ისრაელის თავდაცვის მინისტრი სირიას აფრთხილებს | Allnews.Ge

ისრაელის თავდაცვის მინისტრი სირიას აფრთხილებს

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა სირია გააფრთხილა, რომ ისრაელი გაანადგურებს სირიის საჰაერო თავდაცვის სისტემას თუ სირია საზენიტო რაკეტებს დაუშენს ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავებს.

"თუ სირია თავისი საჰაერო თავდაცვის სისტემებს გამოიყენებს ჩვენი თვითმფრინავების წინააღმდეგ, ჩვენ ყოყმანის გარეშე, სრულად გავანადგურებთ სირიის საჰაერო თავდაცვის სისტემებს", - განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ავიგდორ ლიბერმანმა ისრაელის საზოგადოებრივი რადიოს ეთერში.

ავიგდორ ლიბერმანმა ასევე აღნიშნა, რომ ნებისმიერ დროს, როდესაც ისრაელს ინფორმაცია ექნება "ჰეზბოლასთვის" იარაღის გადაცემაზე, ისრაელი ამას ხელს შეუშლის.

"ნებისმიერ დროს, როდესაც გამოვავლენთ შეიარაღების გადაცემის მცდელობას, ჩვენ ამას აღვკვეთავთ. ამ საკითხზე კომპრომისი არ იქნება", - აღნიშნა ავიგდორ ლიბერმანმა.

17 მარტს ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებმა სირიაში სამხედრო ობიექტებზე იერიში განახორციელეს. გავრცელებული ინფორმაციით, საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებიდან სირიის არმიამ ცეცხლი გაუხსნა ისრაელის ავიაციას, თუმცა ისრაელის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებმა მოახერხეს რაკეტების განეიტრალება.

სირიის არმიის განცხადებით, სირიის სამხედრო ძალებმა ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავი ჩამოაგდეს, რომელიც სირიის საჰაერო სივრცეში შეიჭრა.

ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსამსახურმა სირიის არმიის განცხადება თვითმფრინავის ჩამოგდებაზე უარყო.

myquiz