წიგნები, რომლის წაკითხვასაც ქართველი ექსპერტები და ხელოვანები გვირჩევენ | Allnews.Ge

წიგნები, რომლის წაკითხვასაც ქართველი ექსპერტები და ხელოვანები გვირჩევენ

ალბათ ხშირად წაგიკითხავთ რჩევები, თუ რომელი წიგნი წავიკითხოთ ან შეგხვედრიათ მსგავსი სათაურები - 10, 50 ან 100 წიგნი, რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხო. ამჯერად გადავწყვიტეთ საზოგადოების წარმომადგენლებისთვის მიგვემართა კითხვით - რა წავიკითხოთ და რატომ? რომელია მათთვის მნიშვნელოვანი წიგნი, მწერალი და რას გვირჩევენ ისინი.

სიმონ ჯანაშია, განათლების საკითხების ექსპერტი:

"ვურჩევდი იკითხონ პოლ ოსტერი. ქართულად არის გამოსული რამდენადაც ვიცი "ნიუ-იორკული ტრილოგია". მოეწონება მათ, ვისაც აინტერესებს ჭკვიანურად დაწერილი წიგნი, ფილოსოფიური პრობლემების შესახებ. ასევე კარგია იმიტომ, რომ შეუძლია მკითხველი ჩართოს ერთი მხრივ საინტერესო ამბავში, მეორე მხრივ კი ნიუ-იორკულ ატმოსფეროში.

ასევე ვურჩევდი ოთარ ჭილაძის "ყოველმან ჩემმან მპოვნელმან". გარდა ინტელექტუალური სიღრმის და მხატვრული ღირებულებისა, მნიშვნელოვანი ნაწარმოებია ისტორიული თვალსაზრისითაც, რადგან საქართველოს დღევანდელობის გააზრებაში შეიძლება დაეხმაროს ადამიანს".

დიანა ანფიმიადი, პოეტი:

"დავიწყოთ ქართული ლიტერატურით, ნინო ნაკაშიძის "უღუ და თეთ", ეს არის ორი პირველყოფილი ბავშვის ამბავი, ოდნავ გულუბრყვილო, თუმცა ძალიან საინტერესო, როგორ სწავლობენ მოვლენებს, როგორ იცვლება მათი ცხოვრება, როგორ იზრდებიან... ასევე, ძალიან მიყვარს ჯემალ ქარჩხაძის რამდენიმე ზღაპარი, რომელიც ფილოსოფიურია, მაგრამ მოზარდები კარგად გაიგებენ, მაგალითად "ბედნიერების მაძიებელი უფლისწული", ნატო დავითაშვილის შესანიშნავი ფენტეზი. უცხოელი ავტორებიდან - სენტ ეგზიუპერის "პატარა პრინცი", რაღაცები შეიძლება ვერ გაიგონ, მაგრამ აუცილებლად მოეწონებათ, ასევე ეგზიუპერის "ადამიანთა მიწა" და "სამხედრო მფრინავი", დენიელ ქიიზის "ყვავილები ელჯერნონისთვის" - უფრო დიდი ასაკის ბავშვებისთის, "45 კილო იმედი" - ანა გავალდა, სკოლის ამბების შესახებ, ნარნიას ქრონიკების წიგნები, "ჰარი პოტერი", ჟიულ ვერნი, უამრავი კარგი და საინტერესო ავტორია, რომელიც მოზარდებს წიგნის კითხვას შეაყვარებს.

 

ზაზა ფირალიშვილი, ფილოსოფოსი:

"ევროპული კულტურის კონტექსტის გასაგებად აუცილებელია წავიკითოთ თომას მანი, ჰერმან ჰესე. ამერიკული კულტურის კონტექსტის გასაგებად იგივე თომას მანი, ვირჯინია ვულფი, ჰემინგუეის აღარ ვამბობ, კურტ ვონეგუტი. რაც შეეხება ქართველებს, ჩვენ გვყავს რამდენიმე ძალიან მაღალი კლასის მწერალი, ესენია დავით კლდიაშვილი, ოთარ ჭილაძე, თანამედროვეებიდან აკა მორჩილაძე, მიხეილ ჯავახიშვილი, ილია ჭავჭავაძეზე აღარ ვლაპარაკობ. ამ მწერლების წიგნების წაკითხვა დაგვეხმარება იმ სამყაროს ორიენტირებაში, რომელშიც ვართ".

 

ია ანთაძე, ჟურნალისტი:

"ლიტერატურა ძალიან პირადი რამ არის და სხვადასხვა ყაიდის ადამიანებს აბსოლუტურად სხვადასხვანირი წიგნები მოსწონთ. პირადად მე, ქართული ლიტერატურიდან ძალიან მომწონს აკა მორჩილაძისა და ზურაბ ქარუმიძის წიგნები და სხვებიც თუ წაიკითხავენ, ვფიქრობ, დიდი სიამოვნება ელით წინ. ესენი არიან თანამედროვე მწერლები, რომლებიც ცდილობენ, რომ ადამიანების სიღრმისეული სულიერი მოთხოვნილებები რაღაცნაირად დააკმაყოფილონ. ესენი არ წერენ წიგნებს, რომლებსაც წაიკითხავ და გაერთობი. უცხოური ლიტერატურიდან ძალიან მიყვარს კნუტ ჰამსუნის "მისტერიები".

გოგა ჩანადირი, ფოტოხელოვანი:

"გეტყვით იმ წიგნებს, რომელიც ბოლოს წავიკითხე და რომელიც ბოლოს ითარგმნა, ძალიან კარგია ჰარპერ ლის "ნუ მოკლავ ჯაფარას", მარიო ვარგას ლიოსას "დეიდა ხულია", ასევე ლიოსას "ცუდი გოგოს ოინები". ზოგადად, მე მიყვარს უფრო სამეცნიერო-საგანმანათლებლო სახის ლიტერატურა, სიყმაწვილეში აქტიურად ვკითხულობდი დეტექტიურ ჟანრს, მოგვიანებით ძალიან მომეწონა ბიოგრაფიული სახის წიგნები.

რაც შეეხება ქართველ მწერლებს, პატარაობაში ჩემზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა იაკობ გოგებაშვილის "საგანძურმა", ასევე ძალიან შთამბეჭდავი აღმოჩნდა გელა ჩარკვიანის "ნაგერალა". ძალიან ნიჭიერი გოგოა ეკატერინე ტოგონიძე და თეონა დოლენჯაშვილი, მომწონს თეა გვასალიას თარგმანები. რა წიგნებიც ჩამოვთვალე, ლიოსას გარდა, ყველა სცემს პასუხს კითხვაზე, თუ როგორი ადამიანები უნდა ვიყოთ".

თეა ბეჟიტაშვილი

myquiz