15.03.2016 / 16:02
შრიფტის ზომა:

როგორ ებრძვიან სიცივეს ცივ ქვეყნებში

სხვადასხვა ქვეყნების მაგალითზე წარმოგიდგენთ, როგორ შეიძლება სახლის სიმყუდროვის ღია ცის ქვეშ გადმოტანა.

წარმოგიდგენთ სიცივესთან ბრძოლის ხუთ ყველაზე საინტერესო ვარიანტს.

ტროტუარი ბუნებრივი გათბობით

ისლანდია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცივი ქვეყანაა. იგი ატლანტის ოკეანის უკიდურეს ჩრდილოეთში მდებარეობს. ზაფხულობითაც კი აქ ტემპერატურა იშვიათად თუ ცილდება 20 გრადუსიან ნიშნულს. თუმცა, ამის მიუხედავად, რეიკიავიკის ქუჩები ზამთარშიც კი სავსეა ხალხით. ქალაქის მაცხოვრებლებსა და სტუმრებს სულაც არ ეშინიათ ქუჩაში გაყინვის. მიზეზი, ბუნებრივი გათბობის სისტემის მქონე ტროტუარებია, რომლებშიც ცხელი წყალი თერმული წყაროებიდან მიედინება. აღსანიშნავია, რომ თერმული წყლები მთელი ქვეყნისთვის წარმოადგენენ ენერგიის წყაროს, სწორედ მათი მეშვეობით წარმოიქმნება ელექტროსადგურებში ელექტროენერგია.

ტროტუარი ელექტრონული გათბობით

სამწუხაროდ, მსოფლიოს არც ისე ბევრ ქვეყანას გაუმართლა თერმული წყლებით. ამიტომ სხვა ქვეყნები, რომლებმაც თბილი ტროტუარების გაკეთება გადაწყვიტეს, იძულებულები გახდნენ ამისთვის ენერგიის ტრადიციული წყაროები გამოეყენებინათ. ასე მაგალითად, ელექტრული გათბობის მქონე ტროტუარები ჰელსინკში 1998 წლიდან არსებობს. ფინეთის გარდა, მსგავს მეთოდს იაპონიაშიც იყენებენ. ქვეყანაში თბილი ტროტუარები ყველა იმ ქალაქშია დამონტაჟებული, სადაც ზამთარში თოვლი მოდის. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ იაპონიაში არ არსებობს ცენტრალური გათბობის სისტემა და ბინის პატრონი თვითონ ზრუნავს საკუთარი საცხოვრებელი სახლის გათბობაზე.

გუმბათი, რომელიც ქუჩებს ფარავს


ფანტასტიკურ ფილმებში ხშირად შეგვიძლია ვიხილოთ გიგანტური გუმბათები, რომლებიც მთელ ქალაქებს ფარავს, რათა ისინი რადიაციისგან ან გამოსხივებისგან დაიცვას. მაგრამ, რადგან სამყარო ჯერ არ არის რაიმე კატასტროფის წინარე, უფრო მეტად აქტუალურია მსგავსი კონსტრუქციების, გათბობის მიზნით აშენება. მართალია მთელი ქალაქის ბუმბათის ქვეშ მოქცევა არარეალურია, თუმცა ცალკეული ქუჩების დაფარვა სრულიად შესაძლებელია.

თბილი სკამები

ქუჩაში არსებული სკამების უმრავლესობა, სიცივის დადგომასთან ერთად, ცარიელდება. ამიტომ გამოდის, რომ ისინი წელიწადში საშუალოდ ექვსი თვის განმავლობაში გამოიყენება. ამის გამოსწორება მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში, გათბობის მქონე სკამებით გადაწყვიტეს. ასეთი ზამთრის სკამები უკვე გამოიყენება სკანდინავიასა და კანადაში.

თბილი გაჩერება


ზამთარში უამრავი ადამიანი გაჩერებებზე, სასურველი ტრანსპორტის მოლოდინში იყინება. სწორედ ამიტომ, უკანასკნელი წლების განმავლობაში ქალაქებში "თბილი" გაჩერებების დამონტაჟება დაიწყეს, რომელიც ადამიანებს ტრანსპორტის მოლოდინში გათბობის საშუალებას აძლევს. თუმცა, ზემოთ აღწერილი გაჩერებები მხოლოდ ზომიერად ცივ ქვეყნებში მონტაჟდება. ჩრდილოეთში, სადაც ტემპერატურა -20 გრადუს ცელსიუსამდე ეცემა, სპეციალურ დახურულ გაჩერებებს ამონტაჟებენ, რომელიც მგზავრებს ჩრდილოეთის ქარებისგან იცავს.