მიხეილ სააკაშვილი - გავრცელებული ფოტოები დონალდ ტრამპის ინაუგურაციიდან ჩემი გარეთ გამოსვლის დროს არის გადაღებული | Allnews.Ge

მიხეილ სააკაშვილი - გავრცელებული ფოტოები დონალდ ტრამპის ინაუგურაციიდან ჩემი გარეთ გამოსვლის დროს არის გადაღებული

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამტკიცებს, რომ მედიით გავრცელებული ფოტოები მისი აშშ-ის ახალი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციიდან გამოსვლის დროს არის გადაღებული. როგორც მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუქში" წერს, მან და მისმა გუნდმა შესთავაზა უკრაინულ არხებს, გაეშუქებინათ დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე მისი დასწრება, თუმცა უარი მიიღეს.

"სამაგიეროდ, ახდენენ ტირაჟირებას ფოტოების, რომლებიც გადაღებულია რუსეთთან კავშირში მყოფი ადამიანების მიერ, სადაც მე ინაუგურაციის ცერემონიიდან გამომავალი, ველოდები ჩემი ჯგუფის დანარჩენ წევრებს. უნიჭოები დარჩებიან უნიჭოებად. მე არაფერი დასამტკიცებელი არ მაქვს. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მქონდა კონტაქტი ტრამპის გუნდთან, ბევრ მათგანს მე ვიცნობ პირადად და ვაპირებ მჭიდრო თანამშრომლობას უკრაინის მეგობრებთან, რომლებიც არიან აშშ-ის ადმინისტრაციაში, რა ინფორმაციაც არ უნდა გაავრცელონ ჩვენმა მტრებმა. ხან ჩუმად გადამიღებენ აეროპორტში, ხან ცერემონიიდან გამოსულს და შემდეგ გაავრცელებენ ათასგვარ სისულელეს.

ეს ყველაფერი ადასტურებს იმას, რომ ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართ და ჩვენს მტრებს ჩვენი ეშინიათ.

უმჯობესი იქნება მათ საკუთარი რესურსი უკრაინის საერთაშორისო პოზიციების განმტკიცებაში დახარჯონ და არა ჩემს დევნაში აეროპორტებსა თუ ტუალეტებში", - წერს მიხეილ სააკაშვილი.

ზოგიერთმა უკრაინულმა გამოცემამ გაავრცელა მიხეილ სააკაშვილის ფოტო და ინფორმაცია, სადაც ნათქვამია, რომ ოდესის ოლქის ექს გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი დონალდ ტრამპის დაცვამ ინაუგურაციაზე არ შეუშვა.

myquiz