არასრულწლოვანი მებრძოლები "ისლამური სახელმწიფოს" რიგებში | Allnews.Ge

არასრულწლოვანი მებრძოლები "ისლამური სახელმწიფოს" რიგებში

ამ ფოტოზე 11 წლის აბუ იმარა ალ-ამრია ასახული. მან "ისლამური სახელმწიფოს" დავალებით სირიის ქალაქ ალეპოსთან დანაღმული სატვირთო მანქანა ააფეთქა.  

საზარელი ინციდენტის ამსახველი ფოტოსურათები ISIS-ის პროპაგანდისტული მედიასაშუალებებით გასულ თვეს გავრცელდა.

11 წლის ბიჭუნას და კიდევ 88 სხვა ბავშვის შემზარავი სიკვდილის ფაქტი CTC Sentinel-ის ახალ ანგარიშშია აღწერილი, რომელიც "ისლამურ სახელმწიფო" "არასრულწლოვანთა ფაქტორზე" შეიცავს მონაცემებს.

ექსპერტები ამბობენ, რომ ტერორისტული დაჯგუფება თვითმკვლელების სახით არასრულწლოვნებს იყენებს.

"ბავშვებს არამხოლოდ იყენებენ სიკვდილით დასჯის შემზარავ ვიდეოებში, არამედ ისინი გამოიყენებიან ოპერატიული ფასეულობის თვალსაზრისით. იმის ფონზე რომ "ისლამური სახელმწიფოსთვის“ სიტუაცია სულ უფრო უარესობისკენ იცვლება, სამწუხაროდ უნდა ველოდოთ, რომ ეს ტენდენცია კიდევ უფრო გაიზრდება“, - აცხადებს ანგარიშის თანაავტორი ჩარლი ვინტერი, CNN-თან საუბარში.

ანგარიშის თანახმად, "ისლამური სახელმწიფო“ არასრულწლოვნებს ისეთივე სრულფასოვან ჯარისკაცებად განიხილავს, როგორც ზრდასრულებს. ეს ფაქტი უფრო ზრდის შანსს, რომ საერთაშორისო კოალიციის მხარდაჭერილ ძალებსა და "ისლამური სახელმწიფოს“ არასრულწლოვან მებრძოლთა შორის ბრძოლის ველზე უშუალო დაპირისპირება მოხდება.

ანგარიშის მზადების დროს, ამერიკელმა მკვლევარებმა შეისწავლეს "ისლამური სახელმწიფოს“ სოციალური ჯგუფები და მოიძიეს ინფორმაცია არასრულწლოვანთა ასაკის, დაბადების თარიღებისა და ეროვნების შესახებ. სტატისტიკა შემაშფოთებელია. აღმოჩნდა, რომ დაჯგუფებაში გაწევრიანებული ბავშვების უმრავლესობა სირიელია და მათი უმეტესობა ერაყში დაიღუპა.

89 შემთხვევიდან 39% დანაღმული ავტომობილის აფეთქების შედეგად დაიღუპა, 33% კი საბრძოლო მოქმედებების დროს.

ანგარიშის ავტორები განმარტავენ, რომ ხშირად არასრულწლოვნები "ისლამური სახელმწიფოს" სამხედრო ოპერაციებში მშობლების თანხმობით მონაწილეობენ.

"ეს არ არის დაძალება, რასაც აფრიკაში ვხედავთ. ამ ბავშვებს არ იტაცებენ, მათ არაფერს არ აიძულებენ... ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ფოტოებს ღიმილით იღებენ, ერთი შემთხვევის დროს კი, ბავშვი თავის აფეთქებამდე მშობლებს დაემშვიდობა", - ამბობს ანგარიშის თანაავტორი მია ბლუმი.

"ისლამურმა სახელმწიფომ" დიდი ხნის წინ განაცხადა, რომ აპირებს გაზარდოს ახალი თაობის ჯიჰადისტები, რომლებსაც "სახალიფოს ნაშიერებს" უწოდებს. დაჯგუფების პროპაგანდისტულ ინგლისუროვან ჟურნალ "დაბიქში" გამოქვეყნებული ერთ-ერთი პუბლიკაცია შეიცავს მოწოდებას დედებისთვის, რომ "ისლამური სახელმწიფოსთვის" გაწირონ შვილები.

ექსპერტების შეფასებით, ამ ეტაპზე "ისლამური სახელმწიფოს" რიგებში სულ მცირე 1 500 ბავშვია. რა გზით მოხდება მათი რეაბილიტაცია და როგორ შეძლებენ არასრულწლოვნები დაუბრუნდნენ ნორმალურ ცხოვრებას, ექსპერტების თქმით, ამაზე პასუხი ეჯრჯერობით არ არსებობს.

myquiz