XXI საუკუნის 5 ყველაზე მასშტაბური ტექნოგენური კატასტროფა | Allnews.Ge

XXI საუკუნის 5 ყველაზე მასშტაბური ტექნოგენური კატასტროფა

ტექნოგენური კატასტროფა ადამიანური ფაქტორით გამოწვეული ავარიაა, რომელიც ტექნოგენურ ობიექტზე ხდება. ტენოლოგიების განვითარებასთან ერთად, მსგავსი ტიპის კატასტროფები სულ უფრო დამანგრეველი ხდება, როგორც ადამიანური მსხვერპლის, ასევე ეკოლოგიისთვის მიყენებული ზიანის კუთხით.

Allnews.ge მკითხველს XXI საუკუნის 5 ყველაზე დამანგრეველ ტექნოგენურ კატასტროფაზე უამბობს, რომელთა შედეგებიც დღემდე იგრძნობა.

1. აფეთქება ფუკუშიმას ატომურ სადგურზე

ჩერნობილის შემდეგ ყველაზე მასშტაბური ტექნოგენური კატასტროფა 2011 წელს, იაპონიაში მოხდა. 11 მარტს ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში 9-ბალიანი მიწისძვრა მოხდა, რომელსაც ძლიერი ცუნამი მოჰყვა. სტიქიამ ფუკუშიმა 1-ის ატომურ სადგურზე ავარია გამოიწვია. წყალმა სადგურის 6-დან 4 რეაქტორი დატბორა და გაგრილების სისტემა დააზიანა.

შედეგად, ფუკუშიმა 1-ზე აფეთქებების სერია და რადიოაქტიური ნივთიერებების გაჟონვა მოხდა. ტრაგედიის შედეგად გარდაიცვალა 600 ადამიანი, ახლომდებარე რეგიონებიდან კი 100 000-ზე მეტი სამოქალაქო პირის ევაკუაცია განხორციელდა.

გაწმენდითი სამუშაოების დროს 300-მა ადამიანმა დასხივება მიიღო. ავარიის შედეგად იაპონია 74 მილიარდი აშშ დოლარით დაზარალდა. ექპერტების განცხადებით, კატასტროფის შედეგების აღმოსაფხვრელად სულ მცირე 40 წელიწადია საჭირო.

 

2. ნავთობის ჩაღვრა მექსიკის ყურეში

2010 წლის 20 აპრილს მექსიკის ყურეში, ლუიზიანას შტატის სანაპიროებთან, კომპანია BP-ის კუთვნილ წყალქვეშა ჭაბურღულის პლატფორმა Deepwater Horizon-ზე აფეთქება მოხდა, რამაც მისი ჩაძირვა გამოიწვია.

მეხანძრეებმა ცეცხლის ჩაქრობა მომხდარიდან 36 საათის შემდეგ შეძლეს. მაშინ კატასტროფის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, ოკეანეში კი ნავთობის 5 მილიონამდე ბარელი ჩაიღვარა. ნავთობის გადინების შეჩერება მხოლოდ 4 აგვისტოს შეძლეს.  ავარიის შედეგების აღმოსაფხვრელად რამდენიმე თვე გახდა საჭირო. ოკეანის ეკოსისტემა მნიშვნელოვნად დაზიანდა. ეს იყო კაცობრიობის ისტორიაში ნავთობის ჩაღვრის ყველაზე მასშტაბური შემთხვევა.

მეცნიერებმა ჭაბურღილის პლატფორმაზე მომხდარი აფეთქება აშშ-ის ისტორიაში ყველაზე დიდ ტექნოგენურ ავარიად შეაფასეს.

3. ქიმიური ნივთიერებების გაჟონვა საფრანგეთში

2001 წლის 21 სექტემბერს საფრანგეთის ქალაქ ტულუზაში, ქიმიურ კომბინატ AZF-ზე 300 ტონა ამონიუმის ნიტრატი აფეთქდა. კატასტროფა დამანგრეველი იყო - დაიღუპა 30, დაშავდა 3 000-ზე მეტი ადამიანი, ათასობით საცხოვრებელი სახლი და შენობა დაინგრა ან დაზიანდა, მათ შორის თითქმის, 80 სკოლა, 2 უნივერსიტეტი და 185 საბავშვო ბაღი, 40 000 ადამიანი უსახლკაროდ დარჩა.

ზარალის ოდენობამ 3 მილიარდი ევრო შეადგინა.

პასუხისმგებლობა ავარიისთვის AZF-ის კომბინატის ხელმძღვანელობას დაეკისრა, რომელმაც ფეთქებადი ნივთიერების უსაფრთხო შენახვა ვერ უზრუნველყო.

ტულუზაში მომხდარ ტრაგედიას 21-ე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ტექნოგენურ კატასტროფად მიიჩნევენ.

4. აფეთქება რუსეთის ჰიდროელექტროსადგურზე

2009 წლის 17 აგვისტოს რუსეთში, მდინარე ენისეიზე მდებარე საიანო-შუშენსკაიას ჰიდროელექტროსადგურზე რუსეთის თანამედროვე ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ტექნოგენური კატასტროფა მოხდა, რომელსაც 75 ადამიანი ემსხვერპლა.

17 აგვისტოს ჰიდროელექტროსადგურზე ერთ-ერთი ჰიდროაგრეგატი მწყობრიდან გამოვიდა, რამაც სადგურისა და მიმდებარე ტერიტორიის დატბორვა გამოიწვია.

კატასტროფის შედეგად ენისეის წყლებში 40 ტონაზე მეტი ძრავის ზეთი ჩაიღვარა. ავარიის შედეგების აღმოსაფხვრელად 2 700-მდე ადამიანის მობილიზება გახდა საჭირო.

ეს გახდა მსოფლიო ჰიდროენერგეტიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კატასტროფა.

5. ტიანძინის აფეთქება

2015 წლის 12 აგვისტოს ჩინეთის ქალაქ ტიანძინის პორტში, ერთ-ერთი ლოგისტიკური კომპანიის საწყობში, სადაც ქიმიური ნივთიერებები ინახებოდა, 30-წამიანი ინტერვალით 2 აფეთქება მოხდა.

აფეთქებები იმდენად ძლიერი იყო, რომ კოსმოსიდანაც კი ჩანდა. ადგილობრივი სეისმოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, დაფიქსირდა მიწისქვეშა ბიძგებიც.

აფეთქების შემდეგ ძლიერი ხანძარი გაჩნდა, რომელმაც  20 000 კვადრატული მეტრის ფართობი მოიცვა და ერთ-ერთი საცხოვრებელი რაიონი მთლიანად გაანადგურა.

კატასტროფის შედეგად 170-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 800-მდე კი დაშავდა, დაზიანდა 17 000 საცხოვრებელი სახლი. მომხდარის გამო, 6 000-ზე მეტ ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

ტიანძინში მომხდარი ტექნოგენური კატასტროფა ჩინეთის თანამედროვე ისტორიაში ყველაზე შემზარავ მოვლენად სახელდება.

myquiz