20.01.2017 / 10:43
შრიფტის ზომა:

რა მოხდება თუ საქართველო ლარიდან დოლარზე გადავა

მას შემდეგ რაც ლარი საგრძნობლად გაუფასურდა, საზოგადოებაში ეროვნული ვალუტის გამყარების არაერთი მეთოდი გაჟღერდა. მათ შორის არის დოლარზე გადასვლის ვერსიაც.

რამდენიმე დღის წინ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერმა, გიგი უგულავამ და ასევე პოლიტიკურმა პლატფორმამ "გირჩი" განაცხადეს, რომ საქართველოში მიმოქცევაში ლარის ნაცვლად დოლარი უნდა იყოს.

"მიდის გლობალიზაცია, შემოდის ელექტრონული ბანკნოტები და საერთოდ ფული აღარ არის ეროვნული სიამაყე. რაის ეროვნული სიამაყეა ლარი, 20 წლის წინანდელი პროდუქტია და ტრანსფორმაცია მიდის ამ სფეროში. ეს საერთოდ უნდა მოიხსნას და იყოს მიმოქცევაში დოლარი, ყველანი დოლარით აზროვნებენ. თუ მოუხსნი ინვესტორს პრობლემას ამ სავალუტო მანიპულაციების, გაცილებით უფრო მიმზიდველი იქნები შენ, როგორც ქვეყანა", - განაცხადა გიგი უგულავამ.

ეკონომისტები კი განსხვავებულად ფიქრობენ.

ზურაბ კუკულაძის აზრით, მიმოქცევაში დოლარის ჩაშვება პოპულისტური იდეაა, რომელსაც რეალური ეკონომიკური საფუძველი და გამართლება ვერ ექნება, რადგან თუ უცხოურ ვალუტაზე გადავალთ, ამით მაკროეკენომიკური პრობლემები შეგვექმნება:

"უცხოური ქვეყნების ეკონომიკაზე დამოკიდებული გავხდებით, და ჩვენი მთავრობის ფუნქცია გაქრება, იმიტომ რომ მას ეკონომიკური ბერკეტები არ ექნება და ასეთი იდეა, ჩემი აზრით, არანაირ ყურადღებას არ იმსახურებს," - განმარტავს ის.

ლარის დოლარით ჩანაცვლების იდეას არც ეკონომისტი დავით ასლანიშვილი ემხრობა. მისი თქმით, მაგალითი არგენტინისგან უნდა ავიღოთ, რომელიც პესოზე დოლარის მიბმიდან რამდენიმე თვეში ეკონომიკური კოლაფსის წინაშე აღმოჩნდა.

"საქართველოს 15,5 მილიარდის ოდენობით საგარეო ვალი აქვს, რომელიც უნდა დავფაროთ და ამ შემთხვევაში ამ ვალის გასტუმრების პრობლემა შეგვექმნება. თუ ქვეყანა დოლარზე გადავა, კაპიტალის ჩვენგან გადინება მოხდება, შეიძლება ითქვას, რომ რამდენიმე თვის შემდეგ გადახდისუუნარო ქვეყანა გავხდებით,"- განმარტავს ის.

"საზოგადოება და ბანკების" თავმჯდომარის, გიორგი კეპულაძის თქმით კი, დოლარზე გადასვლის შემთხვევაში, მონეტარული პოლიტიკა არ გვექნება, ეროვნული ბანკის საჭიროება აღარ იქნება, ეს ძალიან ბევრ მტკივნეულ რეფორმასთან არის დაკავშირებული და პირდაპირ ამერიკულ დოლარზე მარტივად გადასვლა ასე არ მოხერხდება, - "დოლარზე გადასვლა საქართველოს ეკონომიკურ პრობლემებს ვერ გადაჭრის, ეს ამ ეტაპზე გამოსავალი არ არის. ერთადერთი გამოსავალი ჩვენი ეკონომიკის სწრაფ ზრდაში და სწორ ეკონომიკურ პოლიტიკაშია," - აღნიშნავს ის.

აღსანიშნავია, რომ ლარის დოლარით ჩანაცვლების იდეა კახა ბენდუქიძესაც ჰქონდა, თუმცა "საქართველოს ეროვნული ბანკის" მაშინდელმა დირექტორმა, რომან გოცირიძემ, იდეას მხარი არ დაუჭირა.

 

მარიამ მენაბდიშვილი