერორისტული კოალიციების სპეცოპერაციებს ვადევნებთ თვალს, შესაძლოა დაუჯერებლად მოგვეჩვენოს, თუმცა ფაქტია, რომ ტერორისტული დაჯგუფება "ისლამურ სახელმწიფოს" სიმპათიით განწყობილი დონორები საერთაშორისო დონეზეც ჰყავს. დაწყებული ერთეული პირებიდან, დასრულებული მთელი რიგი სპარსეთის ყურის სახელმწიფოებით.

ძარცვა, კონფისკაცია და ჯარიმები

გარკვეულ ტერიტორიებზე კონტროლის დამყარების შემდეგ, "ისლამური სახელმწიფო" თავის ბიუჯეტს ბანკებისა და მაღაზიების ძარცვითაც ამდიდრებს. იშვიათობას არც გარკვეულ უმცირესობას მიკუთვნებული პირებისთვის ქონების ჩამორთმევა წარმოადგენს. სხვადასხვა "დარღვევისთვის" კი საკმაოდ დიდი ჯარიმებია დაწესებული. საერთო ჯამში, ძარცვისა და დაწესებული ჯარიმებისგან, ტერორისტულმა დაჯგუფებამ 500 მილიონი დოლარიდან, მილიარდ დოლარამდე მოგება მიიღო. თუმცა, დროთა განმავლობაში, აღნიშნული მაჩვენებელი მკვეთრად შემცირდა.

საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ "დაეში" ფინანსურად და სამხედრო თვალსაზრისითაც ყველაზე ძლიერი 2014 წელს, სწორედ იმ პერიოდში იყო, როდესაც ექსპანსიური მოქმედებები "ისლამური სახელმწიფოს" სახელით დაიწყო.

myquiz