ყველაზე მდიდრები საქართველოდან | Allnews.Ge

ყველაზე მდიდრები საქართველოდან

ამ დროისთვის საქართველოში ოფიციალურად მხოლოდ ერთი მილიარდელი - ბიძინა ივანიშვილი ფიქსირდება. თუმცა "ფორბსის" 2016 წლის მილიარდერთა რეიტინგში საქართველოს ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის ქონება შემცირდა და წინა წლის რეიტინგთან შედარებით, ივანიშვილი შვიდი პოზიციით დაქვეითდა. ყოფილი პრემიერი მსოფლიოს მილიარდელებს შორის 298-ე პოზიციაზეა 4,8 მილიარდი დოლარის ქონებით. გასული წლის რეიტინგში ბიძინა ივანიშვილი 291-ე ადგილს იკავებდა 5,2 მილიარდი დოლარით. როგორც ჩანს, ივანიშვილს პოლიტიკაში მოსვლა ძვირად დაუჯდა, რადგან 2012 წელს მისი ქონება 6,4 მილიარდ დოლარს შეადგენდა. 2013 წელს კი საქართველოს პრემიერის ქონება 5,3 მილიარდი დოლარით შეფასდა.

"ფორბსი" ბიძინა ივანიშვილის შესახებ წერს: "2015 წლის ივნისში ბიძინა ივანიშვილმა რეკორდულ თანხად - 1,5 მილიონ დოლარად შეიძინა ნიკო ფიროსმანის "არსენალის მთა ღამით", მოგვიანებით კი ნახატი საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმს გადასცა. მისი შვილის, ბერას თანადგომით საქართველოში ახალი სატელევიზიო შოუ "2030" დაიწყო, რომელშიც თავად ივანიშვილი ხშირად ჩნდება".

ბიძინა ივანიშვილის გარდა, "ფორბსის" მილიარდელთა რეიტინგში კიდევ ერთი ქართული გვარი გვხვდება, თუმცა ის რეიტინგში არა საქართველოს, არამედ - რუსეთს წარმოადგენს. ალექსანდრე ჯაფარიძე 1,2 მილიარდი დოლარით 1476-ე პოზოციაზეა "ფორბსის" მილიარდელების რეიტინგში და 55-ე - რუსეთში. ჯაფარიძეს ნავთობის მოპოვების სერვისებსა და წარმოების სფეროში აქვს ბიზნესი. ის დაქორწინებულია და 5 შვილი ჰყავს.

ჯაფარიძე კომპანია Eurasia Drilling Company-ის აქციების უმსხვილესი პაკეტის მფლობელი და აღმასრულებელი დირექტორია, აღნიშნული კომპანია რუსეთში ნავთობის მოპოვების სერვისების უმსხვილესი მიმწოდებელია. მან დააარსა სერვისის მიმწოდებელი კომპანია Petroalliance, რომელიც მოგვიანებით Schlumberger-ს მიჰყიდა. ჯაფარიძემ იყიდა ნავთობის გიგანტის "ლუკოილის" შვილობილი კომპანია, რომელიც ნავთობის მოპოვებით სამუშაოებს აწარმოებს. გარიგება 2004 წელს შედგა და მისი ღირებულება 130 მილიონი დოლარი იყო. სწორედ ეს კომპანია გარდაიქმნა მოგვიანებით Eurasia Drilling Company-ად.

"ფორბსის" მილიარდელთა სიაში ამ დროისთვის სხვა ქართული გვარები არ ფიქსირდება, თუმცა სხვადსახვა მონაცემებით არსებობენ ადამიანები საქართველოდან, რომლებიც საქართველოსა თუ სხვა ქვეყნებში მილიარდებს ფლობენ. მათ შორის არიან თემურ სეფიაშვილი და დავით იაკობაშვილი.

დავით იაკობაშვილი "ფორბსის" მილიარდელების სიაში 2014 წელს შევიდა და სტატუსის შენარჩუნება მხოლოდ ერთი წელი შეძლო.

2014 წელს ის 1,2 მილიარდი დოლარით სიაში 1372-ე იყო.

Forbesn Russia იაკობაშვილის ქონებას 950 მილიონ დოლარად აფასებს. იაკობაშვილი რძისა და წვენების მწარმოებელი რუსული კომპანიის Wimm Bill Dan-ის თანადამფუძნებელი, აქციონერი და თავმჯდომარე იყო. აღნიშნული კომპანია Pepsico-მ 2010 წელს 4.2 მილიარდ დოლარად შეიძინა. იაკობაშვილმა რუსეთში დააარსა და განავითარა სოფლის მეურნეობის, უძრავი ქონების, სამთო და გასართობი ჰოლდინგები. ის ამჟამად Sistema JSFC-ის გამგეობის დამოუკიდებელი წევრია. საკუთარი ვებსაიტის თანახმად Sistema რუსეთსა და დსთ-ში ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო კომპანიაა, რომელსაც ინვესტიციები აქვს ტელეკომუნიკაციების, მაღალი ტექნოლოგიების, ნავთობისა და ენერგეტიკის, რადარებისა და კოსმოსის, საბანკო, საცალო, მასმედიის, ტურიზმისა და ჯანდაცვის მომსახურების სფეროებში.

