20.03.2017 / 10:59
შრიფტის ზომა:

ქართველი მთამსვლელი მსოფლიოს გარშემო ავტოსტოპით მოგზაურობს

დაახლოებით 2 თვეა, მოგზაურობა რაც დაიწყო და წინ კიდევ დიდი გზა აქვს. დროს არ ითვლის, არც ფულს. და არც კონკრეტული გეგმებით გამოირჩევა. მიზანი კი მკაფიო აქვს - მსოფლიოს უნდა შემოუაროს.

"მოგზაურობა თბილისიდან დავიწყე. წამოვედი აღმოსავლეთით, აზიის გავლით, ავსტრალიამდე, შემდეგ სამხრეთ ამერიკა, და სამხრეთ ამერიკის გადაკვეთის შემდეგ ევროპაში დაბრუნებას ვაპირებ ან, გზად აფრიკის კონტინეტზე გავლას, რაც, რა დასამალია და მხოლოდ რესურსების ხელმისაწვდომობაზეა დამოკიდებული. ვმოგზაურობ ავტოსტოპის, კარვისა და გზად გაცნობილი ადამიანების იმედად. ამ მოგზაურობით არაფერს ვეძებ და არც არაფერს გავურბივარ. უბრალოდ ვაკეთებ იმას, რაც ვიცი, რომ უნდა გავაკეთო," – Allnews.ge-სთან საუბარში ამბობს მოგზაური ირაკლი გუჯაბიძე.

ირაკლი პროფესიონალი მთამსვლელია. ის ამ მოგზაურობაზე 10 წელი ოცნებობდა. მზადება კი წამოსვლამდე 6 თვით ადრე დაიწყო. ამ პერიოდის განმავლობაში ბევრი იმუშავა, რომ გარკვეული თანხა დაეგროვებინა. ამ თანხის ნაწილით კარგი სმარტფონი იყიდა, რომ კარგი ფოტოები გადაეღო, ჩანთა ჩაალაგა და დიდი მოგზაურობაც დაიწყო.

"საბედნიეროდ, უამრავი მეგობარი გამოჩნდა, რომლებიც წამოსვლის წინა დღე ფინანსურად დამეხმარნენ და საბოლოოდ ჩემი მოგროვებული თანხა ერთ დღეში გამიორმაგდა. ძალიან მნიშვნელოვანი იყო 360 კამერა, რომელიც ერთ-ერთმა მეგობარმა მაჩუქა. ზოგმა ხარისხიანი სასიარულო ფეხსაცმელი მაჩუქა, ზოგმა - კარავი და სპეციალური ჰამაკი. ასევე, უამრავი წვრილმანი, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. რეალურად ამ მეგობრების გარეშე ვერსად წამოვიდოდი. მათი მორალური თანადგომა კი შეუფასებელია. ფაქტობრივად, მე არასდროს ვარ მარტო და ვიღაც ყოველთვის მოგზაურობს ჩემთან ერთად. მადლობა ყველას, რომ ახლა ჩემს ტახტზე არ ვზივარ მძიმე დეპრესიაში და პირიქით, ყველაზე ბედნიერი ვარ ცხოვრებაში. იმედია, როდესმე ყველას დავუბრუნებ სითბოსაც, ენერგიასაც და გვერდში დგომასაც," - ამბობს მოზაგური.

ირაკლის თქმით, ავტოსტოპით მოგზაურობის მთავარი ხიბლი სიიაფეა. მეორე მხრივ კი, ეს გაცილებით დიდი თავგადასავალია, ვიდრე ჩვეულებრივი მოგზაურობა. ირაკლი საქართველოდან აზერბაიჯანში გადავიდა, მერე - სომხეთში. ახლა კი ირანში იმყოფება.

"მეგონა, რომ ირანს ხუთ დღეში გადავკვეთდი, მაგრამ ერთი თვით დავრჩი.

