ბუნებრივი აირი თუ ფული - რა შემთხვევაში უფრო მეტ სარგებელს მივიღებთ "გაზპრომისგან" | Allnews.Ge

ბუნებრივი აირი თუ ფული - რა შემთხვევაში უფრო მეტ სარგებელს მივიღებთ "გაზპრომისგან"

ტრანზიტის საფასურად, საქართველო "გაზპრომისგან" 2017 წელსაც ბუნებრივ აირს მიიღებს. ენერგეტიკის მინისტრსა და "გაზპრომ ექსპორტის" ხელმძღვანელობას შორის გამართული შეხვედრის შედეგად, ცნობილი გახდა, რომ კომპანია ქართულ მხარეს გატარების საფასურად, ფინანსურ ანაზღაურებას სთავაზობდა, თუმცა, ხელისუფლებისთვის აღნიშნული წინადადება მიუღებელი აღმოჩნდა.

"ყოველწლიურად ხდება იმ ხელშეკრულების გაფორმება, რომელიც არსებობს. ეს არის ტრანზიტის ხელშეკრულება. გატარების საფასურს ჩვენ დღეს ბუნებრივი აირის სახით ვიღებთ. ჩვენთვის მათი წინადადება მიუღებელია. ჩვენ გვაქვს ჩვენი მოსაზრებები და ყოველთვის დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესს,"- განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველო "გაზპრომისგან" გატარების საფასურად, ბუნებრივი აირის მთლიანი მოცულობის 10%-ს იღებს.

რატომ მიიჩნია საქართველოს ხელისუფლებამ ფინანსური ანაზღაურების შესახებ შემოთავაზება მიუღებლად და რა შემთხვევაში უფრო მეტ სარგებელს ნახულობს საქართველო, ამის შესახებ Allnews.ge ეკონომიკის საკითხებში ექსპერტებს და ენერგეტიკოსს ესაუბრა.

მათი განმარტებით, "გაზპრომის" ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ აღნიშნული 10% დიდი მოცულობაა და ფინანსური ანაზღაურების შემოთავაზებით მის შემცირებას ცდილობს, სწორედ ამიტომ ხელისუფლების პოზიცია ადეკვატურია.

ეკონომისტ დემურ გიორგხელიძის განმარტებით, ენერგეტიკის სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მართებულია, რადგან "გაზპრომისგან" ფულადი ანაზღაურების მიღების შემთხვევაში, ბუნებრივი აირის შეძენა მაინც მოგვიწევს, რაც დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული.

"რადგან ფასი ცვალებადია, ჩვენ შეიძლება უფრო წაგებულ მდგომარეობაში აღმოვჩნდეთ.

უნდა აღვნიშნო, რომ ეს პროცესები არანაირ პოლიტიკურ ხასიათს არ ატარებს და გაზიფიკაციის ელემენტარულ ოპერაციაზეა საუბარი," -განაცხადა ექსპერტმა.

"გაზპრომის" შემოთავაზება დღეს არსებულ პირობებს აუარესებს და ბუნებრივია, ამაზე დათანხმება რთულია," - აღნიშნავს ეკონომისტი გია ხუხაშვილი. მისი თქმით, გატარების სანაცვლოდ, რუსული კომპანია ბუნებრივი აირის 10%-ს უკვე წლებია გვაძლევს, რაც საქართველოსთვის ხელსაყრელია.

"რუსეთი მიიჩნევს, რომ ეს წილი არის ძალიან ბევრი და ცდილობს, რომ ეს პროცესები წესრიგში მოიყვანოს, მაგრამ შეხვედრების შედეგად, არსებული პირობები წლიდან წლამდე ძალაში რჩება,"- განმარტავს ის და დასძენს, რომ რუსული კომპანია საერთაშორისო სტანდარტებით აპელირებს და ცდილობს, რომ შემოთავაზებული პირობებით ანაზღაურება შეგვიმციროს.

ენერგეტიკოსი ლია ელიავა კი მიიჩნევს, რომ ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის გადაწყვეტილება, ბუნებრივი აირის დივერსიფიკაციას უკავშირდება,, თუმცა, ცუდი "გაზპრომისგან" ფულადი ანაზღაურების მიღებაც არ იქნებოდა.

"შესაძლოა, ეს გადაწყვეტილება იმასთანაა დაკავშირებული, რომ კალაძეს საქართველოსთვის ბუნებრივი აირის სხვა მომწოდებლების დიდი იმედი არ აქვს და მას გაზის მომარაგების დივერსიფიცირება სჭირდება, აქედან გამომდინარე, მიღებული გადაწყვეტილება გამართებულია, სხვა პირობებში კი, ალბათ ფულადი ანაზღაურების მიღება უკეთესი იქნებოდა," - განმარტავს ის.

ექსპერტები ასევე აღნიშნავენ, რომ რუსული კომპანიის მიერ შემოთავაზებული ფულადი ანაზღაურება ბუნებრივი აირის 10%-ზე ნაკლებია, რაც საქართველოსთვის არახელსაყრელ პირობას წარმოადგენს.

 

მარიამ მენაბდიშვილი

myquiz