რა ჯდება ერთი ღამის გატარება საქართველოს ძვირად ღირებულ სასტუმროებში | Allnews.Ge

რა ჯდება ერთი ღამის გატარება საქართველოს ძვირად ღირებულ სასტუმროებში

სასტუმროების საერთაშორისო ბრენდები ბოლო წლებია საქართველოში აქტიურად შემოდის. მათი დიდი ნაწილი ძირითადად, თბილისსა და ბათუმში აშენებს სასტუმროებს, სიმრავლის მიუხედავად, ისინი სტუმრების ნაკლებობას არ უჩივიან.

საერთაშორისო ბრენდების გარდა, საქართველოში არაერთი არაბრენდული, თუმცა, მრავალვარსკვლავიანი სასტუმროც ფუნქციონირებს. Allnews.ge დაინტერესდა თუ რა ღირს საქართველოს ყველაზე ძვირად ღირებულ სასტუმროებში ერთი ნომერი საშუალოდ. ჩვენ რამდენიმე მათგანს დავუკავშირდით და მცირე სიაც შევადგინეთ.

გთავაზობთ სასტუმროების ჩამონათვალს, სადაც ერთი ღამის ღირებულება 250 ლარიდან იწყება:

Raddison Blu Iveria როგორც თბილისში, ისე ბათუმში ფუნქციონირებს. Booking.com-ის მიხედვით, თბილისში სტანდარტული ნომრის ღირებულება 820 ლარიდან იწყება, ბათუმშიც დაახლოებით ამ თანხას გადაიხდით.

"რედისონი" მსოფლიო ბრენდის ხუთვარსკვლავიანი სასტუმროა, სადაც ხშირად ოფიციალური შეხვედრები და ღონისძიებებიც იმართება.

თბილისში სასტუმროს მშენებლობა "სილქ როუდ ჯგუფმა" 89 მილიონ დოლარად განახორციელა და 2009 წელს გახსნა.

კიდევ ერთ ბრენდულ სასტუმრო Tbilisi Marriot-ში სასტუმროს სტანდარტული ნომრის ღირებულება ამჟამად 560 ლარიდან იწყება. "მარიოტი" თბილისში 2002 წელს თბილისში, რუსთაველის გამზირზე გაიხსნა და სტუმრებს 127 ნომრით ემსახურება.

Tbilisi Marriot-ის მსგავსი ფასებია Holiday Inn–ში, რომელიც თბილისში მდებარეობს, ამ სასტუმროში ერთი ღამის გათენება 565 ლარადაა შესაძლებელი. ღირებულებაში, როგორც ამ, ისე სხვა სასტუმროებში საუზმე არ შედის, შესაბამისად, მხოლოდ ნომრითა და მაგალითად, აუზით სარგებლობა შეგეძლებათ.

სასტუმრო თბილისის ცენტრში, 26 მაისის მოედანზე მდებარეობს და უკვე წლებია, სტუმრებს აქტიურად იღებს.

საქართველოში კიდევ ერთი ძვირად ღირებული სასტუმრო Biltmore Hotel Tbilisi-ა, სადაც ერთი ღამის გატარება 538 ლარიდან იწყება და ფასი ნომრის კლასისა და სერვისის მიხედვით იზრდება.

შვიდვარსკვლავიანი სასტუმრო "ბილტმორი" თბილისში 2016 წელს გაიხსნა. როგორც ბრენდის ოფიციალურ ვებგვერდზეა მითითებული, სასტუმრო 214 ნომერს აერთიანებს და დასვენებისთვის საჭირო ყველა სერვისს მოიცავს. სასტუმროში საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული Royal Suite ნომერი ერთი ღამით საშუალოდ, 5 500 ლარი ჯდება, რომელში 2 საძინებელი და 3 აბაზანაა განთავსებული.

"ბილტმორის" ასაშენებლად "დაბი ჯგუფმა" 140 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა.

Colosseum Marina Hotel-ი ბათუმში მდებარეობს. ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, მომხმარებლებს სტანდარტულ ნომერს 444 ლარიდან სთავაზობს.

