რა ბედი ელის ადოლფ ჰიტლერის მშობლიურ სახლს | Allnews.Ge

რა ბედი ელის ადოლფ ჰიტლერის მშობლიურ სახლს

ავსტრიის მთავრობას ადოლფ ჰიტლერის სახლის კონფისკაცია სურს. ამის შესახებ "ბიბისი" წერს. ხელისუფლების განცხადებით, ფაშისტური გერმანიის ლიდერის მშობლიური სახლი ნაცისტური სიმპატიების გაძლიერებას იწვევს, ამიტომაც გეგმავენ იგი კერძო პირისგან საკუთრებაში სახელმწიფოს გადაეცეს.

ჰიტლერი ქალაქ ინის ბრაუნაუში მდებარე სახლში 1889 წლის აპრილში დაიბადა. აღნიშნული საცხოვრებელი სახლი 1972 წელს მთავრობამ იჯარით აიღო და იქ გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის გაკუთვნილი ცენტრი იყო განთავსებული. 2011 წლიდან კი მთავრობასა და სახლის მეპატრონეს შორის დავის გამო, შენობა დაიცალა.

"ჩვენ ახლა ვმუშაობთ კანონის მიღებაზე, რომელიც სახლის მესაკუთრეს შეცვლის და იგი ავსტრიის რესპუბლიკის საკუთრებაში გადავა. დავასკვენით, რომ კონფისკაცია არის ერთადერთი გზა იმისათვის, რომ თავიდან ავირიდოთ შენობის ნაცისტური მიზნებისთვის გამოყენება", - განაცხადა ავსტრიის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.

მ დრომდე ჰიტლერის მშობლიური სახლის გადაკეთების არაერთი ვერსია არსებობდა. მათ შორის იყო იდეა შენობა საცხოვრებელ სახლად გადაეკეთებინათ, ასევე ახალგაზრდების განათლების ცენტრად, მუზეუმად და ა.შ.

ამასთან, რუსეთი გარკვეული პერიოდის განმავლობაში ითხოვდა მისთვის მიეყიდათ, რათა შემდეგ დაენგრიათ იგი.

ადოლფ ჰიტლერი ფაშისტურ გერმანიას 1933 წლიდან 1945 წლამდე მართავდა. მის სახელს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული მოვლენა ებრაელების გენოციდი უკავშირდება.

myquiz