რა შეიცვლება ევროკავშირში ბრიუსელის ტერაქტების შემდეგ | Allnews.Ge

რა შეიცვლება ევროკავშირში ბრიუსელის ტერაქტების შემდეგ

22 მარტის ბრიუსელის ტერაქტებმა აჩვენა, რომ ევროპა ტერორიზმთან გამკლავებას ვერ ახერხებს. ევროპის მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ტერორიზმის საფრთხე უკვე ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდა. ამის შესახებ ანალიტიკური კომპანია stratfor-ის სტატიაშია აღნიშნული.

როგორც ავტორი წერს, ტერორიზმის საფრთხის ზრდის გამო საფრთხე ექმნება შენგენის შეთანხმებას, რომელიც ქვეყნებს შორის სასაზღვრო კონტროლის გაუქმებასა და თავისუფალ გადაადგილებას გულისხმობს. ამასთან, შიშის ზრდა კონტინენტზე სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისების გამწვავებას შეუწყობს ხელს.

Stratfor-ის სტატიის მიხედვით, ბრიუსელის ტერაქტების პირველი შედეგი ევროკავშირის სასაზღვრო კონტროლთან დაკავშირებით ბლოკში ახალი დებატები იქნება. შენგენის შეთანხმება 2015 წლის დასაწყისში მიგრაციის კრიზისის გამო უკვე დადგა საფრთხის ქვეშ. პარიზში ნოემბერში განხორციელებულმა თავდასხმებმა ეს პროცესი კიდევ უფრო დააჩქარა, ვინაიდან როგორც ცნობილია, თავდამსხმელები საფრანგეთსა და ბელგიას შორის ისე გადაადგილდებოდნენ, რომ ვერავინ შენიშნა. შესაბამისად, პარიზის ტერატქების შემდეგ საფრანგეთმა და კიდევ რამდენიმე ქვეყანამ სასაზღვრო კონტროლი გაამკაცრა. ევროკომისიაში აცხადებენ, რომ შენგენის ზონაში სასაზღვრო კონტროლი 2016 წლის ბოლომდე უნდა გაუქმდეს. თუმცა, ბოლო თავდასხმებმა ნათელი გახადა, რომ ამ გადაწყვეტილების მიღება ცალკეული ქვეყნებისთვის საფრთხის შემცველი იქნება.

ანალიტიკური სტატიის ავტორი მიიჩნევს, რომ მოსალოდნელია დასავლეთ ევროპის ზოგიერთი ქვეყანა მალე ეროვნული უსაფრთხოების კანონმდებლობის შეცვლის შესახებ განაცხადოს, რაც ხელს შეუწყობს ახლო აღმოსავლეთიდან და ჩრდილოეთ აფრიკიდან კონფლიქტს გაქცეული მიგრანტების კონტროლს, რათა მათი სახელით ევროპაში ექსტრემისტებმა ვერ შეძლონ შეღწევა. ასევე გამკაცრდება დაზვერვის სამსახურების თანამშრომლობა მეზობელ ქვეყნებს შორის. ევროკავშირის წევრი ქვეყნები ტერორიზმთან ბრძოლას გააძლიერებენ ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ლიბია და სირია. ამას გარდა, ევროპული ქვეყნები უფრო მეტად მოინდომებენ საკუთარი წვლილი შეიტანონ "ისლამურ სახელმწიფოსთან" ბრძოლაში. მეტი იარაღი გაგზავნონ, ქურთი და ერაყელი სამხედროების წვრთნები გააძლიერონ და თურქეთში ნატო-ს სამეთვალყურეო მისიაში აქტიური მონაწილეობა მიიღონ.

ამასთან  Stratfor-ის ანალიტიკოსი წერს, რომ ბრიუსელის ტერაქტების შემდეგ, ევროპული ქვეყნები თურქეთთან თანამშრომლობას გააღრმავებენ. თუმცა,  ევროპის ტერიტორიაზე განხორციელებული ბოლო ტერაქტი ანტიმუსლიმურ განწყობებს გააძლიერებს და თურქეთისათვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას ევროკავშირის უფრო მეტი ქვეყანა შეეწინააღმდეგება.

ანტიმუსლიმური განწყობები კონტინენტის მასშტაბით ნაციონალისტურ მოძრაობების გაძლიერებასაც შეუწყობს ხელს.

ასე მაგალითად, საფრანგეთის რადიკალური მემარჯვენე პოლიტიკური პარტია "ეროვნული ფრონტი" უკვე დიდი მხარდაჭერით სარგებლობს. გერმანიაში კი ანტიიმიგრაციული პარტია ქვეყანაში რიგით მესამე ყველაზე პოპულარული პოლიტიკური ძალა გახდა. ჩრდილოეთ ევროპის კიდევ რამდენიმე ქვეყანაში, მაგალითად ნიდერლანდებსა და შვედეთში საკმაოდ ძლიერი ნაციონალისტური მოძრაობებია.

ბრიუსელის ტერაქტები დიდი ბრიტანეთის მოსახლეობის განწყობაზეც აისახებაStratfor-ის ანალიტიკოსის თქმით, ამიერიდან უფრო მეტი ბრიტანელი დაუჭერს მხარს ევროკავშირიდან გასვლას.

და ბოლოს, ბრიუსელში ორი დღის წინ მომხდარი თავდასხმები ევროპის ეკონომიკაზეც მოახდენს გავლენას. თუმცა, მხოლოდ მოკლევადიან პერიოდში. მომდევნო დღეების განმავლობაში ადამიანების ნაწილი თავს აარიდებს ბელგიასა და დასავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში ჩასვლას, ასევე ხალხმრავალ ადგილებს, კაფეებსა და სავაჭრო ცენტრებს, რაც ამ დაწესებულებებისთვის ეკონომიკურ ზარალს გამოიწვევს.

myquiz