10 აკრძალული წიგნი | Allnews.Ge

10 აკრძალული წიგნი

ლიტერატურა ყოველთვის იყო ცენზურის განსაკუთრებული ყურადღების ობიექტი, რადგან ისტორიის განმავლობაში, ყველაზე ტაბუირებული და აკრძალული თემების გაშუქებას პირველ რიგში მწერლები ბედავდნენ.

თანამედროვე სამყაროში, სადაც სიტყვისა და აზრის თავისუფლება ხელშეუხებელ ფასეულობას წარმოადგენს, ცენზურამ თავისი ძალა თითქმის, დაკარგა.

თუმცა, ჯერ კიდევ რამდენიმე ათწლეულის წინ, წიგნების ამოღება ან აკრძალვა ფართოდ გავრცელებული პრაქტიკა იყო.

"საოცარი ახალი სამყარო" - ოლდოს ჰაქსლი (1932 წ.).

ინგლისელი მწერალი ოლდოს ჰაქსლი თავის ნაწარმოებში მიმართავს იმ პერიოდში პოპულარულ, ინდუსტრიალიზაციის თემას და იკვლევს ადამიანის მიერ საკუთარი იდენტობის დაკარგვის პრობლემას.

"საოცარი ახალი სამყარო" - ანტიუტოპიური, ცინიზმით აღსავსე რომანია.

ირლანდიაში ჰაქსლის ნაწარმოები ბავშვთა დაბადების საკითხისადმი არაერთგვაროვანი მიდგომის გამო აიკრძალა. ოლდოს ჰაქსლი "საოცარ ახალ სამყაროში" წერდა, რომ მოვა დღე, როცა ბავშვებს სპეციალურ ინკუბატორებში შექმნიან, კაცობრიობა კი მაღალ და დაბალ კასტებად იქნება დაყოფილი.

აშშ-ის ზოგიერთ შტატში წიგნი საასკოლო ბიბლიოთეკებიდან ამოიღეს.

"მრისხანების მტევნები" - ჯონ სტეინბეკი (1939 წ.)

ამ რომანისთვის ამერიკელმა მწერალმა ჯონ სტეინბეკმა პულიცერის პრემია აიღო. წიგნში საუბარია, თუ როგორ აისახა დიდი დეპრესია ღარიბ ფერმერებზე.

მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო ფერმერების ოჯახი ოკლაჰომას შტატიდან მშობლიურ მიწას ტოვებს და ათასობით სხვა ღარიბ გლეხთან ერთად კალიფორნიაში ჩადის.

რომანში აღწერილია სიღარიბის სისასტიკე და ადამიანის ტრაგედია.

რომანის წერის დროს ჯონ სტეინბეკმა ერთი თვე მუშებთან ერთად გაატარა. საზოგადოების მხრიდან "მრისხანების მტევნებს" დიდი რეზონანსი მოჰყვა, ამერიკელები შეშფოთებული იყვნენ თანამოქალაქეების სიღარიბით, აშშ-ის ზოგიერთი შტატის ხელისუფლებამ კი ეს მოსაზრება არ გაიზიარა და წიგნი აკრძალა.

"მრისხანების მტევნები" ნიუ-იორკის, სენტ ლუისის, კანზას სიტისა და ბუფალოს ბიბლიოთეკებიდან ამოიღეს. 1953 წელს სტეინბეკის ნაშრომი აკრძალეს ირლანდიაშიც.

"კირჩხიბის ტროპიკი" ჰენრი მილერი (1934 წ)

ამ წიგნის მთავარი მოვლენები საფრანგეთში, გასული საუკუნის 30-იან წლებში ვითარდება. მთავარი გმირი თავად ავტორია, რომელიც იმ პერიოდში სიღარიბეში ცხოვრობდა და შიმშილობის ზღვარზე იყო. რომანში ჰენრი მილერი აღწერს თავის სექსუალურ ცხოვრებას და მწერალ კოლეგებთან ურთიერთობას.

"კირჩხიბის ტროპიკმა" არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია, რადგან გმირის ინტიმური ცხოვრება მეტისმეტად დეტალურად იყო აღწერილი.

