10 შესაძლო ომი, რომელიც "ისლამური სახელმწიფოს" განადგურების შემდეგ დაიწყება | Allnews.Ge

10 შესაძლო ომი, რომელიც "ისლამური სახელმწიფოს" განადგურების შემდეგ დაიწყება

ტერორისტულმა ორგანიზაციამ "ისლამური სახელმწიფო" ბოლო თვეებში სირიისა და ერაყის მნიშვნელოვან ტერიტორიებზე დაკარგა კონტროლი. ისლამისტების მოწინააღმდეგეები მათ მთავარ ქალაქებზე - რაქასა და მოსულზე ამზადებენ თავდასხმებს.

The Washington Post-ის ბეირუთის ბიუროს კორესპონდენტი ლიზ სლაი ასახელებს 10 შესაძლო ომს, რომლებიც რეგიონში "ისლამური სახელმწიფოს" განადგურების შემდეგ დაიწყება.

1. სირიელი ქურთები სირიელი არაბების წინააღმდეგ. სლაის თქმით, ეს კონფლიქტი, ფაქტობრივად, უკვე დაწყებულია. აგვისტოს ბოლოს თურქეთმა და მისმა მოკავშირე სირიელმა მეამბოხეებმა თურქეთ-სირიის საზღვარზე "ისლამური სახელმწიფოსაგან" ტერიტორიების განთავისუფლების ოპერაცია დაიწყეს. კამპანიის კიდევ ერთი სამიზნე სირიელი ქურთები გახდნენ, რომელთა ექსპანსია ამ რაიონში თურქეთის უკმაყოფილებას იწვევს. აშშ მხარს უჭერს კონფლიქტის ორივე მხარეს და შეტაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

2. თურქეთი სირიელი ქურთების წინააღმდეგ. ჯერჯერობით სირიაში თურქული არმიის მოქმედებები არაბებით დასახლებული ტერიტორიებით შემოიფარგლება. თუმცა, ლიზ სლაის აზრით, არაა გამორიცხული სირიელი ქურთებით დასახლებულ ტერიტორიებზე თურქეთის შეჭრა: საზღვარზე დე-ფაქტო დამოუკიდებელი ქურთული სახელმწიფოს არსებობა ანკარას ძალიან არ მოსწონს.

3. სირიის ხელისუფლება ქურთების წინააღმდეგ. უკანასკნელ დრომდე სირიის მთავრობა და ქურთები მოკავშირეებად ითვლებოდნენ - სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი არაერთხელ უსვამდა ხაზს იმას, რომ ქურთებს შეიარაღებას აწვდის. სლაის თქმით, სიტუაცია 2016 წლის გაზაფხულზე, სირიის ქურთისტანის ავტონომიის შესახებ განცხადების შემდეგ გაუარესდა. მხარეებს შორის რამდენიმე შეიარაღებული შეტაკებაც მოხდა.

4. აშშ სირიის წინააღმდეგ. სლაის აზრით, ეს ნაკლებად სავარაუდო ვარიანტია. "ეს ომი შეიძლება არაერთხელ დაწყებულიყო მას შემდეგ, რაც ბარაქ ობამამ ბაშარ ასადის ჩამოგდებისკენ მოუწოდა. ის, რომ აქამდე ეს ომი არ დაწყებულა, მეტყველებს მხარეთა სურვილზე აიცილონ კონფლიქტი", - წერს ლიზ სლაი. მიუხედავად ამისა, ამერიკული და სირიული ჯარები შესაძლოა ერთმანეთს "ისლამური სახელმწიფოს" "დედაქალაქ" რაქასთვის ბრძოლებში გადაეყარონ. არსებობს სხვა ადგილებიც, სადაც ისინი სხვადასხვა მხრიდან უტევენ ისლამისტების პოზიციებს.

