05.05.2016 / 11:33
შრიფტის ზომა:

2016 წლის ფილმები, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ

წარმოგიდგენთ იმ ფილმებს, რომლებიც 2016 წლის მაისიდან უნდა გამოვიდეს ამერიკის კინო გაქირავებაში და რომელთა მიმართ ყველაზე დიდი ინტერესი არსებობს.

Silence

მსოფლიო კინოეკრანებზე "ნიუ-იორკის ბანდები" გამოსვლის დღიდან 14 წლის შემდეგ, მარტინ სკორსეზემ თავის ახალ ფილმში, მთავარი როლის შესასრულებლად, კვლავ ლიამ ნისონს უხმო.

ფილმის სიუჟეტი მეჩვიდმეტე საუკუნეში გადაგვამისამართებს, სადაც იაპონიაში, საკუთარი მენტორის მოსაძებნად წასულ იეზუიტ მღვდლებს, ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან მიუღებლობა დახვდებათ.

ისტორია განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან შეეხება ქრისტიანობის გავრცელების საკითხს ისეთ გეოგრაფიულ მონაკვეთში, სადაც ამ რელიგიურმა კონფესიამ ვერაფრით მოიკიდა ფეხი.

Captain America Civil War

ბეტმენის და სუპერმენის დაპირისპირებამ უკვე ჩაიარა და უმეტესწილად ყველა გაწბილებული დატოვა.

ახლა "მარველის" ჯერია გამოასწოროს სიტუაცია და კანონიკური გმირების კონფლიქტი საუკეთესო ჭრილში გვიჩვენოს.

პირველადი შეფასებებით, "სამოქალაქო ომი" იდეალური ბლოკბასტერი უნდა იყოს, სანახაობრივი მოქმედებებით, მხიარულებით, დრამატიზმის საჭირო დოზითა და ბუნებრივი პერფორმანსებით დატვირთული.

თქვენ მხოლოდ ის დაგრჩენიათ აირჩიოთ, ვის მხარეს იქნებით.

The Nice Guys

რეჟისორ შეინ ბლექის ანგარიშზეა ერთ-ერთი საუკეთესო და ამასთან, ჯეროვნად არ დაფასებული ამერიკული კრიმინალური კომედია kiss kiss bang bang და "რკინის კაცის" მესამე ნაწილი, რომელიც ვერ ბრწყინავდა კომიქსური ესთეტიკითა და სანახაობრიობით, მაგრამ პერსონაჟის საფუძვლიანი განვითარებისა და ხასიათის წარმოჩენის მცდელობა გახლდათ.

ახლა, თავის ახალ ფილმში "კარგი ბიჭები" ბლექი კვლავ კომედიისა და კრიმინალური დეტექტივის ჟანრულ სინთეზს ახდენს.

მთავარ როლებში რასელ კროუს და რაიან გოსლინგს ვიხილავთ.

ერთი სიტყვით, ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ იდეალური გასართობი პროდუქტი უნდა გვხვდეს წილად.

The Light between Oceans



"სინათლე ოკეანეებს შორის" დერეკ სიანფრენსის რიგით მესამე ფილმია. პირველი Blue valentine საოცრად რეალისტური და დრამატული ისტორია იყო ორი ადამიანის შეხვედრის, შეყვარების, თანაცხოვრებისა და სიყვარულის დაკარგვის შესახებ.

მეორე ფილმში "ადგილი ფიჭვნარებს მიღმა" რეჟისორმა აქცენტი ოჯახის როლსა და მამის და შვილის დიქოტომიაზე გააკეთა.

ამჯერად, იგი კვლავ შეყვარებული წყვილის შესახებ მოგვითხრობს, რომელთაც სხვისი შვილის გადარჩენა და მისი გაზრდა ხვდათ წილად.

ფილმში მთავარ როლებს მაიკლ ფასბენდერი და ალისია ვიკანდერი ასრულებენ, რომლებიც რეალურ ცხოვრებაშიც შეყვარებულები არიან, ეს ასპექტი კი წესით უფრო მეტად დაეხმარება მათი ეკრანული ურთიერთობის ღრმა და დამაჯერებელ წარმოჩენას.

La La Land



კინოს ისტორიის მანძილზე ყოველთვის ჩნდებოდა ისეთი ეკრანული წყვილები, რომლებიც თაობების რომანტიკულ იდეალებს ქმნიდნენ.

თავის დროზე ასეთი წყვილი იყო კეტრინ ჰეპბერნი და სპენსერ ტრეისი, მოვიანებით, ტომ ჰენქსი და მეგ რაიანი.

დღეისათვის ამ ვაკანტური ადგილის შევსებისათვის ორი წყვილი იბრძვის: ბრედლი კუპერი და ჯენიფერ ლოურენსი, რომლებსაც უკვე ოთხ ფილმში აქვთ ერთად მონაწილეობა მიღებული და ემა სტოუნი და რაიან გოსლინგი, რომლებმაც კინოფირზე ერთმანეთს სიყვარული ჯერ მხოლოდ ორჯერ დაუმტკიცეს.

რეჟისორ დემიან შაზელის ფილმში La La Land მათ რიგით მესამე კოლაბორაციას ვიხილავთ. ის რაც ყველაზე მეტად მატებს მიმზიდველობას პროექტს, გახლავთ მისი ჟანრი - ფილმი უამრავი მუსიკალური და საცეკვაო ნომრით დატვირთული მიუზიკლი იქნება.

