რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ევროპის ბალ-მასკარადი დასრულდა | Allnews.Ge

რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ევროპის ბალ-მასკარადი დასრულდა

ევროპის ბალ-მასკარადი დასრულდა, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სტამბოლში სიტყვით გამოსვლისას. აღნიშნულის შესახებ თურქული გამოცემა Hurriyet იუწყება.

"რაც ბოლო დროს ევროპაში ხდება გვიჩვენებს, რომ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლა ახალ ეტაპზე გადავიდა. ისინი, ვინც ცდილობდნენ ჩვენზე გავლენა მოეხდინათ ტერორისტული ჯგუფებისა და აგენტების გამოყენებით, ახლა ღიად დაგვიპირისპირდნენ. ჩემო ძმებო და დებო, ბალ-მასკარადი დასრულდა", - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

"მათ გვერდზე გადადეს დიპლომატია. ისინი საჭიროდაც არ თვლიან თავიანთი განზრახვა დამალონ და არც შეუძლიათ დამალონ ის დისკომფორტი, რომელსაც გრძნობენ იმის გამო, რომ თურქეთი უფრო ძლიერი ხდება", - აღნიშნა თურქეთის ლიდერმა.

"მივმართავ მათ, ვინც ხავერდოვან ხელთათმანში რკინის ხელს იყენებს: თურქეთთან არ გაგივათ ეს.

თურქეთი, რომელიც თავს იხრიდა თქვენი მუქარებისა და ტირანიის წინაშე, წარსულს ჩაბარდა. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ვინმემ ზიანი მიაყენოს ჩვენს მოქალაქეებს და ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც შეეცდება ამის გაკეთებას, შედეგებს თავის თავზე იგრძნობს", - ხაზგასმით აღნიშნა ერდოღანმა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ასევე აღნიშნა ის ფაქტი, რომ თურქული გამოცემა Daily Sabah-ის ჟურნალისტებს ევროპარლამენტში შესვლა აუკრძალეს.

"მსგავსი ქმედებებით ევროპელები ცდილობენ თურქეთის პროვოცირებას და რომ საპასუხო ნაბიჯები გადავდგათ. რა თქმა უნდა, ევროპაში თურქული გამოცემის საქმიანობის შეფერხება პასუხის გარეშე არ დარჩება", - დასძინა თურქეთის პრეზიდენტმა.

myquiz