აქ სამოთხეა, საოცარი ხალხი, კულტურა, არქიტექტურა. ყველაფრის მიუხედავად რაღაცნაირად ბევრად თავისუფალი და ღიაა ყველა ადამიანი. ყველა გულით ცდილობს, მოგეხმაროს. ისე გიღებენ, როგორც ოჯახში," - ამბობს ის.

ირაკლის უჭირს მოგზაურობის დროს ნანახი განსაკუთრებული ადგილის ან განსაკუთრებული ემოციის გამოყოფა, რადგან მისი თქმით, ყველაფერი განსხვავებული და შთამბეჭდავია.

"ყოფილა დღე, რომ დილით მეჩეთში მოლას სიმღერას გავუღვიძებივარ და ღამე მიწისქვეშა წვეულებაზე დამძინებია ირანული ელექტრონული მუსიკის და საინტერესო მოვლენების ეპიცენტრში. თუმცა ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მაინც ფერეიდანმა მოახდინა. ყველა ძვალში და სახსარში დამამტვრია და თავიდან ამაწყო, თავიდან შემაყვარა საქართველოც, ქართული ენაც და საკუთარი თავიც. ეს საქართველოა, მაგრამ 400 წლის წინანდელი ხასიათის ადამიანებით, მეტყველებით," - განმარტავს მოგზაური.

ირაკლი გუჯაბიძე ყველას ურჩევს, ბევრი იმოგზაუროს. მისი თქმით, ამას არც განსაკუთრებული მომზადება და არც განსაკუთრებული ფინანსები სჭირდება. უბრალოდ, აუცილებელია მტკიცე სურვილი და ყველაფერი შესაძლებელია.

"გინდათ ნებისყოფა, ახალი ადამიანების და თავგადასავლების სიყვარული და იღბალი. თუმცა ეს უკანასკნელი რატომღაც სულ თან დაგყვება ადამიანს. უამრავ დადებით ემოციას აგროვებ და მერე ეს გეხმარება ყველგან. რეალურად ამ შენს პოზიტიურ ენერგიას "ყიდი", რომ დადიხარ. არის ხოლმე დღეები, რომ არაფერი გიჭამია ან მანქანა არ გიჩერებს, მაგრამ მეორე დღეს დიდ სასახლეში ცხოვრობ და სტუმრებს იღებ, ან პატარა ოჯახში გძინავს მთელ ოჯახთან ერთად გაზქურის გარშემო," - ამბობს გუჯაბიძე.

"თუ მართლა გინდათ მოგზაურობა და თუ მართლა არ აპირებთ ოფისში მოგაკითხოთ სიბერემ, თუ ძვირფასს მანქანას და ვილებს გირჩევნიათ მთელი პლანეტა თქვენი ეზო იყოს, უბრალოდ, ადექით და წამოდით. მე 100 დოლარი დამეხარჯა ბოლო თვეში. შარვალი დამეხა და 25 დოლარი ახალი შარვლისთვის დამჭირდა. 30 დოლარი ინტერნეტში გადავიხადე, რომ პოსტები გამოვაქვეყნო. დანარჩენი 55 დოლარით რამდენიჯერმე ახალგაცნობილი მეგობრები დავპატიჟე. ძალიან ცოტა დამეხარჯა სიგარეტისა და საკვებისთვის. სხვა ქვეყნებში ალბათ მეტი დამეხარჯება, მაგრამ ნელნელა ვსწავლობ როგორ წავიმუმუშავო, რომ საკვები და დასარჩენი მქონდეს. თუ წყვილში იმოგზაურებთ, ბევრად ეკონომიურია ყველაფერი. როცა მეწყვილე გყავს, ვინმესთვის ემოციების გაზიარებოს პრობლემა მოხსნილია და შესაბამისად, ინტერნეტი და სოციალური ქსელებიც აღარ დაგჭირდებათ," - დაამატა მან.

ნანა მღებრიშვილი