მსოფლიოს 110 ქვეყანაში მოწევაზე შეზღუდვები მოქმედებს - როგორია საერთაშორისო გამოცდილება | Allnews.Ge

მსოფლიოს 110 ქვეყანაში მოწევაზე შეზღუდვები მოქმედებს - როგორია საერთაშორისო გამოცდილება

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით, თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონპროექტი მიიღო. საკანონმდებლო პაკეტის სრულად მიღებამდე 2 მოსმენა დარჩა, თუმცა, საკითხმა გამოხმაურება უკვე ჰპოვა.

ხშირად, ინიციატივის ავტორებს, მაგალითად, საერთაშორისო გამოცდილება მოაქვთ. Allnews.ge დაინტერესდა, თუ რა მდგომარეობაა თამბაქოს კონტროლის კუთხით მსოფლიოს სხვა ქვეყნებში? აღმოჩნდა, რომ მსოფლიოს დაახლოებით 110 ქვეყანაში თამბაქოს მოხმარებაზე შეზღუდვებია დაწესებული. 

როგორც აღმოჩნდა, მაგალითად, სომხეთში 2006 წელს მიიღეს თამბაქოს საჯარო და დახურულ სივრცეში მოწევის აკრძალვა, თუმცა, აღსრულების ეფექტიანი მექანიზმის არარსებობის გამო, აკრძალვა ფაქტობრივად უშედეგოა. ბულგარეთში, იგივე კანონი 2012 წელს მიიღეს. გერმანიის 16 რეგიონს, თამბაქოს მოხმარების შესახებ, საკუთარი ინდივიდუალური კანონი აქვს. ზოგ რეგიონში კანონი შედარებით მსუბუქია, ზოგან კი ძალიან მკაცრი.

ადგილები, სადაც მოწევა აიკრძალება

ნორვეგიაში, 1988 წლიდან, მოწევა შეზღუდულია საჯარო შენობებში, სამუშაო ადგილებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში. 2004 წლიდან კი მოწევა აიკრძალა ყველა დახურულ, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე, მათ შორის სახლში.

რუსეთს, დიდი ხნის განმავლობაში, მწეველთა მიმართ ტოლერანტული დამოკიდებულება ჰქონდა. თუმცა, 2013 წელს ნაწილობრივ, ხოლო 2014 წელს სრულად შევიდა ძალაში კანონი, თამბაქოს მოხმარების შეზღუდვის შესახებ. კანონი ითვალისწინებს შეზღუდვას, როგორც სამუშაო ადგილებზე, თვითმფრინავში, მატარებლებსა და მუნიციპალური ტრანსპორტში, ასევე, სკოლებში, საავადმყოფოებში, კულტურულ დაწესებულებებსა და სამთავრობო შენობებში. გარდა ამისა, აკრძალულია თამბაქოს რეკლამირება და სპონსორობა. ჯარიმდებიან ის ადამიანებიც, რომლებიც თამბაქოს აკრძალული ტერიტორიიდან 50 მეტრის რადიუსში მოიხმარენ.

რაც შეეხება თამბაქოს გაყიდვას, ბუტანი გახდა 2010 წელს პირველი ქვეყანა, რომელმაც გაყიდვა და რეალიზაცია აკრძალა.

პირველი ქვეყანა, რომელმაც თამბაქო აკრძალა

რაც შეეხება საქართველოს, გუგული მაღრაძის ინიციატივით შექმნილი საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებს თამბაქოს ნაწარმის რეკლამა-პოპულარიზაცისა და სპონსორობის შეზღუდვას. ამასთან, სამედიცინო გაფრთხილების ზომა 30-დან 65%-მდე მოიმატებს. გამარტივდება დაჯარიმების წესი და საჯარიმო სანქციები გაიზრდება. ასევე, აიკრძალება თამბაქოს ნაწარმის ხილული განლაგება, თამბაქოს რეალიზაცია გზის სავალ ნაწილზე - ე.წ. დრაივი, ასევე, დარეგულირდება ელექტრონული სიგარეტის საკითხი. ამასთან, ერთი წლის განმავლობაში, გარდამავალი დებულების შესაბამისად, რესტორნებსა და კაფეებში შესაძლებელი იქნება ცალკე ადგილების გამოყოფა მწეველებისთვის, თუმცა ეს არ უნდა იყოს არაუმეტეს 20 %-ისა.

დეტალური ინფორმაცია სხვა ქვეყნების მდგომარეობის შესახებ იხილეთ რუკაზე.

 ნარიტა ჩხაიძე

 

myquiz