საქართველოში ქარის სადგურების ასაშენებლად რამდენიმე ადგილი გამოიკვეთა | Allnews.Ge

საქართველოში ქარის სადგურების ასაშენებლად რამდენიმე ადგილი გამოიკვეთა

კვლევების შედეგად გამოვლენილია ქარის ეფექტური ელექტროსადგურების პერსპექტიული მშენებლობის რამდენიმე მოედანი, მათ შორის: ფოთი, ჭოროხი, ქუთაისი, მთა-საბუეთი I, მთა-საბუეთი II, გორი-კასპი, ქარავანი, სამგორი, რუსთავი. ამის შესახებ ინფორმაციას ენერგეტიკის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საქართველოს გააჩნია ქარის ენერგიის მნიშვნელოვანი პოტენციალი, რომლის საშუალო წლიური რაოდენობა 4 მლრდ კვტ.სთ-მდე არის შეფასებული.

გორის ქარის ელექტროსადგური გასხვისდება

"ქარის ენერგეტიკული ბუნებრივი პოტენციალის მიხედვით საქართველოს ტერიტორია დაყოფილია ოთხ ზონად:

1. მაღალი სიჩქარეების ზონა - სამხრეთ საქართველოს მთიანეთი, კახაბერის ვაკე და კოლხეთის დაბლობის ცენტრალური ნაწილი. სამუშაო პერიოდის ხანგრძლივობა 5 000 სთ-ზე მეტია წელიწადში.

2. ნაწილობრივ მაღალსიჩქარიანი და დაბალსიჩქარიანი ზონა - მტკვრის ხეობა მცხეთიდან რუსთავამდე, ჯავახეთის სამხრეთი ნაწილი, შავი ზღვის სანაპირო ზოლი ფოთიდან კახაბერის ვაკემდე. სამუშაო პერიოდის ხანგრძლივობა შეადგენს წელიწადში 4500-5000 სთ-ს.

3. დაბალსიჩქარიანი ქედების ეფექტიანი ექსპლუატაციის ზონა - გაგრის ქედი, კოლხეთის დაბლობი და აღმოსავლეთ საქართველოს დაბლობები.

4. დაბალსიჩქარიანი ქედების შეზღუდული გამოყენების ზონა - იორის ზეგანი და სიონის წყალსაცავი.

საქართველოს ტერიტორიის დანარჩენი ნაწილის ქედები ქარის ელექტროსადგურების ექსპლუატაციისათვის არ გამოდგება", - წერია ენერგეტიკის სამინისტროს ვეგვერდზე.

რამდენი ელექტროენერგია გამოიმუშავა გორის ქარის ელექტროსადგურმა გუშინდელი ქარიშხლის დროს

ამასთან, სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ქარის ენერგეტიკას ამჟამად გააჩნია ყველაზე კონკურენტუნარიანი ენერგეტიკული ტექნოლოგია.

მეცნიერთა შეფასებით, ქარის ელექტროსადგურების წილი მსოფლიო ენერგეტიკაში 2025 წლისათვის 10%-ს მიაღწევს. 2007 წელს გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს მთავრობასა და ქართულ-ამერიკული კომპანია "ქარიდანს" შორის 24-მეგავატიანი ქარის ელექტროსადგურის მშენებლობაზე, რომელიც თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება. პროექტის ღირებულება 24 მილიონი დოლარია.

myquiz