ქალაქები, რომლებიც დროთა განმავლობაში მოჩვენებებად იქცნენ | Allnews.Ge

ქალაქები, რომლებიც დროთა განმავლობაში მოჩვენებებად იქცნენ

ოდესღაც განვითარებული და სიცოცხლით სავსე ქალაქები სხვადასხვა მიზეზების გამო ხანდახან ნადგურდება, ადამიანები ტოვებენ მათ და ეს ქალაქები ”მოჩვენებებს” ემსგავსებიან. მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ ამ ქალაქ-მოჩვენებებში ახალი ცხოვრება იწყება, იმიტომ რომ მსგავსი ადგილები ყოველთვის იზიდავენ ტურისტებს. გამოცემა Hyser-ი წარმოგიდგენთ ტოპ 10 ქალაქ-მოჩვენებას.

1. კოლმანსკოპი, ნამიბია

კოლმანსკოპი - ნამიბიის სამხრეთში მდებარე ქალაქი-მოჩვენებაა. 1908 წელს აქ ალმასები აღმოაჩინეს და ქალაქი ადვილად გამდიდრების მსურველთა შორის ძალიან პოპულარული გახდა. ორ წელიწადში უდაბნო ნამიბში ქალაქი გაშენდა, რომელშიც მუშაობდა საავადმყოფო, კაზინო, სკოლა და ელიტური საცხოვრებელი კერძო სახლები. მაგრამ პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ალმასების გაყიდვები შემცირდა და მეოცე საუკუნის 50-იან წლებში ქალაქი დაცარიელდა. უდაბნომ დაიბრუნა ის, რაც ყოველთვის მხოლოდ მას ეკუთვნოდა. სუფთა ქუჩები, გაშენებული ლამაზი ბაღებით, ქვიშამ დაფარა. დაიბადა ახალი ქალაქი-მოჩვენება.

2. პრიპიატი, უკრაინა

პრიპიატი უკრაინის დედაქალაქიდან 100 კილომეტრში მდებარეობს. ამ ტერიტორიას "განრიდების ზონას" ეძახიან. პრიპიატში ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის თანამშრომლები ცხოვრობდნენ. სულ ქალაქში 50 ათასამდე ადამიანი იყო. მაგრამ 1986 წელს ატომურ რეაქტორზე ავარია მოხდა და ქალაქი გაუკაცრიელდა.

3. სანჩჟი, ტაივანი

ეს ფუტურისტული დასახლება ამოუცნობი მფრინავი ობიექტების მსგავსი სახლებით მდიდრული საკურორტო კომპლექსი უნდა გამხდარიყო. მაგრამ  უამრავი ლეტალური შემთხვევის გამო მშენებლობა შეჩერდა. სახსრებისა და მშენებლობის სურვილის არქონის გამო სამუშაოები შეწყდა, ხოლო ორიგინალური კონსტრუქციები დარჩა. თქმულების თანახმად, სანჩჟიში დაღუპულთა სულები სახლობენ, ამიტომ მშენებლობის განახლება ნაკლებად სავარაუდოა.

4. კრაკო, იტალია.

1891 წელს კრაკოს მოსახლეობა 2000-ს აღემატებოდა. მაგრამ 1892-1922 წლებში სოფლის მეურნეობის სფეროში არსებული პრობლემების გამო დაახლოებით 1000 მცხოვრებმა ჩრდილოეთ ამერიკას მიაშურა. ქალაქს თავს მიწისძვრები, ომები, მეწყრები დაატყდა, რის შედეგადაც ქალაქში მხოლოდ 1800 მოსახლე დარჩა და 1963 წელს ისინი საცხოვრებლად კრაკო პესკიერას ველში გადაიყვანეს.

5. ორადურ-სურ-გლანი, საფრანგეთი

მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანელმა ჯარისკაცებმა წინააღმდეგობის მოძრაობაში მონაწილეობის გამო სოფლის 642 მკვიდრი დახოცეს. თავდაპირველად გერმანელების მიზანს მეზობლად მდებარე სოფელი ორადურ-სურ-ვეირი წარმოადგენდა, ხოლო ორადურ-სურ-გლანი მათ შეცდომით აიღეს. ეს 1944 წლის 10 ივნისს მოხდა. ხოცვა-ჟლეტას გადარჩენილები ყვებოდნენ, რომ მამაკაცები ერთ შენობაში შეყარეს და იქ ჩაცხრილეს. ქალები და ბავშვები ეკლესიაში ჩაკეტეს, იქედან გამოსულებს კი ტყვიამფრქვევით ესროდნენ. მოსახლეობის ამოხოცვის შემდეგ ჯარისკაცებმა მთელი სოფელი მიწასთან გაასწორეს.

