5 პრობლემა, რასაც მიწის უცხოელებზე გასხვისების აკრძალვა გამოიწვევს | Allnews.Ge

5 პრობლემა, რასაც მიწის უცხოელებზე გასხვისების აკრძალვა გამოიწვევს

უცხო ქვეყნის მოქალაქეები საქართველოში დაახლოებით, 18 ათას ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწას ფლობენ, რაც სავარგულების მთლიანი ფართობის 0,7%-ია. ასეთია საქართველოს ფერმერთა ასოციაციის მონაცემები.

ასოციაციის თავმჯდომარის, ნინო ზამბახიძის თქმით, სტატისტიკური მონაცემებიდანაც ჩანს, რომ უცხოელებზე მიწის გასხვისების აკრძალვის შესახებ კანონის მიღების აუცილებლობა არ არსებობს. გარდა ამისა, სპეციალისტი მიიჩნევს, რომ ასეთი რეგულაციების ამოქმედებით, ფერმერებს სერიოზული ფინანსური პრობლემები შეექმნებათ, რომელთა ჩამონათვალსაც თავად ნინო ზამბახიძე და ეკონომისტები, ბესო ნამჩავაძე და დავით ასლანიშვილი გვთავაზობენ:

მიწა ყველაზე იაფი რაჭა-ლეჩხუმშია - "რეზონანსი"

1. ბანკებისთვის იპოთეკური სესხის გაცემისას სასოფლო-სამეურნეო სავარგულები მიმზიდველი აღარ იქნება.

ნინო ზამბახიძე განმარტავს, რომ ბანკების წილის უმეტესობას უცხოური კომპანიები ფლობენ, შესაბამისად, თუ ფერმერს ფინანსური პრობლემები შეექმნება და სესხს ვეღარ დაფარავს, კომპანიებს იპოთეკაში ჩადებული მიწების გადაფორმების უფლება აღარ ექნებათ, - "ცხადია, ასეთ მაღალ რისკს არცერთი ბანკი არ გასწევს, ამიტომ ფერმერებისთვის იპოთეკური სესხის მიცემა მათთვის მიმზიდველი აღარ იქნება" - განმარტავს საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე.

2. სასოფლო-სამეურნეო მიწებზე ფასები შემცირდება

ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის თქმით, სასოფლო-სამურნეო მიწის ნაკვეთებზე ფასების შემცირება მსხვილ ქართულ კომპანიებს ხელის მოთბობის საშუალებას მისცემს, რაც დიდი ფართობის ძალიან ხელმისაწვდომ ფასად შეძენაში გამოიხატება.

"დონორებისა და ხელისუფლების დახმარებით მცირე ბიზნესმა ზრდა დაიწყო და საშუალოდ უნდა იქცეს, საშუალო კი მსხვილ წარმოებად, და სწორედ ასეთ დროს ვიღებთ კანონს, რომლითაც ვზღუდავთ მათ.

კერძო საკუთრება ვისზე გასხვიდება, მთავრობა არ უნდა აკონტროლებდეს

საკუთრების უფლება არის კონტიტუციური უფლება", - აღნიშნავს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე და დასძენს, რომ ფერმერებში ამ საკითხზე არაერთგვაროვანი მოსაზრება არსებობს, მაგრამ ისინი მიიჩნევენ, რომ მიწას გაყიდიან თუ თავად დაამუშავებენ და მოსავალს მოიყვანენ, მათი გადასაწყვეტია და არა ხელისუფლების.

3. ბანკები იპოთეკის სანაცვლოდ უფრო დიდი ფართობის მიწის ნაკვეთს მოითხოვენ

ეკონომისტ ბესო ნამჩავაძის თქმით, კანონის ამოქმედების შემდეგ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებზე ფასების შემცირება ბანკებისთვის, სიგნალი იქნება, რომ იპოთეკური სესხის სანაცვლოდ თუ აქამდე 10 ჰეტარი მიწა სურდათ, შემდეგ 15-20 ჰექტარი მოითხოვონ.

"ბანკები ასეთი სესხების გაცემას იშვიათად გარისკავენ, შესაბამისად, ფერმერებს უარს ხშირად ეტყვიან," - დასძენს ეკონომისტი.

