როგორია საქართველოს მეზობელი ქვეყნების ეკონომიკური მდგომარეობა | Allnews.Ge

როგორია საქართველოს მეზობელი ქვეყნების ეკონომიკური მდგომარეობა

საქართველოს მოსაზღვრე ქვეყნების ნაწილი ნავთობს მოიპოვებს, მის საექსპორტოდ გააქვს და შესაბამის შემოსავალსაც იღებს, ზოგიერთი მათგანის ეკონომიკა კი ვაჭრობაზე დგას.

ჩვენს ქვეყანას  შავი ოქროსგან მოგება არ აქვს, შესაბამისად სხვა სფეროებზეა ორიენტირებული. "საქსტატის" მონაცემების მიხედვით, 2016 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი 2,6%-ით გაიზარდა, ინფლაციის დონე კი ამჟამად დაახლოებით, 6,1%-ია.

Allnews.ge დაინტერესდა, როგორია მეზობელი ქვეყნების ეკონომიკური მდგომარეობა და შემოსავლები, რის შესახებაც ეკონომისტ ემზარ ჯგერენაიას გავესაუბრეთ და "მსოფლიო ბანკისა" და "აზიის განვითარების ბანკის" კვლევებს გავეცანით. ეკონომისტის თქმით, მეზობელი ქვეყნების ეკონომიკური მდგომარეობა სახარბიელო არ არის. რაც შეეხება ბანკებს, მათი შეფასებით, ქვეყნები რთულ ფინანსური მდგომარეობის დაძლევას ნელ-ნელა ახერხებენ. ჩვენ სომხეთის, რუსეთის, თურქეთისა და აზერბაიჯანის ეკონომიკის შესახებ ინფორმაციას გთავაზობთ:

სომხეთის ეკონომიკა ძირითადად ტრანსფერებზე დგას, რომელსაც რუსეთიდან და სომეხი ბიზნესმენებისგან მიღებენ, რომლებიც საქმიანობას უცხოეთში ეწევიან. "აქ დიასპორას დიდი წვლილი მიუძღვის და ბუნებრივია, სომხეთის ეკონომიკაში დიდ როლს რუსეთის ბაზარი თამაშობს, სომხეთში მოსახლეობას მძიმე ეკონომიკური პრობლემები აქვს,"- განმარტავს ჯგერენაია.

სომხეთის ეკონომიკა, 2016 წელს დაახლოებით, 0,2%-ით გაიზარდა, რაც 2015 წელს კი 0,3%-იანი ზრდა დაფიქსირდა. "აზიის განვითარების ბანკის" ინფორმაციით, 2017 წელს  ხელისუფლება მთლიანი შიდა პროდუქტის 2,2%-ით, ხოლო 2018 წელს 2,5%-ით ზრდას გეგმავს. "სომხეთის გეგმები ინფლაციის დაბალ მაჩვენებელსა (დაგეგმილია 1,2%) და მიმდინარე ფინანსური მდგომარეობის დაბალანსებას უკავშირდება. ქვეყანა ორინტირებული საექსპორტო პროდუქციის წარმოებასა და ინოვაციებზე უნდა იყოს," - ნათქვამია ბანკის კვლევაში.

აღსანიშნავია, რომ ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 2012 წლიდან, გასული წლის ჩათვლით, მნიშვნელოვნად შემცირდა და 7,2%-დან 0,2%-მდე დაეცა, რაც უკვე 2016 წლის მაჩვენებელია, შესაბამისად, ქვეყანა შეიძლება რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე მცირე ეკონომიკის მქონე სახელმწიფოდ დასახელდეს.

ემზარ ჯგერენაიას შეფასებით, აზერბაიჯანის ეკონომიკამ, ბოლო პერიოდში მეტნაკლებად "ამოისუნთქა". მიზეზი ნავთობია, რომელიც ქვეყანის ძირითადი შემოსავლის წყაროა, მისმა ფასმა კი ბოლო პერიოდში საგრძნობლად მოიმატა.

"აზიის განვითარების ბანკის" განმარტებით, აზერბაიჯანის ხელისუფლების გეგმა ეკონომიკისა და ნავთობის სექტორის ერთმანეთისგან გამიჯვნაა. ქვეყანა ეკონომიკის ზრდასა და რეგიონებზე ორიენტირებული უნდა გახდეს. აზერბაიჯანში ინფლაცია 4%-მდეა, ხოლო მშპ 6%-ია, რაც ემზარ ჯგერენაიას ქვეყნის ეკონომიკის ზუსტ მაჩვენებლად არ მიაჩნია, რადგან მისი აზრით, აზერბაიჯანის ეკონომიკა უფრო განვითარებულია.

რუსეთს დასავლეთის მხრიდან სანქციები აქვს დაწესებული, რის გამოც, ეკონომისტის თქმით, დიდი ზიანი მიადგა და ამჟამად საკმაოდ სახიფათო ნიშნულზეა. "ვფიქრობ, რომ თუ წლის ბოლომდე ასე გაგრძელდება, რუსეთის ეკონომიკას სერიოზული პრობლემები შეექმნება. ქვეყანა ძირითადად, ფერად ლითონებსა და ნავთობზე დგას," - აღნიშნავს ჯგერენაია.