იაკობაშვილი სახელი საქართველოში დავით კეზერაშვილსა და მის ბიზნესს უკავშირდება.

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ინფორმაციით, 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ დავით იაკობაშვილმა, თბილისში დაბადებულმა, მაგრამ რუსეთში მცხოვრებმა ბიზნესმენმა, რომელიც შვედეთის პასპორტით სარგებლობს, რამდენიმე სარეკლამო და ენერგეტიკული კომპანია შეიძინა. აღნიშნულ კომპანიებს მანამდე ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი აკონტროლებდა. გარიგება ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანიების მეშვეობით შედგა.

როგორც ირკვევა, 2011 წლიდან იაკობაშვილი რამდენიმე ენერგეტიკულ კომპანიაში კეზერაშვილის ბიზნესპარტნიორი იყო. თუმცა კომპანიებს ოფშორული ჰოლდინგები ფლობს და იაკობაშვილის ცნობადობა კი ქართულ საზოგადოებაში ძალზე დაბალი იყო, მისი კავშირები მხოლოდ მთავრობის ცვლილების შემდეგ გახდა საჯარო.

საქართველოში იაკობაშვილმა "სმოდ ედვერთაიზინგი" 345,000 დოლარად შეიძინა Milarm Internationa Corp-ის (ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები) მეშვეობით. 2013 წლის მაისში იაკობაშვილის წარმომადგენელმა საქართველოში, ალექსანდრე ბერიძემ, ფაქტობრივად, დაადასტურა იაკობაშვილის საკუთრებაში კიდევ ერთი სარეკლამო კომპანიის "აუთდორ ჯის" არსებობა.

იაკობაშვილმა "უნივერსალ კაპიტალ გრუპი" (UCG) 2 მილიონ დოლარად შეიძინა და მას Gannado Worldwide-ისა (ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები) და Redeli Management Limited-ის (ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები) საშუალებით ფლობს. Gannado Worldwide-ის მეშვეობით იგი ასევე ფლობს 90%-იან წილს "კაზინო აჭარაში", რომელიც მან 2011 წლის მაისში 8,72 მილიონ დოლარად შეიძინა.

2011 წლის ნოემბერში იაკობაშვილი "სან პეტროლეუმ ჯორჯიას" ძირითადი აქციონერი გახდა.

2012 წელს იაკობაშვილმა საკუთარი აქციების წილი "პეტროკას ენერჯი გრუპში" 25%-დან 80%-მდე გაზარდა. გარიგება 240 მილიონ დოლარად არის შეფასებული. "პეტროკასი" ნავთობპროდუქტების სავაჭრო და გადამზიდავი კომპანიაა. იგი ნავთობპროდუქტებით ამარაგებს "ლუკოილს", "სოკარს", "რომპეტროლსა" და "გალფს". კომპანია აქტიურ საქმიანობას ეწევა საქართველოში, თურქმენეთში, ყაზახეთში, ყირგიზეთსა და ვიეტნამში.

იაკობაშვილის მიერ წინა წელს მიცემულ ინტერვიუში ვკითხულობთ, რომ მან საქართველოში ინვესტირება 2011 წლიდან დაიწყო და ინვესტიციის რაოდენობამ 470 მილიონი დოლარი შეადგინა.

კიდევ ერთი ქართველი მდიდარი ადამიანი იყო თემურ სეფიაშვილი, იგივე ტამირ საპირი, ერთ დროს საქართველოდან ემიგრირებული ებრაელია, რომელიც 2010 წელს "ფორბსის" მილიარდელების რეიტინგში 1,4 მილიარდი დოლარით 721-ე ადგილზე მოხვდა. ყოფილი მილიარდერი 2014 წლის სექტემბერში გარდაიცვალა.

თემურ სეფიაშვილი თბილისში დაიბადა. მამამისი საბჭოთა შეიარაღებული ძალების მაიორი იყო. სკოლის დამთავრების შემდეგ თემურმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე განაგრძო სწავლა. მეოთხე კურსზე იყო, როცა ოჯახი საქართველოდან გაემგზავრა და სწავლისთვის თავის დანებება მოუხდა. მამის გარდაცვალების შემდეგ საპირის ოჯახი მძიმე სოციალურ მდგომარეობაში აღმოჩნდა. თემურ მეგობარმა, რომელიც საპასპორტოში მუშაობდა, ისრაელში გამგზავრების მსურველთათვის პასპორტის შევსება ასწავლა და საქმეც გამოუჩნდა. იმ დროს საპასპორტოში ხალხმრავალი რიგები იყო და თემურმა მალე კარგი ანაზღაურებაც მიიღო. 24 წლისამ იქორწინა და ისრაელში გადავიდა. 1973 წელს კი თემურმა გადაწყვიტა, ისრაელი დაეტოვებინა და ამერიკის ქალაქ კენტუკიში გაემგზავრა.