4. ინვესტორთა რაოდენობა შემცირდება

ბესო ნამჩავაძის თქმით, კანონი, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის მიწის მიყიდვას კრძალავს, ქსენოფობიურ ხასიათს ატარებს, შესაბამისად, ინვესტორები დაინახავენ, რომ საქართველოში ასეთი გარემოა და თანხის დაბანდებას გადაიფიქრებენ.

"რადგან ასეთი აკრძალვა მაინცდამაინც უცხოელებზე ხდება, ქსენოფობიურ ხასიათს ატარებს, რაც პოტენციურ ინვესტორს არამარტო სოფლის მეურნეობაში არამედ სხვა სფეროებშიც დააფრთხობს. კერძოდ, როდესაც ინვესტორი დაინახავს, რომ ამ ქვეყანაში უცხოელებზე მიწის მიყიდვა აიკრძალება, ეს მათთვის სიგნალი იქნება, რომ ქვეყანაში აღარ შემოვიდნენ," - განმარტავს ის.

5. უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწების გასხვისების აკრძალვა ფერმერების ფინანსურ მდგომარეობას ვერ გააუმჯობესებს

ეკონომისტი დავით ასლანიშვილი მიიჩნევს, რომ ასეთი კანონის მიღებით ისედაც დაბალი შემოსავლის მქონე ფერმერებს დამატებით პრობლემას შეუქმნის, რადგან საკუთრების რეალიზაციის უფლებაც კი აღარ ექნებათ, გარანტია, რომ მიწას დაამუშავებენ კი არ იარსებებს.

"ამ კანონით ფერმერებს ვეუბნებით, რომ მიწის მიყიდვა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის უნდა მოხდეს, ამით კი თავისუფლებას ვუზღუდავთ, იქნებ მათ ასე მოქცევა სულაც არ სურთ. დღეს, სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უმეტესობას სახელმწიფო ფლობს.

ჩემი აზრით, საჭიროა, რომ ეს მიწები მოსახლეობაზე უსასყიდლოდ დარიგდეს.

ამ გზით მიწებს ფასი დაედება და მათი დამუშავებაც მოხდება. მიზეზი კი მოსახლეობის მფლობელობაში არსებული სავარგულების ფართობის ზრდა იქნება, რადგან ფერმერები დაინახავენ, რომ უფრო მეტის წარმოების საშუალება მიეცათ," - განმარტავს ის.

რა პოზიცია აქვთ კანონპროექტის ავტორებს?

კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორი, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულია აღიარებს, რომ ასეთი კანონის მიღება ინვესტორებს "აღფრთოვანებაში ვერ მოიყვანს," თუმცა მიიჩნევს, რომ პრობლემის სხვა საკითხებით კომპენსირება შესაძლებელია.

"ამისი გადაფარვა არანაკლებ მნიშვნელოვანი რაღაცებით, მაგალითად, მაღალი სტანდარტების მქონე სასამართლოთი, დავების ობიექტურად გადაწყვეტითა და ბაზარზე რეალური კონკურენციის არსებობით. სწორედ ეს იზიდავს ინვესტორს და არა მაინცდამაინც მიწის საკუთრება, რისი იჯარით ჩანაცვლებაც შესაძლებელია," - განმარტავს ის.

რომან კაკულიას თქმით, მისი პოლიტიკური გუნდის პოზიცია სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში საქართველოს მოსახლეობის ჩართვაა, რასაც ეს კანონპროექტი ხელს შეუწყობს. დეპუტატს ასევე მიაჩნია, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწები წლების განმავლობაში გამოუყენებლად დატოვების უფლება არც ქართველს და არც უცხოელს არ უნდა ჰქონდეს, - "ორგანულ კანონს ამ მიწებზე მონიტორინგის ფუნქციაც უნდა ჰქონდეს, რათა არცერთი მათგანი დაუმუშავებელი არ დარჩეს. მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს კანონპროექტში სათანადოდ აისახოს," -დასძენს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი.

ამჟამად სასოფლო- სამეურნეო მიწების უცხოელებზე გახსვისება შეჩერებულია. რომან კაკულიას თქმით, აღნიშნული მორატორიუმი საკანონმდებლო ცვლილებების ამოქმედებამდე უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე სასოფლო-სამეურნეო მიწების რეალიზაციის პროცესის დაჩქარებას აღკვეთს.

მარიამ მენაბდიშვილი

 

myquiz