როგორ იშოვა დონალდ ტრამპმა მილიარდები? | Allnews.Ge

როგორ იშოვა დონალდ ტრამპმა მილიარდები?

მილიარდერ დონალდ ტრამპს, რომელიც აშშ-ის პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურად მონაწილეობს, უყვარს თავის სიმდიდრეზე საუბარი.

"ძალიან მდიდარი ვარ, ფულის კეთება ყოველთვის შემეძლო", - აცხადებს ის მხარდამჭერებთან შეხვედრებზე.

ტრამპის თქმით, მისი ქონება ათ მილიარდ აშშ დოლარს აღემატება, თუმცა, სინამდვილეში არავინ იცის, რამდენს ფლობს ექსტრავაგანტული პოლიტიკოსი.

ჟურნალ "ფორბსის" შეფასებით, ტრამპის ქონება 4,5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, "ბლუმბერგის" მილიარდერთა ინდექსის თანახმად კი, ეს თანხა 2,9 მილიარდი აშშ დოლარია.

მამის მემკვიდრეობა

გასული წლის ოქტომბერში დონალდ ტრამპმა უამბო ამომრჩეველს, რომ ბიზნესის კეთება მამამ დააწყებინა, რომელმაც მას ერთი მილიონი აშშ დოლარი დაუტოვა. საინტერესოა, რომ როდესაც ტრამპის მამამ, ფრედ ტრამპმა ნიუ-იორკის რაიონებში უძრავი ქონებით ვაჭრობა დაიწყო, მისი ქონება ასევე ერთ მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა.

გვენდა ბლერი, რომელიც წიგნ "ტრამპების" ავტორია, ამბობს, რომ ფრედ ტრამპი ყოველთვის ცდილობდა ფულის დაზოგვას და მისი შვილი ამას მამისგან სწავლობდა.

"დონალდ ტრამპი მამამისის რესურსებს იყენებდა. მას სჭირდებობოდა მამის ხელმოწერა საკრედიტო შეთანხმებებზე, იყენებდა მამის კავშირებს საბანკო სფეროსა და პოლიტიკის სამყაროში", - ამბობს ის.

უძრავი ქონება

დონალდ ტრამპის პირველი მსხვილი პროექტი სასტუმრო Commodore იყო, რომელიც მან 1976 წელს შეიძინა. იმ პერიოდში ნიუ-იორკი მდიდარი ტურისტებისთვის მიმზიდველი ადგილი არ იყო, სასტუმროს კი სახელმწიფოს წინაშე 1,5-მილიონიანი ვალი ჰქონდა, ამიტომ ტრამპისთვის ეს გარიგება ძალზე სარისკო იყო.

თუმცა, მან მიაღწია იმდენს, რომ ნიუ-იორკის ხელისუფლებამ სასტუმროსთვის 40-წლიანი საგადასახადო შეღავათები დააწესა, რამაც ტრამპს 160 მილიონი დოლარის დაზოგვის საშუალება მისცა. 1996 წელს მან სასტუმროს ნახევარი 142 მილიონ დოლარად გაყიდა.

ტრამპმა გააგრძელა ნიუ-იორკში უძრავი ქონების შეძენა და სასტუმრო პლაზა, ასევე მანჰეტენის ბანკის ყოფილი შენობა შეიძინა. მის ყველაზე ძვირადღირებულ შენაძენად, დღემდე მეხუთე ავენიუზე მდებარე 58-სართულიანი შენობა Trump Tower-ი მიიჩნევა, რომელიც 1983 წელს აშენდა. ამ შენობაში მდებარეობს ტრამპის კომპანიის Trump Organization-ის სათავო ოფისი, თავად მილიარდერი კი, ოჯახთან ერთად ცათაბრჯენის ზედა სართულებზე ცხოვრობს.

ბრენდის შექმნა

დონალდ ტრამპის ქონება მეტწილად დამოკიდებულია ბრენდ "ტრამპის" ფასეულობაზე. 1980-იანი წლებში დონალდ ტრამპის ორგანიზაციამ დაიწყო ვაჭრობა ლიცენზიებით ტრამპის სახელის გამოყენებაზე და ამით მილიარდერის ცნობადობა კიდევ უფრო გაიზარდა.

დღემდე, ბევრი კომპანია ტრამპს უხდის იმისთვის, რომ მისი გვარი გამოიყენოს, მაგალითად, Trump Ocean Club და Trump Fine Foods, რომლებთანაც მილიარდერს არანაირი კავშირი არა აქვს.

კიდევ უფრო დიდი პოპულარობა ტრამპმა 1987 წელს მოიპოვა, როდესაც გამოაქვეყნა წიგნი სახელწოდებით "გარიგების ხელოვნება".

საქმიანი სტილი

მამამისის მსგავსად, დონალდს აქვს რეპუტაცია ადამიანის, რომელიც ყველა ცენტს ზოგავს.

"ბოლომდე ვიბრძვი იმისთვის, რომ რაც შეიძლება ნაკლები გადავიხადო", - ამბობს ის.

ტრამპის ასეთი მიდგომა რამდენიმე გახმაურებული სასამართლო პროცესის მიზეზი გახდა, მას ედავებიან ყოფილი თანამშრომლები და საპენსიო ფონდები. სასამართლოს ტრამპიც მიმართავს, მაგალითად, მან Deutsche Bank-ის წინააღმდეგ შეიტანა სარჩელი, რადგან ბანკმა დამატებითი სესხი არ მისცა.

1990-იან წლებში ტრამპის კომპანიებს 3,5 მილიარდი აშშ დოლარის ვალი ჰქონდათ, თუმცა ტრამპმა მიაღწია იმდენს, რომ კრედიტორებმა ვალების ნაწილი ჩამოაწერეს.

ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ტრამპი დაზარალდა, 1991 წელს, კაზინო "ტრამპ ტაჯ-მაჰალის" გაკოტრების დროს მოხდა. 900-მილიონიანი ვალის გასასტუმრებლად დონალდ ტრამპს ავიაკომპანიისა და იახტის გაყიდვა მოუწია.

ტრამპის წარმატება

Trump Organization-ის წარმატების ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ მილიარდერი ყოველთვის მზად იყო თავისი სახელი გაეყიდა ნებისმიერი პროექტისთვის, იქნებოდა ეს შენობა თუ ხორცის ბიზნესი.

თუ ტრამპის ბრენდი მომავალშიც იქნება სიმდიდრისა და წარმატების სინონიმი, ეს მისი ბიზნესის წარმატებასაც უზრუნველყოფს. მაგრამ თუ ტრამპმა დიდ პოლიტიკაში შეძლო მოსვლა, უცნობია როგორ აისახება ეს მის საქმიან იმიჯზე.

 

Washington Post-ის ინტერვიუ 2016 წლის ერთ-ერთ მთავარ საფრთხედ დასახელებულ დონალდ ტრამპთან

"სუპერსამშაბათის" შედეგები აშშ-ში - რას მოუტანს საქართველოს ტრამპის ან კლინტონის გამარჯვება

დონალდ ტრამპი ვერ იქნება პრეზიდენტი, ვინაიდან პრეზიდენტობა სერიოზული საქმეა - ბარაქ ობამა

myquiz