გაკოტრებული კომპანიები საქართველოში | Allnews.Ge

გაკოტრებული კომპანიები საქართველოში

გიორგი ბერიძემ კომპანია 2013 წელს დაარეგისტრირა. მის მფლობელობაში არსებულ რამდენიმე თონეში 8 ადამიანს ასაქმებდა, 2 თანამშრომელი კი პურის მაღაზიებში დისტრიბუციას უზრუნველყოფდა. გიორგის მცირე ბიზნესი 2 წლის განმავლობაში საკმაოდ წარმატებით ფუნქციონირებდა, თუმცა საბოლოოდ მისი საქმიანობა შემოსავლის ეტაპობრივი კლებითა და საბოლოოდ გაკოტრებით დასრულდა. ბერიძეს კომპანია ოფიციალურად გაკოტრებულად არ გამოუცხადებია და ის კვლავაც აქტიური სუბიექტების სიაშია. რეალურად კი საქმიანობა შეჩერებულია.

გიორგის საქმიანობის მსგავსად, საქართველოში ბევრი მცირე თუ საშუალო კომპანია ამთავრებს საქმიანობას გაკოტრებით. მაგრამ, ასევე გიორგის მსგავსად, არც ისინი აფიქსირებენ ოფიციალურად საქმიანობის შეჩერებას.

საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ Allnews.ge-სთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2014-2016 წლებში გადახდისუუნარობის საქმისწარმოების დასრულების და/ან გაკოტრებულად გამოცხადების თაობაზე სასამართლო აქტის საფუძველზე გაუქმებულია 280 მეწარმე იურიდიული პირის რეგისტრაცია. ეკონომისტების თქმით, კი რეალურად საქართველოში ბევრად მეტი გაკოტრებული კომპანიაა.

"საქართველოში კომპანიის დარეგისტრირება ძალიან მარტივია. გაუქმება/ლიკვიდაცია კი ძალიან რთულია.

შესაბამისად, ადამიანები კომპანიებს ოფიციალურად კი არ ხურავენ, არამედ უბრალოდ ანულებენ ანგარიშებს და ისე ტოვებენ. გაუქმებას დამატებითი დროის და ფინანსური რესურსი უნდა, ამიტომაც არ აკეთებენ ამას. გაკოტრების ოფიციალური გამოცხადება გამონაკლის შემთხვევებში ხდება ხოლმე, როცა ამის განსაკუთრებული მოთხოვნა არსებობს, მაგალითად, პარტნიორის მხრიდან. სხვა შემთხვევაში კი უბრალოდ ისე რჩება ხოლმე," - განმარტავს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი მერაბ ჯანიაშვილი.

მისივე თქმით, საქართველოში ბაზარი მეტად არაკონკურენტულია და სწორედ ესაა კომპანიების გაკოტრების ძირითადი მიზეზი.

"აშშ-ში ოფიციალური მონაცემების თანახმად, ყოველი 10 მცირე და საშუალო სტარტაპიდან 9 კოტრდება. ამერიკაში რომ ასეთი მდგომარეობაა, მარტივი წარმოსადგენია, რეალურად რამდენი კომპანია გაკოტრდება საქართველოში ყოველწლიურად," - დაამატა ჯანიაშვილმა.

კომპანიის გაკოტრებას ოპერირების პერიოდში დაშვებული შეცდომები განაპირობებს. საქართველოში მოქმედი წამყვანი საკონსულტაციო კომპანიები აღნიშნავენ, რომ არასაკმარისი დაგეგმვა და ზედმეტი ოპტიმიზმი არის ის მთავარი შეცდომები, რომელსაც დამწყები ბიზნესმენები ხშირად უშვებენ. საქმიანობის დაწყებისას ერთ-ერთი მთავარი შეცდომაა ისიც, რომ დამწყები ბიზნესმენები სფეროს სათანადოდ არ იცნობენ. წარმატების მიღწევაში დიდი როლი პარტნიორს აკისრია, ამიტომ მისი შერჩევის დროს დაშვებული შეცდომა ხშირად ბიზნესის წარუმატებლობით სრულდება ხოლმე. დამწყები ბიზენსმენების კიდევ ერთი მთავარი შეცდომა ფინანსების არასწორი დაგეგმვა და მართვაა. ასევე, დიდი შეცდომაა, როცა დაშვებული შეცდომების შემდეგ საქმის კეთებას აჩერებენ და სრულიად წყვეტენ საქმიანობას ამა თუ იმ მიმართულებით.

საქართველოში უკანასკნელ პერიოდში დიდი კომპანიების გაკოტრების რამდენიმე ფაქტი დაფიქისრდა. მათ შორის იყო მარკეტების ქსელი "პოპული", რომელიც სხვა ქსელური მარკეტების კომპანიის მმართველობაში გადავიდა. ასევე, ტელეკომპანია "მაესტრო".

"ფორბსის" ცნობით კი, ბოლო წლებში მსოფლიოს მასშტაბით გაკოტრებული დიდი კომპანიების ჩამონათვალი ასე გამოიყურება: ტანსაცმლის ცნობილი მწარმოებელი Mexx, მალაიზიის ნაციონალური ავიაგადამზიდი Malaysia Airlines, იარაღის მწარმოებელი კომპანია Colt, საფეხბურთო კლუბი "პარმა", სპორტული ავტომობილების მწარმოებელი Spyker, ავტომობილების კორპორაცია General Motors, სატელეკომუნიკაცოი კორპორაცია WorldCom.

ნანა მღებრიშვილი

myquiz