დაიძაბება თუ არა NATO-ს ორ წევრ ქვეყანას - თურქეთსა და აშშ-ის შორის ურთიერთობა | Allnews.Ge

დაიძაბება თუ არა NATO-ს ორ წევრ ქვეყანას - თურქეთსა და აშშ-ის შორის ურთიერთობა

თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ ვითარება კვლავაც უკიდურესად დაძაბულია. ამბოხებაში მონაწილეობის ბრალდებით 6000-მდე ადამიანია დაკავებული, თუმცა სპეცოპერაციები კვლავაც გრძელდება.

სამხედრო გადატრიალებაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულია გენერალი ბექირ ერჯან ვანი, რომელიც ავიაბაზა "ინჯირლიკს" მეთაურობდა. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუთ ჩავუშოღლუს განაცხადებით, "ინჯირლიკის" ბაზაზე რამდენიმე სამხედრო პირია დაკავებული. აღნიშნულ ავიაბაზას აშშ და მოკავშირეები სირიასა და ერაყში ავიადარტყმების განსახორციელებლად იყენებენ.

"ინჯირლიკის" ბაზის ბლოკირება ვაშინგტონში დიდ უკმაყოფილებას და წინააღმდეგობას გამოიწვევს", - განაცხადა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილმა მეორე მოადგილემ და ამერიკის ყოფილმა ელჩმა აზერბაიჯანში მეთიუ ბრაიზამ "ამერიკის ხმისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

ერდოღანისა და გიულენის დაპირისპირება - ვინ არის თურქეთის პრეზიდენტის მთავარი პოლიტიკური ოპონენტი

"მოსამართლეების ერთი მესამედი დაკავებულია, ჯერჯერობით უცნობია დაკავების საფუძველი, გავრცელებული ინფორმაციით მათ ფეთჰულა გიულენთან თანამშრომლობაში სდებენ ბრალს. გრძელდება წნეხი ამერიკელ სამხედროებზე, თურქეთის მთავრობა მათ საშუალებას არ აძლევს "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ საჰაერო ოპერაცია ჩაატარონ.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ ბაზას ელექტროენერგიის მიწოდებაც შეუწყდა.

ეს ძალიან ძლიერი მესიჯია", - განაცხადა მეთიუ ბრაიზამ, რომელიც მიიჩნევს, რომ "ინჯირლიკის" ბაზის ბლოკირება, რომლითაც ამერიკა და ნატო-ს წევრი სხვა სახელმწიფოები "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ კამპანიისთვის სარგებლობენ, ხელს შეუშლის თურქეთ-ამერიკის ურთიერთობებს, რაც "ვაშინგტონში დიდ უკმაყოფილებას და წინააღმდეგობას გამოიწვევს".

რის მიღწევას ცდილობს ერდოღანი და როგორ აისახება თურქეთსა და აშშ-ის შორის გაუარესებული ურთიერთობა რეგიონსა და საერთაშორისო პოლიტიკურ არენაზე, Allnews.ge საერთაშორისო პოლიტიკის სპეციალისტებს ესაუბრა.

"ხელისუფლებაში მოსვლის პერიოდიდან ერდოღანს აქვს პიროვნული სურვილი, თუ ვერ დაჩრდილავს, მინიმუმ ათათურქის დონეზე დარჩეს თურქეთის ისტორიაში, ამიტომ ის ცდილობს პიროვნული შეჯიბრი ათათურქსა და მის მოღვაწეობას შორის, რაღაცნაირად გახდეს ისტორიული.

რა მოხდა თურქეთში?!

მთლიანობაში, ბოლო დროინდელი მოვლენებით თუ ვიმსჯელებთ, ერდოღანი ცდილობს მოახდინოს ათათურქის სეკულარული ტრადიციების რევიზია და მასში შეიტანოს ისლამის ელემენტები, რომელიც ეწინააღმდეგება საერო ტრადიციებს, ნაკლებ შესაბამისობაშია დემოკრატიულ პრინციპებთან და ადამიანის უფლებებთან. ერდოღანმა აირჩია ავტორიტარული მმართველობის სტილი და ამით ცდილობს მეტოქეებზე ზეწოლის მოხდენას", - ამბობს პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი და აშშ სტრატეგიული პარტნიორები არიან, თუ დღევანდელი სიტუაცია გაგრძელდება, ამ ორი ქვეყნის ურთიერთობის დეგენერაციაა მოსალოდნელი.

"უკვე ასახელებენ ურთიერთობის იმ მოდელსაც, რაც შეიძლება სიტუაციის გაურესების შემთხვევაში აშშ-სა და თურქეთს ჰქონდეს, ეს შეიძლება იყოს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და პაკისტანს შორის არსებული ურთიერთობის მსგავსი ურთიერთობა, რომლებიც დღემდე რჩებიან სამხედრო და სტრატეგიულ მოკავშირეებად, მაგრამ მათ შორის დიდი განსვლაა.

რაც შეეხება ამ დაძაბული ურთიერთობის ფონზე საქართველოს პრივილეგიებს კავკასიის რეგიონში, არამგონია თურქეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა სერიოზულად გაუარესდეს.

გარკვეული დაძაბულობა იქნება, მგრამ არა იმ დონემდე, რომ მთლიანად გადაიხედოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა, ეს გამორიცხულია.

აშშ-სთვის თურქეთი დიდი და ძლიერი პარტნიორია, საქართველო კი ასეთ პარტნიორად არ მოიაზრება", - ამბობს კორნელი კაკაჩია.

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევათა ფონდის ექსპერტის, ნოდარ ხარშილაძის თქმით, ამ ეტაპზე ერდოღანი ცდილობს პენსილვანიაში გახიზნული თურქი სასულიერო ლიდერისა და საზოგადო მოღვაწის ფეთულა გიულენის მხარდამჭერებისგან გაწმინდოს სახელმწიფო უწყებები, "რომლებიც მისთვის რეალურ საფრთხეს წარმოადგენენ".

"თურქეთი და აშშ სტრატეგიული პარტნიორები არიან და ამ ფაქტს ვერაფერი შეცვლის.

სიტუაცია მოითხოვს, რომ ისინი იყვნენ სტრატეგიული პარტნიორები. იყო დრო, როდესაც ისინი ძალიან ახლოს იყვნენ ერთმანეთთან და იყო დრო, როდესაც მინიმალურ დონეზე იყო ეს პარტნიორობა დასული. თურქეთი აშშ-სგან გიულენის გადაცემას ოფიციალურად ითხოვს, რისი განხორციელებაც ნაკლებად სავარაუდოა აშშ-ს მხრიდან. რა თქმა უნდა, ამას კიდევ უფრო მოჰყვება თურქეთის მხრიდან მკაცრი განცხადებები.

რაც შეეხება ამ სიტუაციაში საქართველოს პოზიციას და პრივილეგიას, თუ რამდენად იქნება ის აშშ-სთვის მყარი დასაყრდენი რეგიონში, მე ვფიქრობ, ამ ეტაპზე საქართველოს ზედმეტ პროამერიკულობას ვეღარ დავაბრალებთ, რადგან ხელისუფლება აღარ არის გაცხადებულად პროამერიკული. ამ ქვეყანასთან საქართველოს ურთიერთობა თვითდინებაზეა გადასული, ძალიან ცოტა ინიციატივაა ამ მიმართულებით, ასე რომ არანაირ ცვლილებას არ ველოდები ამ ეტაპზე".

თეა ბეჟიტაშვილი

myquiz