"მსოფლიო ბანკის" შეფასებითაც რუსეთის ეკონომიკის ზრდა შეფერხებულია, მიზეზი კი დასავლეთის მიერ 2014 წლიდან დაწესებული სანქციებია. ბოლო ორი წლის განმავლობაში რუსეთის ხელისუფლებამ ვალუტის გაცვლითი კურსის დასარეგულირებლად სარეზერვო ფონდის გვერდის ავლით, ხარჯები შეამცირა და ეროვნული ბანკის სტრუქტურა შეცვალა. "მსოფლიო ბანკის" შეფასებით, ქვეყნის ეკონომიკა რეცესიიდან ნაბიჯ-ნაბიჯ გამოდის, რადგან 2016 წელს მთლიანი შიდა პროდუქტი მხოლოდ 0,9%-ით შემცირდა, რაც 2015 წელთან შედარებით, დაბალი მაჩვენებელია (2015 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის შემცირება 3,7%-ით მოხდა). 2016 წელს, ქვეყანამ გარკვეულწილად შეძლო ინფლაციის დაძლევა, რადგან ამავე წლის ოქტომბერში, ინფლაციის მაჩვენებელი 7,4% იყო, 2015 წელს კი 15,9% ფიქსირდებოდა.

რაც შეეხება თურქეთს, ეკონომისტ ემზარ ჯგერენაიას თქმით, თურქეთი, წინა წლებთან შედარებით რთულ მდგომარეობაშია, რადგან ქვეყანაში ვაჭრობა შეფერხდა. "თურქეთში ინფლაცია დღეს 3,2%-ია, ლირის დევალვაციამ ბოლო პერიოდში 20%, ხოლო მშპ-ს ზრდამ ბოლო პერიოდში 3% შეადგინა," - აღნიშნავს ის.

"მსოფლიო ბანკის" შეფასებით, თურქეთი ამჟამად საშუალოზე მაღალშემოსავლიანი ქვეყანაა, რადგან 2000 წლის შემდეგ განხორციელებულმა მაკროეკონომიკურმა პოლიტიკამ და ფისკალურმა სტაბილურობამ შედეგი გამოიღო. თურქეთმა ასევე წარმატებით დაძლია 2008-2009 წლის მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი. 2015-2016 წელს მომხდარმა პოლიტიკურმა ცვლილებებმა და რეფერენდუმმა კი ქვეყანა გამოწევების წინაშე დააყენა, ამავდროულად, თურქეთი ტერორისტების სამიზნეც გახდა, რამაც უცხოური ინვეტიციების შემოდინება შეამცირა, შესაბამისად, ეკონომიკის ზრდაც შეფერხდა.

"მსოფლიო ბანკის" განმარტებით, ეკონომიკის თვალსაზრისით, თურქეთი ევროკავშირის ქვეყნების დონეზეა, თუმცა ახლანდელი პრობლემების დასაძლევად განათლების დონის ამაღლება ესაჭიროება. ქვეყნის შემოსავლის ძირითადად წყაროს კი ვაჭრობა წარმოადგენს.

ემზარ ჯგერენაიას შეფასებით, თუ მეზობელი ქვეყნების ეკონომიკური მდგომარეობა გართულდება, ეს ხელსაყრელი ჩვენთვისაც არ იქნება, რადგან ადგილობრივი პროდუქცია ექსპორტზე გაგვაქვს.

"საქართველოს ეკონომიკის მეზობელი ქვეყნებისთვის შედარება არარელევანტურად მიმაჩნია.

საქართველოს ნავთობი არ აქვს, თურქეთის ეკონომიკა კი ძალიან დიდია და ფაქტობრივად, ეკონომიკურ ჰაბს წარმოადგენს," - აღნიშნავს ის.

სპეციალისტის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა მყარ ფინანსურ სექტორზე, ექსპორტზე, ტრანსფერებსა და ტურიზმზე დგას. "საქსტატის" მონაცემების მიხედვით, 2017 წლის იანვარ-მარტში, საგარეო ვაჭრობამ 2 285 მილიონი დოლარი, 2016 წელს ტურისტთა რაოდენობამ კი 1 080 000 მილიონი შეადგინა.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ტურიზმი ვითარდება და ლარი დოლართან მიმართებაში მყარდება, "მსოფლიო ბანკის" შეფასებით, ქვეყანა გამოწვევების წინაშე დგას, რადგან მაკროეკონომიკა ფისკალურ მდგრადობასთან (საგადასახადო პოლიტიკა) დაკავშირებით რისკებს შეიცავს.

გარდა ამისა, ტერიტორიისა და მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით,  Index mundi-მ საქართველოსა და სომხეთის ეკონომიკა ერთმანეთს შეადარა, რომლის შედეგადაც გამოიკვეთა, რომ აგროსექტორისა და ინდუსტრიის თვალსაზრისით, სომხეთი შედარებით განვითარებულია, თუმცა, ფინანსური სტაბილურობა საქართველოში უფრო შეინიშნება.

როგორც აღინიშნა, რეგიონის დანარჩენი ქვეყნები კრიზისიდან გამოსვლას ნელ-ნელა ახერხებენ, რაც როგორც ნავთობზე ფასის ზრდის (ერთი ბარელი ბრენტის ტიპის ნავთობი 55,81$, ხოლო WTI-ს ტიპის ნავთობი 53,40$ ღირს), ისე ვალუტის კურსის დასტაბილურების დამსახურებაა.

 

მარიამ მენაბდიშვილი

myquiz