აშშ-ის პენსილვანიის შტატის უზენაესმა მოსამართლემ მაიკლ მუსმანომ, ჰენრი მილერის წიგნს საკანალიზაციო მილი უწოდა.

გარკვეული პერიოდის განმავლობაში აშშ-ის საბაჟო სამსახური ქვეყანაში წიგნის შეტანას კრძალავდა. 1986 წელს "კირჩხიბის ტროპიკი" თურქეთში აკრძალეს.

"სასაკლაო N5" კურტ ვონეგუტი (1969 წ.)

წიგნში აღწერილია ამერიკელი ჯარისკაცის ბილ პილიგრიმის ისტორია, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანელებმა დაატყვევეს.

მთავარი გმირი დრეზდენში გაგზავნეს, სადაც ღამე მეგობრებთან ერთად, სასაკლაო N5-ის ტერიტორიაზე ცხოვრობდა.

სწორედ მაშინ, ამერიკულმა ავიაციამ დრეზდენი დაბომბა. "სასაკლაო N5"-ში კურტ ვონეგუტი აღწერს იმ საშინელ შეგრძნებებს, რომელიც განიცადა ნანგრევებიდან ათასობით გვამის ამოყვანისას.

სიუჟეტი იმდენად შემაძრწუნებელი იყო, რომ აშშ-ში, ბავშვთა ფსიქიკის დაცვის მიზნით, წიგნი აკრძალეს.

"სატანური ლექსები" სალმან რუშდი (1988 წ.)

წიგნი აღწერს ინდოელი ემიგრანტის ცხოვრებას თანამედროვე ინგლისში.

მთავარი გმირების ჯიბრილ ფარიშიტისა და სალადინ ჩამჩის ცხოვრება ჯადოსნური რეალიზმით არის სავსე. ისინი ანგელოზებად გადაიქცევიან და დროსა და სივრცეში გადაადგილდებიან.

თუმცა, მუსლიმურმა საზოგადოებამ ჩათვალა, რომ რუშდის შემოქმედება ისლამს ბილწავს.

"სატანური ლექსების" გამოქვეყნებიდან ერთ კვირაში ინგლისსა და მთელ მსოფლიოში, წიგნის აკრძალვის მოთხოვნით, საპროტესტო აქციები გაიმართა.

ვენესუელაში რუშდის ნაშრომის წაკითხვისთვის 15-თვიანი პატიმრობა შემოიღეს, იაპონიაში კი წიგნის გამყიდველებს აჯარიმებდნენ.

აშშ-ში ბევრმა მაღაზიამ "სატანური ლექსების" გაყიდვაზე უარი თქვა, რადგან უცნობი პირებისგან მუქარებით სავსე წერილებს იღებდა.

1989 წელს პაკისტანსა და ინდოეთში რუშდის წინააღმდეგ მასობრივი დემონსტრაციები გაიმართა, რომლებსაც მსხვერპლი მოჰყვა.

ირანის სულიერმა ლიდერმა აითოლა ჰომეინიმ კი წიგნის დაბეჭდვაში მონაწილე ყველა ადამიანის სიკვდილით დასჯა მოითხოვა.

"მარტოსულობის უპირატესობანი" სტივენ ჩბოსკი (1999 წ.)

სიუჟეტის თანახმად, პატარა ბიჭი ჩარლი წერილებს უგზავნის ანონიმურ მეგობარს, სადაც აღწერს თავის ცხოვრებას, რომელიც სისასტიკით და სექსუალური ძალადობითა არის სავსე.

ჩარლი აღწერს თავის პირველ სიყვარულსა და სუიციდს, მისი ემოციები სრულიად გასაგებია ყველა ახალგაზრდასთვის გარდატეხის პერიოდში.

წიგნი სექსუალური შინაარისის სცენების გამო, აკრძალული წიგნების სიაში მოხვდა. რომანის მოტივებზე ჯონ მალკოვიჩმა ფილმი გადაიღო, რომლის რეჟისორი სტივენ ჩბოსკი გახდა.

"ის, რაც ინგრევა" ჩინუა აჩებე (1958 წ.)

აფრიკელი მწერილის ჩინუა აჩებეს "ის, რაც ინგრევა" მისი ყველაზე ცნობილი ნაშრომი გახდა, რომლისთვისაც 2007 წელს მან ბუკერის პრემია აიღო.

