რა ვითარებაა სირიაში ? | Allnews.Ge

რა ვითარებაა სირიაში ?

სირიელ ამბოხებულთა 30-ზე მეტი დაჯგუფება, "სირიის თავისუფალი არმიის" მეთაურობით, ხელს აწერს განცხადებას, რომლის თანახმადაც, ალეპოში დაბომბვების ესკალაცია რუსეთის არმიის მონაწილეობით, აზრს უკარგავს შემდგომ პოლიტიკურ მოლაპარაკებებს. ამის შესახებ "ბი-ბი-სი" იუწყება.

აღნიშნულ ძალთა განცხადებაში, რომელიც ამანში გამოქვეყნდა, საუბარია, რომ ბოლო დღეების განმავლობაში, ავიადარტყმების უპრეცედენტო კამპანიის შედეგად, ათობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

ამ პირობებში, დაჯგუფებები, რომლებიც თურქეთის, სპარსეთის ყურის არაბული სახელმწიფოებისა და დასავლური ქვეყნების მხარდაჭერით სარგებლობენ, მოლაპარაკებების პროცესს, რომელიც გაეროს ეგიდით და აშშ-სა და რუსეთის მონაწილეობით იმართება, უაზროდ მიიჩნევენ.

განცხადებაში ამბოხებულები ასევე აღნიშნავენ, რომ ვერ დათანხმდებიან რუსეთის როლზე, როგორც მოლაპარაკებათა სპრონსორისა, რადგან მიიჩნევენ, რომ ის ასადის რეჟიმის მოკავშირეა, რომელიც თავისი ხალხის წინააღმდეგ დანაშაულს სჩადის. ოპოზიცია სირიის არმიას, რომელსაც რუსეთის მხარდაჭერის იმედი აქვს, ქიმიური იარაღის გამოყენებაში ადანაშაულებს.

სირიის ტერიტორიაზე რუსეთის ქმედებები ბარბაროსობად შეაფასა გაერო-ს მუდმივმა წარმომადგენელმა სამანტა პაუერმაც. მისი თქმით, სირიაში კონფლიქტის დარეგულირება შეუძლებელი იქნება, სანამ მოსკოვი ომის გაგრძელებაზე იქნება ორიენტირებული.

საპასუხოდ გაერო-ში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ვიტალი ჩურკინმა განაცხადა, რომ აშშ-ს სირიაში სამშვიდობო ზავის შესრულების ხელშეწყობა არ სურს.

საგანგებო სხდომის დასრულების შემდეგ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა სირიის კონფლიქტში ჩართულ ყველა მხარეს მოუწოდა, უფრო აქტიურად იმუშავონ იმისთვის, რომ ალეპოში "კოშმარი" დასრულდეს.

სირიის ქალაქ ალეპოზე შეტევითი ოპერაციის დაწყებიდან დღემდე 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

ინფორმაციას ამის შესახებ სირიის ადამიანის უფლებების სადამკვირვებლო ცენტრი ავრცელებს.

სამოქალაქო აქტივისტების ცნობით, სირიის არმიის მიერ 19 სექტემბერს დაწყებულმა ოპერაციამ 213 ადამიანი იმსხვერპლა. მხოლოდ გუშინ საჰაერო იერიშების შედეგად 26 ადამიანი დაიღუპა. აქტივისტები არ გამორიცხავენ, რომ დაღუპულთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.

ალეპოში სიტუაციის გამწვავების გამო გუშინ საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის და აშშ-ს ინიციატივით გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართა. სამივე ქვეყნის წარმომადგენლებმა სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად მაშინ დატოვეს, როცა სიტყვით გაერო-ში სირიის მუდმივი წარმომადგენელი ბაშარ ჯაფარი წარდგა.

როგორც მან თავის გამოსვლაში განაცხადა, "ტერორიზმთან რეალური ბრძოლა ჯერ არ დაწყებულა".

 

 

myquiz