ტრამპი და წითელი ღილაკი: როგორ მიიღება ბირთვული დარტყმის გადაწყვეტილება | Allnews.Ge

ტრამპი და წითელი ღილაკი: როგორ მიიღება ბირთვული დარტყმის გადაწყვეტილება

20 იანვარს, აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს, მაყურებელმა სავარაუდოდ შენიშნა ბარაკ ობამას სიახლოვეს მყოფი სამხედრო ფორმაში გამოწყობილი პირი ხელჩანთით.

ჩემოდანს, რომელიც ხელჩანთაშია მოთავსებული, ხშირ შემთხვევაში, "ბირთვულ ფეხბურთის ბურთს" უწოდებენ. ის, დაახლოებით, 20 კილოგრამს იწონის და ყოველთვის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის სიახლოვესაა.

ინაუგურაციის მომენტისთვის, თეთრი სახლის ახალმა ლიდერმა, დონალდ ტრამპმა ამ ხელჩანთის მნიშვნელობაც იცოდა და სტრატეგიული ბირთვული თავდასხმის აქტივაციის კოდიც.

როგორც კი დონალდ ტრამპმა ფიცი დადო, სამხედრო ფორმაში გამოწყობილმა ხელჩანთის მცველმა, ბარაკ ობამას გარემოცვიდან ტრამპის გარემოცვაში გადაინაცვლა, რაც იმის მანიშნებელი იყო, რომ ამიერიდან დონალდ ტრამპი ერთადერთი ადამიანია, რომელსაც ბრძანების გაცემის შემთხვევაში, მილიონობით ადამიანისა და მთელი სახელმწიფოების განადგურება ერთ საათზე ნაკლებ დროში შეუძლია.

ამ შემთხვევაში ჩნდება ერთადერთი კითხვა, არსებობს თუ არა მექანიზმი, რომელიც აშშ-ის პირველი პირის გადაწყვეტილებას, აამოქმედოს ბირთვული იარაღი, წინ აღუდგება ?

ქვეყნის კონსტიტუციის მიხედვით, აშშ-ის პოლიტელიტაში არ მოიძებნება არც ერთი ადამიანი, რომელსაც პრეზიდენტისთვი ამ გადაწყვეტილების აკრძალვის უფლებამოსილება აქვს.

ბრძანების გაცემის მომენტიდან, მის შესრულებამდე, იქნება პროცესი, რომელშიც სხვა პასუხისმგებელი პირებიც იქნებიან ჩართულები. ალბათობა იმისა, რომ უკონტროლო პრეზიდენტი ერთპიროვნულად შეძლებს ატომური თავდასხმის განხორციელების გადაწყვეტილების მიღებას, მინიმალურია. თუმცა, მსგავსი პრეცედენტის შემთხვევაში, თავდაცვის მინისტრს შეუძლია, უარი განაცხადოს ბრძანების შესრულებაზე, თუ მას პრეზიდენტის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში ეჭვი შეეპარება, მაგრამ ეს სამხედრო ბუნტის ტოლფასი იქნება. პრეზიდენტს რჩება უფლება მაშინვე გაათავისუფლოს თავდაცვის მინისტრი და იმავე ბრძანების რეალობაში მოყვანა ახლა უკვე მინისტრის მოადგილეს დააკისროს.

ამის მიუხედავად, არის კიდევ ერთი გამოსავალი.

ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციის 25-ე დამატების თანახმად, ვიცე-პრეზიდენტს შეუძლია, განაცხადოს, რომ ქვეყნის პირველი პირი შეურაცხადია და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლია, თუმცა ამისთვის მას მინისტრთა კაბინეტის უმრავლესობამ უნდა დაუჭიროს მხარი.

როგორ მუშაობს "ბირთვული ღილაკი"?

ჩვენი წარმოდგენის საწინააღმდეგოდ უნდა ითქვას, რომ ჩემოდანში წითელი ღილაკის ნაცვლად, ბირთვული იარაღის გასააქტიურებლად საჭირო 4 ნივთია მოთავსებული:

1. 75-გვერდიანი "შავი წიგნი" ბირთვული თავდასხმის სხვადასხვა სცენარით

2. კიდევ ერთი შავი წიგნი პრეზიდენტის თავშესაფრების ჩამონათვალით

3. საგანგებო სიტუაციაში მოსახლეობასთან კავშირის სისტემის ამოქმედების 10-გვერდიანი ინსტრუქცია

4. ინდექსის ბარათი ამოცნობის კოდებით

აღნიშნულ ნივთებთან წვდომისთვის პრეზიენტმა საკუთარი ვინაობა შესაბამისი პლასტიკური ბარათით უნდა დაადასტუროს.

ბირთვულ ჩემოდანთან დაკავშირებული ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, აშშ-ის ერთ-ერთმა პრეზიდენტმა აღნიშნული პლასტიკური ბარათი დროებით დაკარგა, ანუ როგორც მოგვიანებით გაირკვა იმ პიჯაკის ჯიბეში დარჩა, რომელიც ქიმწმენდაში გაგზავნა.

აქვე უნდა აღნიშნოს, რომ "ბირთვული ფეხბურთის ბურთი" პირველად ჯონ კენედის პრეზიდენტობის ანუ კარიბის კრიზისისას გამოჩნდა.

მას შემდეგ, რაც არსებული "მენიუდან" პრეზიდენტი თავის სამიზნეს ამოარჩევს, შტაბების ხელმძღვანელების გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარის მეშვეობით, ბრძანებას პენტაგონის სამეთაურო შტაბს გადასცემს.

"ბიბისი"-ს ცნობით, ამერიკის შეერთებულ შტატებს, მხოლოდ მოსკოვის მიმართულებით 100 ბირთვული იარაღი აქვს დამონტაჟებული.

ამ ორი ქვეყნის ბირთვული არსენალი, მთელს მსოფლიოში არსებული ატომური ქობინის 90%-ს შეადგენს.

გამოცემის თანახმად, 2016 წლის სექტემბრისთვის, ყველაზე მეტი ბირთვული რაკეტა რუსეთს ჰქონდა, ატომური ქობინების რაოდენობა იქ 1796-ს აღწევს. ისინი საკონტინენტთაშორის ბალისტიკურ რაკეტებზეა განთავსებული. ამავე პერიოდისთვის, აშშ-ის არსენალში 1367 ბირთვული ქობინი ინახებოდა.

ბალისტიკური რაკეტის დღევანდელი სიჩქარის გათვალისწინებით, აშშ-სა და რუსეთს შორის, არსებული მანძილის დაფარვას 25-30 წუთი დასჭირდება.

ემუქრება თუ არა მსოფლიოს სპონტანური ბირთვული თავდასხმა- ნაკლებსავარაუდოა, თუმცა, საფრთხე ყოველთვის არსებობს, როდესაც მასობრივი განადგურების იარაღსა და მისი ამოქმედების უფლების მქონე პირს შორის მხოლოდ რამდენიმე მეტრია.

myquiz