ავსტრალიის არასრულწლოვანთა კოლონიაში პატიმრებს აწამებდნენ | Allnews.Ge

ავსტრალიის არასრულწლოვანთა კოლონიაში პატიმრებს აწამებდნენ

ავსტრალიის ერთ-ერთი სამაუწყებლო კომპანიის გადაცემაში, ქალაქ დარვინში მდებარე არასრულწლოვანთა კოლონიაში მომხდარი მოზარდის წამების ამსახველი კადრები გავრცელდა.

ვიდეომასალაში ნაჩვენებია 10 წლის მოზარდი, რომელიც შიშველ მდგომარეობაში, კარცერში იმყოფებოდა, მას ფიზიკური ძალადობის ნიშნები ეტყობოდა, თვალებს კი ცრემლსადენის გაზის ზემოქმედების გამო ვერ ახელდა.

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი მალკოლმ ტერნბული აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა და არასრულწლოვანთა კოლონიაში, მოზარდების მიმართ წამებისა და ღირსების შემლახველი ქმედებების მიზეზების გამოსავლენად ეროვნული გამოძიების ჩატარება მოითხოვა.

"მე, ისევე, როგორც ყველა ავსტრალიელი, ღრმად შემძრა ამ ამბავმა, შოკირებული ვარ დონ დეილის არასრულწლოვანთა კოლონიაში მომხდარი წამების ამსახველი კადრების ნახვით. მომხდართან დაკავშირებულ ყველა ფაქტს სიღრმისეულად გამოვიკვლევთ."- განაცხადა ქვეყნის მთავრობის მეთაურმა.

მალკოლმ ტერნბული საკითხთან დაკავშირებით ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებსაც შეხვდა.

ადვოკატის თქმით, რომელიც არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლ ორ ახალგაზრდას წარმოადგენს, ხელისუფლების მიერ ჩატარებული გამოძიება ძვირადღირებული და სიღრმისეული უნდა იყოს.

გადაცემაში არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის სხვა შემთხვევებზეც იყო საუბარი. 17 წლის დილან ვოლერი ნახევრადშიშველ დგომარეობაში, სკამზე იყო მიბმული, თავზე კი ტომარა ჰქონდა ჩამოფარებული.

ოფიციალური პირების განმარტებით, "გუანტანამოს სტილის" გამოყენება იმიტომ გახდა საჭირო, რომ მოზარდი საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენებას ცდილობდა. ვოლერის დედის განმარტებით, მისი შვილის საპატიმროში ყოფნის განმავლობაში, მასზე წამება მრავალჯერად ხასიათს ატარებდა.

ავსტრალიის ადამიანის უფლებათა კომისიის პრეზიდენტის, ჯილიან თრეიგის განმარტებით, გადაცემის მსვლელობისას გამოაშკარავებული ფაქტები ცხადყოფს, რომ სისტემას სერიოზული დაკვირვება და ცვლილებების განხორციელება სჭირდება.

ჯილიანის თქმით, ხელისუფლებას ძალადობის ფაქტები ოჯახში რომ აღმოეჩინა, მშობლების წინააღმდეგ, აღიძვრებოდა სისხლის სამართლის საქმე და მათ მშობლის უფლებებს ჩამოართმევდნენ.

ავსტრალიის პარლამენტის წევრების განცხადებით, წამებაში ბრალდებული ადამიანები კანონის სრული სიმკაცრთ უნდა დაისაჯონ.

myquiz