"თანახმა ვიყავი, ნებისმიერი სამუშაო შემესრულებინა. მოხუცი ქალბატონების მომსახურება დავიწყე. სწორედ მათ მასწავლეს ინგლისური," - იხსენებდა თავად ბიზნესმენი. ის მუშაობდა მძღოლად, დამლაგებლად და მტვირთავად. ამავე დროს ეუფლებოდა ინგლისურ ენას და ფულსაც აგროვებდა. ათი თვის შემდეგ ოჯახი საცხოვრებლად ნიუ-იორკში გადავიდა და თემურ სეფიაშვილმა ტაქსის მძღოლობა დაიწყო.

"დღე და ღამე ვმუშაობდი, რადგან მიზნად დავისახე, ავტომობილი გამომესყიდა. ექვს თვეში ტაქსი მართლაც ჩემი გახდა. დღეში 300-400 დოლარს ვშოულობდი და თან დროც მქონდა, ოჯახთან ერთად წავსულიყავი პარკში, კინოში, რესტორანში", - ამბობდა საპირი.

საპირმა იცოდა, რომ ვინც რისკზე არ მიდის, ის ვერაფერს აღწევს. ერთ მშვენიერ დღეს მთელი დანაზოგი და 10-ათასდოლარიანი კრედიტი ჩადო საქმეში ემიგრანტ სემ კისლინთან ერთად და ბროდვეიზე ელექტროსაქონლის მაღაზია გახსნა.

მნიშვნელოვანი როლი მის წარმატებაში ედუარდ შევარდნაძემ შეასრულა. ერთხელ მის მაღაზიას საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი ედუარდ შევარდნაძე ესტუმრა.

მისი დაცვის ერთ-ერთი წევრი საპირის ბავშვობის მეგობარი აღმოჩნდა. მათი დახმარებით საპირი მოსკოვში გაფრინდა. მოსკოვში ყოფნისას ერთ-ერთმა მეგობარმა ამერიკაში კარბამიდის გატანა ურჩია. ეს ნივთიერება აუცილებელია ნავთობის გადამუშავებისთვის და იმ დროს საბჭოთა კავშირში ხუთჯერ უფრო იაფი ღირდა, ვიდრე ამერიკაში. კარბამიდის ექპორტირებით მან პირველი მილიონი იშოვა.

თემური ამერიკიდან საბჭოთა კავშირში აგზავნიდა ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, ტექნიკას, იქიდან ნავთობი და ქიმიური ნავთობპროდუქტები მიჰქონდა. მოგებას ნიუ-იორკში, უძრავ ქონებაში აბანდებდა. 1997 წელს ფასები უძრავ ქონებაზე ამერიკაში გაიზარდა და ქონება, რომელიც საპირმა მიზერულ ფასად შეიძინა, კოლოსალურ თანხებად იყიდებოდა. ასე იშოვა საპირმა პირველი მილიარდი.

უცნობია, ფლობდა თუ არა უძრავ ქონებას საპირი საქართველოში, მაგრამ საქველმოქმედო საქმიანობისთვის ადგილობრივი ემადლიერებოდნენ.

საქართველოს უკანასკნელი პერიოდის ყველაზე მდიდარი ადამიანი ბადრი პატარკაციშვილი იყო, რომელიც 52 წლის ასაკში 2008 წელს გარდაიცვალა.

მულტიმილიარდერი ბიზნესმენი რუსეთის ისეთი წარმატებული კომპანიების დამაარსებელ-პარტნიორი იყო, როგორებიცაა "სიბნეფტი", "რუსალი" (ალუმინის გიგანტი), "ავტოვაზი" (ქვეყნის უმსხვილესი მანქანათმწარმოებელი), "აეროფლოტი" (პრივატიზებული ავიაკომპანია), რუსული ტელეკომპანიები: "ო-ერ-ტე", "ტვ-6" და ბევრი სხვა.

ელცინის მმართველობის პერიოდში მისი ბიზნესი კარგად ვითარდებოდა. მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტი პუტინი 90-იანი წლების დემოკრატიულ რეფორმებს განუდგა, ბადრი იძულებული შეიქნა, 2001 წელს სამშობლოსთვის შეეფარებინა თავი.

სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, ბიზნესმენი პოლიტიკაში ჩაერთო და საპრეზიდენტო არჩევნებშიც მიიღო მონაწილეობა. თუმცა გამარჯვება ვერ მოახერხა. ის აქტიურად აფინანსებდა ხელისუფლების საწინააღმდეგო საპროტესტო მოძრაობას.

პატარკაციშვილის გარდაცვალებმადე მისი ქონება 12 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული. ბიზნესმენის გარდაცვალების შემდეგ სასამართლო დავა მისი ქონების გადანაწილების შესახებ წლები გაგრძელდა.

ესენია ცნობილი ქართველი მილიარდერები, მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანი კი კვლავ ბილ გეიტსია, რომლის ქონებაც 75 მილიარდი დოლარია. პირველ ხუთეულში არიან ამანსიო ორტეგა - 67 მილიარდი დოლარი, უორენ ბაფეტი - 60,8 მილიარდი დოლარი, კარლოს სლიმი - 50 მილიარდი დოლარი და ჯეფ ბეზოსი - 45,2 მილიარდი დოლარი.

ნანა მღებრიშვილი

myquiz