შსს 104 260 კგ შოკოლადისა და 125 კგ კარამელის კანფეტის შეძენას გეგმავს | Allnews.Ge

შსს 104 260 კგ შოკოლადისა და 125 კგ კარამელის კანფეტის შეძენას გეგმავს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 104 260 კგ შოკოლადისა და 125 კგ კარამელის კანფეტის შეძენას გეგმავს.

შსს-მ ტენდერი ტკბილეულის შესყიდვაზე 22 თებერვალს გამოცხადა. შესყიდვისთვის, უწყების სატენდერო კომისიის ოქმის მიხედვით, 1 058 989 ლარია გათვალისწინებული.

სატენდერო დოკუმენტში მითითებულია, რომ აღნიშნული ტენდერით შოკოლადისა და კარამელის შესყიდვა, შსს-ის დაქვემდებარებული სამი სტრუქტურისთვისაა გათვალისწინებული:

ლოჯისტიკის დეპარტამენტი - 76 260 კგ შოკოლადი და 110 კგ კარამელი;

სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტი – 5 500 კგ შოკოლადი და 15 კგ კარამელი;

სასაზღვრო პოლიცია – 22 500 კგ შოკოლადი;

მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა. უწყების ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა განცხადება, რომელსაც Allnews.ge უცვლელად გთავაზობთ:

"ვეხმაურებით მასმედიის საშუალებების მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეებისთვის საჭირო კვების პროდუქტების შესყიდვისათვის გამოცხადებული ელექტრონული ტენდერის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.

გვსურს, განვმარტოთ, რომ შს სამინისტრო კვების პროდუქტებით უზრუნველყოფას ახორციელებს მხოლოდ მკაცრად განსაზღვრული კონტიგენტისთვის. მისი საერთო რაოდენობა, დღეში, დაახლოებით, 5 ათას პირს შეადგენს.

შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის, კერძოდ, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის, სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის, ობიექტების დაცვის დეპარტამენტის, ლოჯისტიკის დეპარტამენტის, სასაზღვრო პოლიციის და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის საჯარისო დანაყოფებისა და ვადიანი სამხედრო მოსამსახურეებისთვის, ასევე, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველებისთვის, შესაბამისი ბრძანებების საფუძველზე, საერთო საჯარისო სასურსათო იჯრით გათვალისწინებულ სხვა საკვებ პროდუქტებთან ერთად, შოკოლადის დღიური ნორმა ერთ მოსამსახურეზე განსაზღვრულია 50-60 გრამით, ხოლო მშრალ სასურსათო ულუფაში - 100-120 გრამით. ყოველდღიურად, შსს-ს ზემოაღნიშნულ დანაყოფებში გაიცემა, დაახლოებით, 300კგ შოკოლადის ნაწარმი.

საქართველოს შს სამინისტრო სხვადასხვა დანაყოფისთვის კვების პროდუქტების, მათ შორის, შოკოლადის ნაწარმის შესყიდვას 2005 წლიდან ახორციელებს. მიმდინარე წლიდან, შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის N642-ე ბრძანების საფუძველზე, საკვები პროდუქტების შესყიდვა ხდება ერთობლივი ელექტრონული ტენდერის საშუალებით, რომელიც არის საჯარო და გამჭვირვალე.

მიგვაჩნია, რომ ჩვენი ჯარისკაცების, მესაზღვრეებისა და მეხანძრე-მაშველებისთვის დღიურ ნორმად განსაზღვრულ შოკოლადზე აჟიოტაჟის ატეხვა სრულიად მიუღებელია და ემსახურება, როგორც მათ დემოტივაციას, ასევე, შსს-ს მიზანმიმართულ დისკრედიტაციას."

ნარიტა ჩხაიძე

myquiz