რატომ გაჩერდა 34 მილიონი დოლარის ღირებულების გორის ქარის ელექტროსადგური | Allnews.Ge

რატომ გაჩერდა 34 მილიონი დოლარის ღირებულების გორის ქარის ელექტროსადგური

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის, რომან გოცირიძის ინფორმაციით, გორის 20,7 მეგავატიანი ქარის ელექტროსადგური ამჟამად არ ფუნქციონირებს.

პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს, რომელზეც ჩანს, რომ ელექტროსადგურის ფრთები არ ტრიალებს.

"30 მილიონი დოლარის ოდენობის სახელმწიფო ფულით აშენებული ფრთები გაუჩერებიათ თუ გაჩერებულა. გუშინ კომიტეტის სხდომაზე სწორედ ამაზე გვქონდა საუბარი - რაში დაიხარჯა ამდენი ფული თუ მასში გამომუშავებული ელექტროენერგია უფრო ძვირი დაჯდება, ვიდრე იმპორტი? ნახევრადხუმრობით ვთქვი, ხომ არ სჯობია, რომ გააჩეროთ-მეთქი. თურმე უკვე გაუჩერებიათ. ამ ფასად ერთი მშვენიერი ჰიდროელექტროსადგური აშენდებოდა, რომელიც ერთი საუკუნე მოემსახურებოდა ქვეყანას," - წერს რომან გოცირიძე.

იმის გასარკვევად, ფუნქციონირებს თუ არა გორის ქარის ელექტროსადგური, Allnews.ge "ქართლის ქარის ელექტროსადგურის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეს, თორნიკე ყაზარაშვილს დაუკავშირდა.

მისი თქმით, ელექტროსადგურის ფუნქციონირება ამჟამად შეჩერებულია, რადგან მას ქარის შესაბამისი ენერგია არ ჰყოფნის, თუმცა სადგური ნოემბრის შუა რიცხვებიდან აქტიურად მუშაობს, ხოლო მის მიერ ელექტროენერგიის გამომუშავება მხოლოდ მაშინ წყდება, როდესაც ქარის სიჩქარე 3მ/წმ-ზე ნაკლებია, - "ახლა არ შემიმოწმებია, ოფისში არ ვიმყოფები, შეიძლება ფუნქციონირებდეს, თუმცა რა თქმა უნდა, თუ ქარის შესაბამისი სიმძლავრე არ არის, ვერ იმუშავებს, სწორედ იმიტომ ჰქვია ქარის ელექტროსადგური, რომ ქარის ენერგია ესაჭიროება, რამდენი ვიდეოც არ უნდა დადონ და ილაპარაკონ, აზრი არ აქვს," - განმარტა თორნიკე ყაზარაშვილმა.

უნდა შეწყვიტოს თუ არა ფუნქციონირება აღნიშნულმა ელექტროსადგურმა ქარის არარსებობის შემთხვევაში, ამ საკითხზე კომენტარი ენერგეტიკოსმა ანზორ ჭითანავამ გააკეთა. მისი თქმით, ელექტროსადგურმა ძირითადად უნდა იმუშაოს, თუმცა თუ მას შესაბამისი ბუნებრივი პირობები არ აქვს, ჩერდება, - "არის შემთხვევები, როდესაც ელექტროსადგური შეიძლება, გაჩერდეს. ელექტროსადგური ახალი დამონტაჟებულია, ჩემი ინფორმაციით, ის კარგად მუშაობს, შესაბამის სიმძლავრეს ავითარებს და შესანიშნავად მუშაობს. ასევე, ელექტროსადგურს აქვს მაქსიმალური და მინიმალური პარამეტრები. როდესაც ქარი ელექტროსადგურის პარამეტრებს შეესაბამება, მაშინ ის ფუნქციონირებს და როდესაც არა, აღარ. ეს ბუნებრივი მდგომარეობაა," - განმარტავს ექსპერტი.

აღსანიშნავია, რომ გორის ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა პარტნიორმა კომპანიებმა,  "საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა,"  "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ" და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა დააფინანსა. ელექტროსადგურის მშენებლობაზე 34 მილიონი დოლარი დაიხარჯა, მის მიერ გამომუშავებული ენერგია 88 მლნ კვტ/საათია. ის ექვსი აგრეგატისგან შედგება და თითოეული მათგანის სიმძლავრე 3,45 მგვტ-ს შეადგენს.

მარიამ მენაბდიშვილი

myquiz