სასტუმრო ყველაზე მეტ სტუმარს ამ სეზონზე იღებს, შესაბამისად, ფასებიც დამსვენებლებისა და მომსახურების მიხედვით იზრდება.

Courtyard Marriot-ი თბილისში, თავისუფლების მოედანზე მდებარე შვიდსართულიანი სასტუმროა, რომელიც 118 ნომერს აერთიანებს. ამჟამად, სტანდარტული ნომრის ფასი აქ 360 ლარიდან იწყება.

Ambassadori - თბილისსა და კაჭრეთში მდებარეობს. თბილისში ერთი ღამის ღირებულება დაახლოებით 347 ლარიდან იწყება, ხოლო კაჭრეთში დაახლოებით, 227 ლარიდან.

ზაფხულის სიცხის გამო ვიზიტორები ძირითადად, კაჭრეთში ჩადიან, რადგან იქ უფრო გრილი ჰავა და მწვანე გარემოა.

ბათუმში მდებარე მრავალვარსვლავიან სასტუმრო Leogrand Batumi-ში ერთი ღამის გატარებას 320 ლარიდან შეძლებთ, თუმცა აგვისტოს მოახლოებასთან ერთად, როგორც აღნიშნულ, ისე სხვა სასტუმროებში, ფასებმა შესაძლოა მოიმატოს. "ლეოგრანდ ბათუმი" ერთ-ერთი ყველაზე მაღალი კლასის და პოპულარული სასტუმროა, რომელიც დამსვენებლების სიმცირეს არ განიცდის.

Hotel Intourist Palace ხუთვარსკვლავიანი სასტუმროა, რომელიც ბათუმში მდებარეობს. ფასები აქაც სეზონურობის მიხედვით იცვლება.

წელს სტუმრებს "ინტურისტში" დასვენება 306 ლარიდან შეუძლიათ.

Hilton-ში კი, რომელიც ასევე ბათუმში მდებარეობს, სტანდარტული ნომრის ფასი ამჟამად 300 ლარიდან იწყება და მოთხოვნების შესაბამისად იზრდება. "ჰილტონი" ხუთვარსკვლავიანი სასტუმროა, რომელიც 99 ნომერს მოიცავს.

თბილისში მდებარე Sheraton Metekhi Palace, სტუმრებს ერთი ღამით 250 ლარიდან იღებს. რაც შეეხება ბათუმში მდებარე სასტუმროს, მისი სტანდარტული ნომრის ღირებულება ამჟამად 273 ლარიდან იწყება და რა თქმა უნდა, ამ თანხაში საუზმე სხვა მომსახურება არ შედის.

"შერატონი" მაღალი კლასის, ხუთვარსკვლავანი სასტუმროა.

საქართველოში ბოლო დროს პოპულარული გახდა Rooms Hotel-ის ბრენდიც. თბილისსა და ყაზბეგში მისი მომსახურება ერთი ღამით ამჟამად, 290 ლარიდან იწყება, ხოლო ფასი საუზმის, საცურაო აუზისა და სხვა სერვისების მიხედვით იზრდება.

სასტუმრო "რუმსი" 4 ვარსკვლავიანია.

Hotel&PreferenceHualing-ი კი, რომელიც თბილისში მდებარეობს, სტუმრებს სტანდარტულ ნომერს 270 ლარიდან სთავაზობს.

კომპლექსი 2015 წელს გაიხსნა და 247 ნომრით სტუმრებს აქტიურად ემსახურება.

ჩამოთვლილზე დაბალი ან მიახლოებული ფასები შესაძლოა, საქართველოში მდებარე სხვა სასტუმროებსაც ჰქონდეს. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ სას

ტუმროებში ნომრების ფასები სეზონის მიხედვით ცვალებადია. ახლა მაგალითად, აგვისტოს მოახლოებასთან ერთად, სასტუმროების წარმომადგებლებმა განგვიცხადეს, რომ ფასების მატებაა მოსალოდნელი.

 

მარიამ მენაბდიშვილი

myquiz