სომხეთ-აზერბაიჯანის "სადაო მიწა" - როგორ დაიწყო მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი | Allnews.Ge

სომხეთ-აზერბაიჯანის "სადაო მიწა" - როგორ დაიწყო მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი

აზერბაიჯანისა და მთიანი ყარაბაღის ე. წ. საზღვარზე რამდენიმე დღეა ინტენსიური ბრძოლა მიმდინარეობს. შეიარაღებული დაპირისპირება სადაო ტერიტორიის გამო 2 აპრილს განახლდა და ამ დრომდე გრძლედება. ვრცელდება ინფორმაცია დაჭრილთა და დაშავებულთა შესახებ.

მთიანი ყარაბაღის ისტორიითა და ამ ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხის წარსულით, ALLNEWS.GE-ი დაინტერესდა. სააგენტო ისტორიკოსს, პროფესორ დიტო შველიძეს ესაუბრა. მისი განმარტებით, დღეს შეუძლებელია იმის თქმა, რომ აღნიშნული ტერიტორია ისტორიულად ან სომხეთს ან აზერბაიჯანს მიეკუთვნებოდა.

მთიანი ყარაბაღის ტერიტორია საუკუნეების მანძილზე სადაოდ იყო მიჩნეული. ორივე მხარეს საკუთარი არგუმენტები გააჩნდათ ტერიტორიის ფლობასთან დაკავშირებით.

მივყვეთ ქრონოლოგიურად:

დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ოდესღაც, ძალიან ადრე ქრისტიანი ალბანელები ცხოვრობდნენ. მე-11-ე საუკუნეში აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხი გამაჰმადიანდა. ალბანელები კი ან ძალიან ცოტანი დარჩნენ ან საერთოდ გადაგვარდნენ. სწორედ მეთერთმეტე საუკუნემდე განიხილებოდა მთიანი ყარაბაღი სომხეთის ტერიტორიად. მე-11-ე, მე-12-ე საუკუნიდან, როდესაც ტერიტორიაზე მაჰმადიანობა შემოდის და ჯერ თურქ-სელჩუკები და შემდეგ ირანი ბატონდება, ტერიტორიის რომელიმე სახელმწიფოზე მიკუთვნება თანდათან უფრო ბუნდოვანი ხდება.

მოგვიანებით, მე-19-ე საუკუნეში ტერიტორიები რუსეთმა დაიპყრო. ჩამოყალიბდა გუბერნიები. ყარაბაღის რეგიონი ერევნის გუბერნიაში შედიოდა და მოსახლეობის უმრავლესობა ამ დროისთვის სომხური იყო, თუმცა, ტერიტორიაზე აზერბაიჯანელებიც ცხოვრობნენ.

1918-21 წლებში დამოუკიდებლობა მოიპოვა აზერბაიჯანმაც და სომხეთმაც, ამ პერიოდში მთიანი ყარაბაღი სომხეთის დაქვემდებარებაში დარჩა.

ყველაფერი მაინც 1921 წლიდან იწყება. ამავე წლის 16 მარტის ხელშეკრულებით, ოსმალეთმა და რუსეთმა ამიერკავკასია გაიყვეს, რის შედეგადაც ყარაბაღი ცალსახად აზერბაიჯანის კუთვნილებაში შევიდა. კონფლიქტის გამომწვევი უშუალო მიზეზი ყარაბაღის აზერბაიჯანისთვის ცალსახად მიკუთვნება იყო.

საბჭოთა კავშირის არსებობის წლებში  ყარაბაღი აზერბაიჯანის რესპუბლიკის კუთვნილებაში იყო. 1988 წელს ძველმა ჭრილობებმა გაიღვიძა და სომხეთის ინიციატივით შეიარაღებული ბრძოლა დაიწყო. ეს ომი რამდენიმე წელი გრძელდებოდა. მიმდიონარეობდა მასობრივი სისხლიანი დაპირისპირება, რომელიც 1994 წელს ზავით დასრულდა.

1994 წელს ხელი მოეწერა ხელშეკრულებას. ომის დასრულების შემდეგ, შეიქმნა მინსკის სამუშაო ჯგუფი, რომელშიც კონფლიქტის მოსაგვარებლად რამდენიმე სახელმწიფო გაერთიანდა. თუმცა, კონფლიქტი წლების მანძილზე გაყინული იყო და აზერბაიჯანი ტერიტორიის დასაბრუნებლად დროს უცდიდა .

მთიანი ყარაბაღი დღეს დამოუკიდებელი წარმონაქმნია, არაღიარებული სახელმწიფო, რომელიც რეალურად სომხეთს ექვემდებარება. თუმცა, ოფიციალურად მთიანი ყარაბაღი სოიმხეთს არ შეერთებია.

ტერიტორიაზე მოსახლეობის უმრავლესობა სომეხია, თუმცა, მცირე რაოდენობით აზერბაიჯანელებიც ცხოვრობენ. მათი დიდი ნაწილი 1988 წლის ომის პერიოდში გადასახლდა აზერბაიჯანში.

სისხლიანი დაპირისპირებისას აზერბაიჯანს თურქეთი, სომხეთს კი რუსეთი ეხმარება. იმასაც ამბობენ, რომ ფარულად და პერიოდულად იარაღით ორივე მხარე რუსეთისგან მარაგდება.

ქრისტინე გამთენაძე

 

რა საფრთხე ემუქრება საქართველოს ყარაბაღის კონფლიქტის გამწვავების შემთხვევაში

 

 

myquiz