10 ყველაზე მასშტაბური ავიაკატასტროფა | Allnews.Ge

10 ყველაზე მასშტაბური ავიაკატასტროფა

დონის როსტოვში გვიან ღამით Fly Dubai-ის კუთვნილმა "ბოინგმა" დაშვებისას კატასტროფა განიცადა, რასაც 62 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთაგან 55 მგზავრია, დანარჩენი კი ეკიპაჟის წევრი იყო. თვითმფრინავი დუბაიდან როსტოვის მიმართულებით ასრულებდა რეისს. დაღუპულები სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები არიან.

მსოფლიოს ისტორიაში მსგავსი არაერთი ავიაკატასტროფა მომხდარა. გთავაზობთ ყველაზე მასშტაბური ავიაკატასტროფის მოკლე მიმოხილვას:

1. 1977 წლის 27 მარტს ესპანეთში, ლოს-როდეოსის აეროპორტში ორი ბოინგი - ერთი ამერიკული ავიაკომპანია "პანამის" მეორე კი ჰოლანდიური KLM-ის კუთვნილი თვითმფრინავი შეეჯახა ერთმანეთს, შედეგად 583 ადამიანი დაიღუპა. პილოტების მიერ დისპეტჩერის ბრძანების არასწორი ინტერპრეტაციის და ცუდი ამინდის გამო გაუარესებული ხედვის შედეგად, ამერიკული თვითმფრინავი ასაფრენ ბილიკზე აღმოჩნდა მაშინ, როდესაც მასზე ლაინერი იმყოფებოდა.

2. 1985 წლის 12 აგვისტოს იაპონიაში, გუმას პრეფექტურაში "ბოინგი 747"-მა კატასტროფა განიცადა. იგი იაპონურ ავიახაზებს ეკუთვნოდა. დაიღუპა 520 ადამიანი, გადარჩა ოთხი. აფრენის შემდეგ თვითმფრინავს კიჩო მოძვრა, შემდეგ კი მართვის ჰიდროსისტემები გამოვიდა მწყობრიდან. კატასტროფის მიზეზი უხარისხო რემონტი გახდა.

3. 1996 წლის 12 ნოემბერს ინდოეთის ქალაქ ჩარხი-დადრიში საუდის არაბეთის ავიახაზების "ბოინგი 747" ყაზახეთის ავიახაზების კუთვნილ თვითმფრინავს შეეჯახა. დაიღუპა 349 ადამიანი. თვითმფრინავებში შეტაკების გამაფრთხილებელი სისტემები არ იყო დაყენებული, ცუდი ინგლისურის გამო კი პილოტებმა არასწორად გაიგეს დისპეტჩერის მითითებები.

4. 1974 წლის 3 მარტს პარიზში თურქეთის ავიახაზების კუთვნილი თვითმფრინავი ჩამოვარდა. დაიღუპა 346 ადამიანი. ფრენის დროს სატვირთო განყოფილებას კარი მოძვრა, რამაც სალონის ჰერმეტულობის დარღვევა გამოიწვია და შედეგად პილოტებმა შტურვალის მართვა ვეღარ მოახერხეს.

5. 1980 წლის 19 აგვისტოს ერ-რიადში საუდის არაბეთის ავიახაზების კუთვნილ თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა, რის გამოც ლაინერმა ავარიული დაშვება განახორციელა. სხვადასხვა პრობლემის გამო კარის გაღება ვერ მოხერხდა, ევაკუაციაზე კი სახანძრო სამსახურმა დააგვიანა. შედეგად 301 ადამიანი გარდაიცვალა.

6. 2014 წლის 17 ივლისს დონეცკის ოლქში მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი "ბოინგი 777" ჩამოვარდა. ბორტზე 295 ადამიანი იმყოფებოდა, ყველა დაიღუპა. მომხდარში დასავლეთი რუსეთს და დონეცკში მოქმედ პრორუს მებრძოლებს ადანაშაულებს.

7. 2003 წლის 19 თებერვალს ირანში, ქალაქ ქერმანთან რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ისლამური რევოლუციის მცველების სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავი მთას შეეჯახა. დაიღუპა 275 ადამიანი.

8. 1979 წლის 25 მაისს ჩიკაგოს შტატში ამერიკული ავიახაზების კუთვნილმა ლაინერმა კატასტროფა განიცადა. აფრენის შემდეგ თვითმფრინავის მარცხენა ძრავა დაზიანდა. ეკიპაჟმა სიჩქარეს დაუკლო და ბოლოს ჩამოვარდა. დაიღუპა 273 ადამიანი.

9. 2001 წლის 12 ნოემბერს ნიუ-იორკში ამერიკული ავიახაზების კუთვნილი თვითმფრინავი ჩამოვარდა. დაიღუპა 265 ადამიანი. ლაინერი მის წინ აფრენილი თვითმფრინავის დატოვებულ კვამლში მოყვა, რამაც კატასტროფა განიცადა.

10. 1994 წლის 26 აპრილს იაპონიის ქალაქ ნაგოიას აეროპორტში ჩინური ავიახაზების კუთვნილი თვითმფრინავი ასაფრენ ზოლს დაეჯახა და აფეთქდა. გარდაიცვალა 264 ადამიანი. კატასტროფის მიზეზი ეკიპაჟის შეცდომა გახდა.

myquiz