5. თურქეთი სირიის წინააღმდეგ. თურქეთის ქმედებები სირიის ტერიტორიაზე ჯერჯერობით "ისლამურ სახელმწიფოსთან" და ქურთებთან ბრძოლით შემოიფარგლება; გარდა ამისა, თურქეთმა ურთიერთობების დალაგება დაიწყო ასადის ძირითად მოკავშირეებთან - რუსეთსა და ირანთან. მიუხედავად ამისა, "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ თურქული კამპანიის წარმატების შემთხვევაში, მეზობელი ქვეყნების ჯარები შესაძლოა, ერთმანეთს ალეპოს მახლობლად შეხვდნენ.

6. ერაყელი ქურთები ერაყის ხელისუფლების წინააღმდეგ. "ისლამურ სახელმწიფოსთან" ბრძოლის პერიოდში ერაყელმა ქურთებმა საგრძნობლად გაზარდეს საკუთარი ტერიტორიები იმ მიწების ხარჯზე, რომლებზეც ადრე ერაყის ხელისუფლების კონტროლის ქვეშ იყო. ისლამისტებზე გამარჯვების შემთხვევაში ბაღდადმა შესაძლოა, ამ ტერიტორიებზე კონტროლის დაბრუნება გადაწყვიტოს, მაგრამ ქურთებმა უკვე განაცხადეს, რომ არ აპირებენ ჩააბარონ მიწები, რომელთა გამოც სისხლი აქვთ დაღვრილი.

7. ერაყელი ქურთები შიიტების წინააღმდეგ. ერაყში არსებული შიიტური შეიარაღებული ფორმირებები, რომლებიც ირანის მხარდაჭერით სარგებლობენ, "ისლამური სახელმწიფოს" პოზიციებს სამხრეთიდან უტევენ, ხოლო ქურთები ჩრდილოეთიდან. სლაის ვარაუდით, დაბრუნებულ ტერიტორიებზე ქურთები და შიიტები ერთმანეთს უკვე რამდენიმეჯერ დაუპირისპირდნენ.

8. ქურთები ქურთების წინააღმდეგ. სავარაუდო ომის ერთ-ერთი ყველაზე რთული სცენარი, რომელიც სულაც არაა წარმოუდგენელი. 1990-იან წლებში ერაყულ ქურთისტანში უკვე მომხდარა სამოქალაქო ომი - დემოკრატიული პარტიისა და პატრიოტული კავშირის მხარდამჭერებს შორის. "ერთნი დაუძინებელი მტრები არიან ქურთების, რომლებიც ჩრდილოეთ სირიას აკონტროლებენ. მეორენი - სირიელი ქურთების მოკავშირეები არიან. ქურთების დაჯგუფებებს შორის კონფლიქტი მოსალოდნელია ერაყში, სირიაში ან ორივე ქვეყანაში ერთად", - ამბობს The Washington Post-ის კორესპონდენტი.

9. არაბი სუნიტები/შიიტებისა და/ან ქურთების წინააღმდეგ. არაერთი სუნიტური დასახლებული პუნქტი "ისლამური სახელმწიფოსგან" შიიტური და ქურთული შეიარაღებული ფორმირებების დახმარებით გათავისუფლდა. ტერორისტების განდევნის შემდეგ, ამ ტერიტორიებიდან სუნიტური მოსახლეობის ჩაგვრის, მათ შორის ძალადობრივ გადასახლებების და მასობრივი დაკავებების შესახებ ვრცელდება ინფორმაცია. ეს შეიძლება ახალი სუნიტური ამბოხის მიზეზი გახდეს.

10. "ისლამური სახელმწიფოს" ნარჩენები ყველას წინააღმდეგ. დასასრულს ლიზ სლაი წერს, რომ "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლები ჯერ კიდევ აკონტროლებენ დიდ ტერიტორიებს ერაყსა და სირიაში, მათ შორის მოსულსა და რაქას. ნებისმიერი, ზემოთ აღნიშული, სცენარის რეალიზება დაეხმარება "ისლამურ სახელმწიფოს" ისევ გაზარდოს საკუთარი გავლენა რეგიონში, მაგრამ ტერორისტების სრული განადგურების შემთხვევაშიც კი, გადაუჭრელმა კონფლიქტებმა შესაძლოა წარმოშვან ქაოსი, რომელმაც თავის დროზე "ისლამური სახელმწიფოს" შექმნა გახადა შესაძლებელი.

myquiz