Passengers

სამეცნიერო ფანტასტიკა კოსმოსური მოგზაურობების შესახებ, ამერიკულ კინემატოგრაფში ძალიან დიდ არქივს ფლობს.

წელს მას კიდევ ერთი სურათი შეემატება, რომელშიც დღეისათვის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ჰოლივუდის ვარსკვლავები ჯენიფერ ლოურენსი და კრის პრეტი იღებენ მონაწილეობას.

ფილმის მოქმედება კოსმოსურ ხომალდზე ვითარდება, რომელსაც ათასობით ადამიანი კრიოგენურ რეჟიმში დედამიწიდან ახალ კოსმოსურ კოლონიაში გადაჰყავს. დანიშნულ ადგილამდე მისაღწევად 120 წელია საჭირო.

ტექნიკური გაუმართაობის შედეგად, ორ მგზავრს გაღვიძება 60 წლით ადრე მოუწევს. რასაკვირველია, ეს ორი ლოურენსი და პრეტი იქნებიან.

ერთადერთი, რაც ამ პროექტის ირგვლივ მითქმა-მოთქმას იწვევს, სექსის სცენაა მთავარ პერსონაჟებს შორის, რაც პირველი მსგავსი სცენა იქნება ლოურენსისათვის და რომელზე საუბრის დროსაც ორივე მსახიობი უხერხულად იწყებს ხუმრობას.

Doctor Strange


სტუდია "მარველი" უკვე მეორე წელია ერთის მაგივრად ორი ფილმით გვანებივრებს.

მას შემდეგ რაც "სამოქალაქო ომი" ჩაივლის,  ეკრანებზე კომიქს სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე კოლორიტულ მაგს, დოქტორ სტრეინჯს ვიხილავთ, რომელიც "მარველის" ფილმებში აქამდე დემონსტრირებულ ფანტასტიკურ ჟანრს ახალ სივრცეებს დაუმატებს.

ტიტულოვან როლს ბენედიქტ კამბერბაჩი შეასრულებს, ხოლო მეორეხარისხოვან როლებში ტილდა სვინტონი, მას მიკელსენი, რეიჩლ მაკადამსი და ჩიუეტელ ეჯიოფორი მოგვევლინებიან.

Sausage Party

ანიმაციური ფილმები ე.წ მეინსტრიმ კულტურაში ძირითადად ბავშვებისთვის იქმნება, კონკრეტულად თუ არა, მიზნობრივ აუდიტორიად მაინც მცირე ასაკის მაყურებელს მოიაზრებს.

ახალი ანიმაციური ფილმი "სოსისის წვეულება" საერთოდ არ ითვალისწინებს ამ მოცემულობას და ფილმის სლოგანშივე იუწყება, რომ "ეს ჩვეული საბავშვო ფილმი არაა".

საქმე იმაშია, რომ მთავარი პერსონაჟები საკვები პროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, ხილი და ბოსტნეულია, რომელთაც გრძნობებიც გააჩნიათ და აზროვნებაც შეუძლიათ. ადამიანები კი მათ ბარბაროსულად ჭამენ.

ამ სადისტური ელემენტის გასანეიტრალებლად ფილმს კომედიური სარჩული ემატება, რომელსაც მისი შემქმნელები, ერთ-ერთი ყველაზე სასაცილო ადამიანები ჰოლივუდში, სეტ როგენი და ევან გოლდბერგი უზრუნველყოფენ.

Fantastic Beasts and Where to Find Them

მათ, ვისაც ჰარი პოტერის ჯადოსნური სამყარო მოგენატრათ, შეგიძლიათ გაიხაროთ, რადგან სამყაროს მაგიური კარიბჭე ნოემბერში კვლავ გაიღება.

ჯოან როულინგის ამავე სახელწოდების წიგნის მიერ შექმნილ ფილმს დევიდ იეითსი იღებს. ადამიანი, რომელიც პოტერის ბოლო ოთხ  ფილმზეა პასუხისმგებელი.

ისტორია ჰარის ჰოგვორთსში მისვლამდე 50 წლით ადრე გადაგვიყვანს და ჯადოსნური არსებებისა და მკვლევარის, ნიუტ სკამანდერის შესახებ მოგვიყვება, რომლის როლს ოსკაროსანი ედი რედმეინი განასახიერებს.

The BFG

 

"ბიეფჯი" იშიფრება როგორც "დიდი მეგობრული გიგანტი", რომელიც ბრიტანელი მწერლის, როალ დალის ამავე სახელწოდების ნოველის ადაპტაციაა.

ფილმისადმი ინტერესს რეჟისორის ფიგურა ზრდის, რომლის ამპლუაშიც სტივენ სპილბერგი მოგვევლინება.

საკმაოდ ხანგრძლივი განშორების შემდეგ, სპილბერგი კვლავ უბრუნდება ჯადოსნური ისტორიების თხრობას.

ფილმი, როგორც სათაურიდანაც მიხვდებოდით, მეგობრული გიგანტის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც გარიყულია თავის თანამოძმეებისგან, რადგან მათგან განსხვავებით უარს ამბობს ადამიანების შეჭმაზე.

მთავარ როლებს წლევანდელი ოსკაროსანი მარკ რაილენსი, ელეგანტური რებეკა ჰოლი და მუდამ სასაცილო ბილ ჰეიდერი შეასრულებენ.

ბაჩო ოდიშარია