ერდოღანისა და გიულენის დაპირისპირება - ვინ არის თურქეთის პრეზიდენტის მთავარი პოლიტიკური ოპონენტი | Allnews.Ge

ერდოღანისა და გიულენის დაპირისპირება - ვინ არის თურქეთის პრეზიდენტის მთავარი პოლიტიკური ოპონენტი

გუნდის წევრი და ერთგული მოკავშირე, რომელიც დაუძინებელ მტრად გადაიქცა - თურქეთის პირველი პირის, რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და ყოფილი იმამის, ფეთულა გიულენის დაპირისპირება კვლავ გრძელდება.

ქვეყნის ორ ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის უთანხმოება 2013 წელს დაიწყო. ერდოღანმა, რომელიც იმ დროისთვის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებდა, გიულენი მმართველ პარტიასა და სახელისუფლებო წრეებში კორუფციული გარიგებების გამოძიებაში და მასთან დაახლოებული პირების დაპატიმრებაში თანამონაწილეობაში დაადანაშაულა. 

ამასთან, თურქულ საზოგადოებაზე, მედიაზე, პოლიციასა და სასამართლო სისტემაზე გიულენის მოძრაობა "ჰიზმეთის" ძლიერი გავლენა აღმოაჩინა და საპასუხოდ "ჰიზმეთის" სკოლების დახურვა, არმიის "გაწმენდა" და სამართალდამცველების გათავისუფლება დაიწყო.

თურქმა მწერალმა, აჰმეთ სიკმა ერდოღანსა და გიულენს შორის არსებული ურთიერთობა ძალდატანებულ ქორწინებად შეაფასა, რომელიც ოჯახში პირველობისა და ძალაუფლების მოპოვების გზაზე განქორწინებით დასრულდა.

ერდოღანმა აშშ-ს ფეთჰულა გიულენის ექსტრადიცია მოსთხოვა

ადამიანი, რომელიც თურქეთის იმჟამინდელ პრემიერ-მინისტრს სამხედრო გადატრიალებების ჩახშობაში ეხმარებოდა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში უკვე ორჯერ დაადანაშაულა.

"სახელმწიფო მოღვაწისთვის, რომელიც გამუდმებული სამხედრო გადატრიალებების მსხვერპლი იყო, თურქეთის პრეზიდენტის მიერ წამოყენებული ბრალდება განსაკუთრებით შეურაცხმყოფელია."- აღნიშნული განცხადება ფეთულა გიულენმა რამდენიმე დღის წინ გააკეთა და თურქეთში მიმდინარე პროცესებში თანამონაწილეობა კატეგორიულად უარყო.

75 წლის გიულენი მოღვაწეობის ყველა ეტაპზე, ლიბერალური მისწრაფებებით, დემოკრატიული პრინციპებისადმი ერთგულებით, სეკულარული მიდგომითა და ალტრუიზმით გამოირჩეოდა.

იმამი, რომელიც ტოლერანტულ ისლამს ქადაგებს, შრომისმოყვარეობისა და განათლების პოპულარიზებას ეწევა

- ასე აფასებს ფეთულა გიულენს ინგლისურენოვანი მედია.

თუმცა, წამყვანი დასავლური მედიასაშუალებები საკუთარ მოსაზრებაში მარტონი არ არიან. 2008 წელს ყოფილმა იმამმა 100 ყველაზე მოაზროვნე ადამიანის სიის პირველი ადგილი დაიკავა, 2013 წელს TIME-მა 100 გავლენიანი ადამიანის სიაში შეიყვანა. მარტინ ლუთერ კინგის საერთაშორისო სამლოცველომ კი მშვიდობისა და ადამიანის უფლებების პოპულარიზაციისთვის მშვიდობის ჯილდო გადასცა.

რა მოხდა თურქეთში?!

2 წლის წინ, ბი-ბი-სი-ს რეპორტიორის მიერ დასმულ კითხვაზე, თურქეთში დაბრუნების შემთხვევაში ვის დაუჭრდა მხარს საპრეზიდენტო არჩევნებში, გიულენმა უპასუხა:

"მოსახლეობისთვის რჩევის მიცემა რომ მინდოდეს, ვეტყოდი, რომ საკუთარი ხმა დემოკრატიის მხარდაჭერისთვის მიეცათ, კანონის უზენაესობა აერჩიათ და თანადგომა მისთვის გამოეცხადებინათ, ვისაც ამომრჩევლისადმი პატივისცემა და კარგი დამოკიდებულება გააჩნია. მაგრამ მე ვერ ვუბიძგებ ამომრჩეველს, მხარი დაუჭიროს რომელიმე კონკრეტულ კანდიდატს, რადგან ეს მათი ინტელექტის უპატივცემულობა იქნებოდა."- თქვა გიულენმა.

ყოფილმა იმამმა და საზოგადო მოღვაწემ მისი ბრალეულობის ან უდანაშაულობის დამტკიცება მოსახლეობასა და საერთაშორისო ორგანიზაციას უაპელაციოდ მიანდო.

რეჯეფ ტაიფ ერდოღანის პოლიტიკური ოპონენტი საკუთარ "იმპერიაში" 100-ზე მეტ ქვეყანაში სკოლებისა და უნივერსიტეტების ქსელს აერთიანებს, მისი მომხრეები კი თურქეთის ერთ-ერთ ტელევიზიას, რეიტინგულ ყოველდღიურ გამოცემას, ოქროს საბადოსა და თურქულ ბანკსაც კი ფლობენ.

იოჰანეს ჰანი - თურქეთში დასაკავებელ პირთა სია წინასწარ იყო გამზადებული

მიუხედავად ამისა, ფეთულა გიულენი ამერიკის შეერთებულ შტატებში თვითნებურ დევნილობაში ცხოვრობს, ცნობისმოყვარე ჟურნალისტებთან შეხვედრას ერიდება და მის თურქეთში ექსტრადიციასთან დაკავშირებით თეთრი სახლის გადაწყვეტილებას ელოდება.

 

მოამზადა სალომე აბულაშვილმა

myquiz