6. ჰასიმა, იაპონია

ჰასიმა - ერთ-ერთია იმ 505 უკაცრიელი კუნძულიდან, რომლებიც იაპონურ პრეფექტურა ნაგასაკიში მდებარეობენ. ქალაქ ნაგასაკისთან მას 15 კილომეტრი აშორებს. კუნძულს ხშირად გუნკანძიმას ეძახიან ,რაც "კრეისერს" ნიშნავს. ეს სახელი მას მაღალი ტალღამტეხების გამო შეარქვეს. კუნძულის ათვისება 1890 წელს დაიწყო, როდესაც ის კომპანია Mitsubishi-მ შეისყიდა და ზღვის ფსკერიდან ნახშირის მოპოვება დაიწყო. ამან ხალხის დიდი მოზღვავება გამოიწვია. 1916 წელს Mitsubishi-მ პირველი ბეტონის მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი ააშენა, რომელიც მუშებისთვის იყო განკუთვნილი. კუნძულის მოსახლეობა სწრაფი ტემპით იზრდებოდა. კუნძული მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალ ადგილად იქცა. XX საუკუნის 60-იან წლებში ნახშირის ნიშა ნავთობპროდუქტებმა დაიკავა და მთელ ქვეყანაში ნახშირის მომპოვებელი შახტების დახურვა დაიწყო. ჰასიმას შახტი ოფიციალურად 1974 წელს დახურეს.

7. კადიკჩანი, რუსეთი

საბჭოთა კავშირის დაშლასთან ერთად უამრავი პატარა დასახლება რუსეთში უფუნქციო დარჩა. მათ რიცხვს მიეკუთვნება კადიკჩანიც. მოსახლეობას სჭირდებოდა ცივილიზაციის ჩვეულებრივი ატრიბუტები: წყალი ონკანში, განათლება ბავშვებისთვის, ექიმები და აფთიაქები. ამ ყველაფრის არარსებობის გამო ადამიანებს კადიკჩანის დატოვება მოუწიათ.

8. კოულუნი, ჩინეთი

ბრიტანული მმართველობის დროს ქალაქი-ციხესიმაგრე კოულუნი ჩინურ ჰონგ-კონგში მდებარეობდა. ყაჩაღებისგან დასაცავად აშენებული ავანპოსტი იაპონელებმა მეორე მსოფლიო ომის დროს დაიკავეს. შემდგომში, როდესაც ომი დასრულდა, ქალაქში უკვე თვითნებურად დასახლებულები ცხოვრობდნენ. არც ბრიტანეთს, არც ჩინეთს არ უნდოდა ანკლავზე პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება და კოულუნმა დამოუკიდებლად დაიწყო ცხოვრება: საკუთარი წესებითა და კანონებით.

ათწლეულების მანძილზე ანკლავი იზრდებოდა, საცხოვრებელი სახლები არეულ ლაბირინთებს ქმნიდნენ, ქუჩებში ყველგან ნაგავი ეყარა. ქალაქში ისეთი სიმაღლის სახლებს აშენებდნენ, რომ მზის სხივები ქუჩებში აღარ ხვდებოდა და დღე-ღამის ნათელ დროსაც კი განათება გახდა საჭირო. კოულუნში მუშაობდა ბორდელები, კაზინოები, კვების ობიექტები, თავისუფლად იყიდებოდა ოპიუმი და კოკაინი. ხელისუფლება არ ერეოდა. საბოლოოდ, 1993 წელს ინგლისელებისა და ჩინელების ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ქალაქი-ციხესიმაგრე აიღეს. ბრიტანეთისა და ჩინეთის მთავრობები ანტისანიტარიამ, ანარქიამ და მოსახლეობის სრულმა უმართავობამ შეაწუხა.

9. ფამაგუსტა, კვიპროსი

ჩრდილოეთ კვიპროსის არაღიარებულ რესპუბლიკაში მდებარე ქალაქ ფამაგუსტაში ოდესღაც უბანი ვაროშა საკურორტო ცენტრად ითვლებოდა. 1974 წელს თურქეთი კვიპროსზე შეიჭრა და ვაროშა ქალაქ-მოჩვენებად გადაიქცა. გასული საუკუნის 70-იან წლებში ფამაგუსტაში კვიპროსული ტურისტული ინდუსტრიის ცენტრი იყო განლაგებული. დამსვენებელთა ნაკადი მატულობდა, რისთვისაც ფამაგუსტაში მრავალსართულიანი სახლები და სასტუმროები აშენდა.

ომის შედეგად ქალაქი თურქების ხელში აღმოჩნდა. ვაროშა მთლიანად შემოღობეს და მასში შესვლა აუკრძალეს ყველას, თურქი სამხედროებისა და გაეროს მშვიდობისმყოფელთა გარდა. უკვე რამდენიმე ათწლეულია შენობებში არანაირი რემონტი არ ტარდება.

10. აღდამი, აზერბაიჯანი

მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე მდებარე აღდამში ოდესღაც 150 000 ადამიანი ცხოვრობდა. სახლების დატოვება მას 1993 წელს, ყარაბაღის კონფლიქტის გამო მოუწიათ. შენობები განადგურებულია, საომარ მოქმედებებს მხოლოდ მეჩეთი გადაურჩა. აღდამის მცხოვრებლები მთელ აზერბაიჯანში მიმოიფანტნენ, ზოგიერთი კი ირანში გადასახლდა.

myquiz