რომანი მოგვითხრობს ადგილობრივ ბელად ოკონკვოზე, ხოლო მოვლენები ვითარდება XIX-XX საუკუნეებში, გამოგონილ რეგიონ უმოფიაში, რომელიც ნიგერიის 9 დასახლებულ პუნქტს აერთიანებს.

რომანში აღწერილია, თუ როგორი გავლენა მოახდინა ბრიტანულმა კოლონიალურმა სისტემამ და ქრისტიანულმა მისიონერობამ ადგილობრივ აფრიკულ თემებზე. აჩებეს რომანი მალაიზიაში აკრძალეს, რადგან, ადგილობრივი ხელისუფლების მოსაზრებით, ავტორი კოლონიალიზმის პოლიტიკას მეტისმეტად აკრიტიკებდა.

"ამერიკელი ფსიქოპატი" ბრეტ ისტონ ელისი (1991 წ.)

წიგნში აღწერილია მანჰეტენზე მცხოვრები მდიდარი ამერიკელის, პატრიკ ბეიტმენის ცხოვრება, რომელიც დროთა განმავლობაში მანიკად გადაიქცევა. 

ბრეტ ისტონ ელისმა მკვლელობის სცენები იმდენად დეტალურად აღწერა, რომ "ამერიკელი ფსიქოპატი" საზოგადოებისთვის ნამდვილ შოკად იქცა.

მთავარ გმირს მკველობების ჩადენისას, არანაირი გეგმა არა აქვს, ის შეპყრობილია სიძულვილითა და შურით.

გერმანიაში სკანდალური წიგნის ტირაჟი შეზღუდეს, რადგან, ხელისუფლების მოსაზრებით, ის არასრულწლოვნებზე ნეგატიურ გავლენას მოახდენდა. თავად ავტორმა რომანის პუბლიკაციის შემდეგ, მუქარებით სავსე არაერთი წერილი მიიღო.

"მეტამორფოზა" ფრანც კაფკა (1912 წ.)

კაფკას მოკლე ნოველა გრეგორ ზამზას ისტორიას აღწერს, რომელიც მშობლებსა და დას ფინანსურად უზრუნველყოფდა.

ერთ დილას ზამზამ აღმოაჩინა, რომ უზარმაზ ხოჭოდ გადაიქცა. ოჯახმა ის ოთახში ჩაკეტა და მხოლოდ დას მოჰქონდა საკვები. 

ზამზა ოჯახისგან მივიწყებული კვდება. კაფკას "მეტამორფოზა" აკრძალული იყო როგორც ნაცისტურ გერმანიაში, ისე საბჭოთა კავშირში.

"ლოლიტა" ვლადიმერ ნაბოკოვი (1955 წ.)

"ლოლიტა"ვლადიმერ ნაბოკოვის სავიზიტო ბარათად იქცა. წიგნში მოთხრობილია საშუალი ასაკის მამაკაცზე, ჰუმბერტ ჰუმბერტზე, რომელსაც თავდავიწყებით შეუყვარდა 12 წლის გოგონა.

ვნებით შეპყრობილმა ჰუმბერტმა ლოლიტას ქვრივი დედა შეირთო ცოლად, ხოლო მისი დაღუპვის შემდეგ გოგონასთან დაამყარა ინტიმური ურთიერთობა.

სკანდალური "ლოლიტა" აიკრძალა საფრანგეთში, ინგლისსა და სხვა ქვეყნებში.

თუმცა, 1958 წელს ვლადიმერ ნაბოკოვმა რომანი აშშ-ში გამოსცა. წიგნმა მას მსოფლიო პოპულარობა მოუტანა.

დღეს, "ლოლიტა" XX საუკუნის კლასიკად მიიჩნევა.

მომზადებულია shortlist.com-ის მიხედვით

 

ასევე დაგაინტერესებთ:

20 მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა იკითხონ ბავშვებმა წიგნი

წიგნები, რომლის წაკითხვასაც გვირჩევენ

წიგნები, რომლებზეც ადამიანები იტყუებიან, რომ წაკითხული აქვთ

10 წიგნი, რომელიც ყველა ბავშვმა უნდა წაიკითხოს სანამ სკოლას დაამთავრებს

myquiz