#SHAREGEORGIA - გახდი საქართველოს ციფრული ელჩი | Allnews.Ge

#SHAREGEORGIA - გახდი საქართველოს ციფრული ელჩი

პირველი ევროპელები, კოლხური ოქრომჭედლობის უნიკალური ნიმუშები, მეღვინეობის კულტურის ამსახველი უძველესი არტეფაქტები, ქართველ მეფეთა და დიდგვაროვანთა მემორიალური ნივთები, ქართული მხატვრობის შედევრები - ეს იმ ქართული ღირსშესანიშნაობების მცირედი ჩამონათვალია, რომელიც მსოფლიოს ციფრულ სამყაროში ვირუსულად გავრცელდება.

"გახდი საქართველოს ციფრული ელჩი" - ასე ჟღერს კამპანიის #ShareGeorgia მოწოდება, რომელიც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის ერთობლივი სოციალური პროექტია. კამპანია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის, ისტორიის, გეოგრაფიული მრავალფეროვნების და სხვა ღირსშესანიშნაობების შესახებ ინფორმაციის ციფრულ მედიაში ვირუსულად ჰეშთეგით #ShareGeorgia გავრცელებას გულისხმობს.

"ეს არის ის შემთხვევა, როცა ხელოვნება და ტექნოლოგია ერთამანეთს ხვდება და რაც ჩვენი პრიორიტეტული მიმართულებაა. დიდი მადლობა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს, რომ ამ პროექტის დაწყება შევძელით. ეს ხელს შეუწყობს როგორც ქვეყნის პოპულარიზაციას, ისე ქართულ ხელოვნებაში თანამედროვე მეცნიერული მეთოდოლოგიის შემოტანას. კამპანიის პრეზენტაცია სიმბოლურად დავით კაკაბაძის გამოფენის ფონზე ხდება. სწორედ კაკაბაძე იყო ერთ-ერთი პირველი საქართველოში, ვინც ხელოვნების და მეცნიერების ერთმანეთთან დაკავშირება მოახერხა," - აღნიშნა საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირეტქორმა დავით ლორთქიფანიძემ.

#ShareGeorgia-ს კამპანიაში ჩართვა სოციალური ქსელის ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია. მსურველმა უნდა გააზიაროს უნივერისტეტისა და მუზეუმის Facebook გვერდებზე გამოქვეყნებული პოსტები ან შექმნან საკუთარი ჰეშთეგით #ShareGeorgia. პოსტის ავტორმა სამი მეგობარიც უნდა მოიწვიოს.

"აღნიშნული პროექტი კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ შესაძლებლობები ხელოვნებაში, რომელსაც თანამედროვე ტექნოლოგიები გვაძლევს. სოციალური ქსელის საშუალებით, მაქსიმალურად ბევრ ადამიანს მიწვდება ინფორმაცია საქართველოსა და მისი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ და ეს რა თქმა უნდა, საქართველოს საზღვრებსაც გასცდება. აუცილებელია, რომ კულტურული მემკვიდრეობის გარდა, გაზიარდოს ქვეყნის სხვა მიღწევებიც, მათ შორის, ტურისტული, განათლების თუ სხვა კუთხით. ყველაზე მეტად გაგვიხარდება, რომ საზოგადოების წევრებმა თავად შექმნან პოსტები და მხოლოდ ჩვენი პოსტების გაზიარება არ მოხდეს.

ამ ყველაფრით საქართველოს პოპულარობის ზრდა მსოფლიო მასშტაბით ძალიან მარტივადაა შესაძლებელი, რაც საბოლოოდ ქვეყნის ეკონომიკსა და თითოეული ოჯახის კეთილდღეობაზე დადებითად იმოქმედებს," - თქვა ბიზნესისა და ტექნოლოგიების რექტორმა მიხეილ ბატიაშვილმა.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კამპანიაში ცნობილი ადამიანების და ასევე სოციალური ქსელის იმ მომხმარებლების ჩართვა, რომლებსაც ბევრი უცხოელი მეგობარი ჰყავთ. ფოტოგრაფის გოგა ჩანადირის თქმით, კამპანიაში ფოტოგრაფების როლი უდიდესია.

"კამპანია ShareGeorgia საქართველოს ცნობადობას მკვეთრად გაზრდის, განსაკუთრებით, უცხოეთში. ეს კი ბევრ დადებით ეფექტს მოიტანს. დიდი იქნება მისი ეკონომიკური სარგებელი. ჩემი აზრით, ჩვენ საქართველოს სახელის გავრცელება გვჭირდება. ამის მერე ყველაფერი დადებითისკენ შეიცვლება. ამ კამპანიის უდიდესი ნაწილი ფოტოები იქნება, ამიტომაც მე დიდი სიამოვნებით და აქტიურად ჩავერთვები პროექტში," - აღნიშნა ფოტოგრაფმა გოგა ჩანადირმა.

პოსტების ატვირთვა უკვე დაწყებულია. https://www.facebook.com/BTUGEORGIA/ - გაიზიარეთ ამ მისამართზე ატვირთულ პოსტები და გახდით თქვენი ქვეყნის ციფრული ელჩი. პროექტი წლის ბოლომდე გაგრძელდება და მასში მონაწილეობას კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციებიც მიიღებენ.

myquiz