ნავთობით მდიდარი ქვეყნები - ვის რამდენი "შავი ოქრო" მოეპოვება? | Allnews.Ge

ნავთობით მდიდარი ქვეყნები - ვის რამდენი "შავი ოქრო" მოეპოვება?

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ნავთობის ფასი 70-ზე მეტი პროცენტით შემცირდა, "შავი ოქრო" კვლავ მნიშვნელოვან ენერგორესურსს წარმოადგენს. გლობალურ პოლიტიკის ფორმირებას დღეს სწორედ ნავთობით მდიდარი ქვეყნები ახდენენ. ასეთ სახელმწიფოებს, ჩვენს დროში, დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვთ. ამასთან, ნავთობი მილიარდობით ინვესტიციებს იზიდავს.

საინტერესოა, მსოფლიოში ნავთობით რომელი ქვეყანაა მდიდარი და სად მოიხმარენ მას ყველაზე მეტად.

ნედლი ნავთობი მსოფლიოს მასშტაბით თითქმის ყველა ქვეყანაშია გარკვეული რაოდენობით. მთავარია მისი წარმოება. რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, ნედლი ნავთობის ყველაზე დიდი მარაგი ვენესუელას აქვს. 2014 წელს ამ ქვეყანამ საუდის არაბეთს გაუსწრო და მსოფლიოში ნავთობის ყველაზე დიდი რეზერვების ფლობით პირველი ადგილი დაიკავა. იგი დაახლოებით 298 მილიარდი ბარელი ნავთობის მფლობელია. მეორე ადგილს საუდის არაბეთი 268 მილიარდი ბარელით, მესამეს კი კანადა იკავებს - 173 მილიარდი ბარელით. ხუთეულში ასევე შედიან ირანი და ერაყი. ათეულში კი კუვეიტი, არაბთა გაერთიანებული საემიროები, რუსეთი, ლიბია და ნიგერია.

რაც შეეხება "შავი ოქროს" წარმოებას, ამ მხრივ მსოფლიოში პირველი ადგილი აშშ-ის უკავია. იგი დღეში საშუალოდ 13,7 მილიონ ბარელს აწარმოებს, მეორე ადგილზე საუდის არაბეთია დღეში 11,9 მილიონი ბარელის წარმოებით. ხოლო მესამე პოზიციაზე მსოფლიოში ენერგორესურსებით ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქვეყანა რუსეთია, რომელიც დღეში საშუალოდ 11 მილიონ ბარელ ნავთობს აწარმოებს.

მოხმარების მხრივაც პირველ ადგილს აშშ-ი იკავებს. ეს ქვეყანა დღეში საშუალოდ 18 961 000 ბარელ ნავთობს მოიხმარს. ამასთან, დაახლოებით 9 მილიონი ბარელის ოდენობის ნავთობის იმპორტს, ხოლო 629 000 ბარელი ნავთობის ექსპორტს ახორციელებს.

მოხმარების მხრივ, მეორე ადგილს ჩინეთი იკავებს. იგი დღეში დაახლოებით 10,400 ათას ბარელ ნავთობს მოიხმარს. მესამეზე გასული იაპონია კი 4-ნახევარ მილიონ ბარელს.

ნავთობზე ფასების დაცემამ მნიშნელოვანი ზიანი მიაყენა "შავი ოქროს" მწარმოებელ ქვეყნებს. განსაკუთრებით კი ისეთებს, რომელთა ბიუჯეტი ძირითადად სწორედ ნავთობპროდუქტების ექსპორტით მიღებული შემოსავლებით ივსება. ასეთია, რუსეთი და აზერბაიჯანი. "შავ ოქროს" ფასის მკვეთრი დაცემის გამო, მოსკოვსა და ბაქოში ბიუჯეტის გადახედვაზეც დაიწყეს საუბარი.

რუსეთის ბიუჯეტი ისე იყო გაწერილი, რომ ერთი ბარელი ნავთობის ფასი 50 დოლარი უნდა ყოფილიყო. თუმცა, "შავი ოქროს" ფასი 30 დოლარამდე დაეცა. აღნიშნულის გამო, ეკონომისტების პროგნოზით რუსეთის ზარალი 2014-2017 წლებში 400 მილიარდ დოლარს მიაღწევს.

საერთაშორისო ექსპერტები იმედოვნებენ, რომ წლის ბოლომდე ნავთობის ფასი კვლავ აიწევს და 2 წლის წინანდელ ნიშნულს მიუახლოვდება.

თამთა ჯიჯავაძე

myquiz