ყველაზე მაღალრეიტინგული ქართული ფილმები | Allnews.Ge

ყველაზე მაღალრეიტინგული ქართული ფილმები

სად ეძებთ ფილმებს? ან მათი შერჩევის დროს რას აქცევთ ყურადღებას? ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი, ალბათ, IMDB-ის რეიტინგია. IMDB იგივე, კინოფილმების ინტერნეტ მონაცემთა ბაზა - ფილმების, მსახიობების, ტელეგადაცემების, სერიალებისა და ვიდეო თამაშების შესახებ არსებული ინფორმაციის უმსხვილესი ონლაინ ბაზაა.

Allnews.ge დაინტერესდა, როგორი რეიტინგი აქვთ ქართულ ფილმებს, რომლებიც, ზემოთ ხსენებულ, საიტზე იძებნება. გთავაზობთ 10 ქართულ ფილმს, რომლებსაც ფილმების უმსხვილეს ონლაინ ბაზაში, ყველაზე მაღალი შეფასება აქვთ.

1. "ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი" - ფილმი ელდარ შენგელაიას ალეგორიული კომედიაა. იგი ნიღაბს ხდის საბჭოთა ბიუროკრატიზმს და უპასუხისმგებლობას. რედაქციაში მუშაობენ თავიანთი ვიწრო, ობივატელური ინტერესების ჩარჩოში მომწყვდეული ადამიანები. ამ სისტემის არაეფექტურობა პირდაპირ მნიშვნელობით დაწესებულების ნგრევით, გადატანით კი - საბჭოთა სისტემის ნგრევით სრულდება. ფილმს IMDB-ის რეიტინგით 10/8.9 აქვს.

2. "მონანიება" - თენგიზ აბულაძის დრამა 1984 წელს გადაიღეს. ფილმს მიღებული აქვს კანის მე-40 საერთაშორისო კინოფესტივალის სამი პრიზი: მთავარი ჟიურის სპრეციალური პრიზი, კათოლიკური ეკლესიის ჟიურის პრიზი ჰუმანიზმისათვის და კინოპრესის საერთაშორისო ფედერაციის პრემია "ფიპრესი"; ჩიკაგოსა და ჰეუგესუნის საერთაშორის კინოფესტივალის პრიზი და იტალიის კინემატოგრაფისტთა ეროვნული ასოციაციის პრემია საუკეთესო საზღვარგარეთული ფილმისათვის.  IMDB-ის რეიტინგი 10/8.4.

3. "ფესვები" - ფილმის სიუჟეტი ვითარდება გზად პარიზიდან საქართველომდე, სადაც შვილიშვილს ბაბუას ფერფლი მიაქვს და თანამგზავრს ამის შესახებ უყვება ისტორიას. ფილმი კულმინაციას მაშინ მიაღწევს, როდესაც მიუხედავად იმისა, რომ ბაბუას საქართველოდან გამგზავრებიდან უკვე 60-ზე წელზე მეტია გასული და შვილიშვილი არც კი ფიქრობს, რომ ის ვინმეს ახსოვს, თავსხმა წვიმაში მატარებლის სადგურზე მთელი სოფელი მის დასახვედრად შეიკრიბება. რეიტინგი 10/8.9

4. "ჯარისკაცის მამა" - რეზო ჩხეიძის 1965 წელს გადაღებული ფილმი კახელი გლეხი გიორგი მახარაშვილის ისტორიას გვიყვება, რომელიც დაჭრილი შვილის მოსანახულებლად ფრონტზე გაემგზავრება. რეიტინგი 10/8.8.

5. "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი" - თენგიზ აბულაძის 1962 წლის ფილმი, ნოდარ დუმბაძის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვითაა გადაღებული.  IMDB 10/8.6

6. "ნატვრის ხე" - თენგიზ აბულაძის კიდევ ერთი ეკრანიზაციაა, რომელიც გიორგი ლეონიძის მოთხრობის მიხედვით არის გადაღებული. ეს არის მხატვრული ტრილოგიის მეორე ფილმი. ამ ტრილოგიის ნაწილია "ვედრება" და "მონანიება". IMDB 10/8.5

7. "გასეირნება ყარაბაღში" - 2005 წლის სათავგადასავლო დრამა, მწერალ აკა მორჩილაძის ნაწარმოების, "მოგზაურობა ყარაბაღშის" მიხედვით, ლევან თუთბერიძემ გადაიღო. ფილმი სავსეა სცენებით, სადაც შეიარაღებული შეტაკებებია ნაჩვენები, თუმცა, ერთ-ერთი მთავარი გმირის, გოგლიკოს სასაცილო ფრაზები ქართულ და რუსულ ენებზე, ფილმს დრამატულთან ერთად, კომედიურს ხდის. რეიტინგი 10/8.0

8. "გრძელი ნათელი დღეები" - ნანა ექვთიმიშვილის თანამედროვე ქართული დრამა, რომელსაც კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო გაერთიანება FIPRESCI-მა ქართული კინემატოგრაფიის ხელახლა აღორძინების ნიმუში უწოდა. ფილმი წარდგენილი იყო ოსკარის უცხოენოვანი ფილმების კატეგორიაში, თუმცა, ნომინაცია ვერ მიიღო. რეიტინგი 10/7.7

9. "მანდარინები" - ოსკარზე ნომინირებული, 2013 წლის ქართული დრამა. ფილმის სიუჟეტი აფხაზეთის ომის ფონზე მიმდინარეობს, თუმცა, მასში არ არის ნაჩვენები საომარი სცენები. გარდა ოსკარისა, ფილმი ნომინირებული იყო ოქროს გლობუსზე, საუკეთესო უცხონოვანი ფილმის კატეგორიაში IMDB-ის რეიტინი 10/8.3

10. "13 Tsameti" - გელა ბაბლუანის კრიმინალური დრამა. ეს ფილმი, სრულმეტრაჟიანი ფილმის ჟანრში რეჟისორის დებიუტი იყო. "ცამეტი" დებიუტი გახდა, რეჟისორის ვაჟისთვის, გიორგი ბაბლუანისთვისაც, რომელიც პროტაგონისტი სებასტიანის როლს ასრულებს. თავად ბაბლუანმა გადაიღო ფილმის ფერადი, გადამუშავებული ვერსია, რომელშიც მიკი რურკი, სემ რაილი და ჯეისონ სტეტჰემი მონაწილეობენ.  რეიტინი10/7.4

myquiz