რა დაგიჯდებათ საახალწლო სუფრის გაწყობა წელს? - საკვებ პროდუქტებზე ფასების ზრდას ელოდებიან | Allnews.Ge

რა დაგიჯდებათ საახალწლო სუფრის გაწყობა წელს? - საკვებ პროდუქტებზე ფასების ზრდას ელოდებიან

გოჭი, საცივი, ხაჭაპური, გოზინაყი, ჩურჩხელა, ხილი და ტკბილეული - ეს ქართულ ოჯახში საახალწლო სუფრის განუყოფელი ატრიბუტია. სწორედ ამიტომ, წინასაახალწლოდ, განსაკუთრებით იზრდება ნიგვზის, თაფლის, ხორცის, ყველის და ტკბილეულის ფასი. წელს კი განსაკუთრებულ სიძვირეს ელოდებიან. ამის მიზეზი ლარის მკვეთრი გაუფასურებაა, რაც სავარაუდოდ, სამომხმარებლო ფასებს და ინფლაციის მაჩვენებელს გაზრდის.

55 წლის ნანა ქამუშაძე ყოველწლიურად ცდილობს საახალწლო სუფრა სწორედ ტრადიციული კერძებით გააწყოს, თუმცა, ფიქრობს, რომ წელს, ამდენიმე ტრადიციულ კერძზე უარის თქმა მოუწევს. მიზეზი ფასების საგრძნობი ზრდაა.

"როგორ წესი, საახალწლო სუფრაზე უნდა იდოს საცივი, გოჭი, ხაჭაპური, გოზინაყი, ტკბილეული. თუმცა, მე ყოველ წელს ვაკეთებ ტოლმას, კატლეტს და რამდენიმე სალათსაც. წელს, თევზიც მინდა დავამატო. მინდა რომ 250 ლარი მეყოს ყველაფრისთვის, თუ არა, მაშინ მომიწევს რამდენიმე კერძზე უარის თქმა. წინა წლებშიც დაახლოებით ამდენს ვხარჯავდი ხოლმე საახალწლო სუფრის მომზადებისთვის" , - ამბობს ნანა ქამუშაძე და იმედოვნებს, რომ წინასაახალწლო დღეებში ფასები საკვებ პროდუქტებზე მნიშვნელოვნად არ მოიმატებს.

საკვები პროდუქციის ამჟამინდელი ფასების გასაგებად დეზერტირების ბაზარს ვეწვიეთ.

როგორც აღმოჩნდა, წელს, გოჭის ფასი 90 ლარიდან იწყება და 150 ლარს აღწევს, ინდაური 60-70 ლარი ღირს, ქათამი 10 ლარი, საქონლის ხორცი 12-13, ყველი 7-9. რაც შეეხება ტკბილეულს და ხილს, 1 კილოგრამი ნიგოზი 17-30 ლარი ღირს, თაფლი 15-20 ლარი, ერთი ცალი ჩურჩხელა 1-3 ლარი, შოკოლადის ფასები 5-20 ლარის ფარგლებში მერყეობს კილოგრამზე, მანდარინი 1-3 ლარი ღირს, ხოლო ბანანი ერთი ცალი 50 თეთრიდან იწყება და საუკეთესო ხარისხის 1 ლარსაც აღწევს. ამ მონაცემების მიხედვით,

 საახალწლო სუფრის გასაწყობად მხოლოდ ძირითადი ინგრედიენტების საყიდლად ერთ ოჯახს სულ მცირე 300 ლარამდე დასჭირდება.

თუმცა, ეს ახალ წლამდე ორი კვირით ადრე, წინასაახალწლო დღეებში კი მოვაჭრეების თქმით, ფასები ფასები მნიშვნელოვნად მოიმატებს.

"ჩვენ გლეხებზე ვართ დამოკიდებული. ისინი როგორც გაყიდიან იმის მიხედვით ვყიდით მერე ჩვენ. თუმცა, როგორც ყოველთვის, წელსაც ახალ წლამდე რამდენიმე დღით ადრე მნიშვნელოვნად მოიმატებს ფასი. შარშან მაგალითად 31 დეკემბერს პატარა გოჭები 150 ლარი ღირდა. დასავლეთიდან ჩამოიტანეს ბევრი და მიუხედავად სიძვირისა, ყველა გაიყიდა ახალ წლამდე რამდენიმე საათით ადრე. წელსაც ველოდებით რომ მნიშვნელოვნად გაძვირდება ბოლო დღეებში ყველაფერი", - აღნიშნავს ერთ-ერთი მოვაჭრე.

სად მიაქვთ რესტორნებში მორჩენილი საკვები

სამომხმარებლო პროდუქციაზე ფასების ზრდაზე ექსპერტ ბესო ნამჩავაძის მოსაზრებით, ბევრი ფაქტორი იქონიებს გავლენას. მათ შორის ლარის გაუფასურება და საწვავის გაძვირება:

"ფასების ზრდა უკვე დაწყებულია. დეკემბრის ბოლოს ისედაც მატულობს ფასები, თუმცა, აქ მეორე ფაქტორიც იქონიებს გავლენას. კერძოდ, საწვავზე აქციზის ზრდას მხოლოდ საწვავის ფასზე არ ექნება გავლენა. საწვავი წარმოების დანახარჯია ბევრი ბიზნესისთვის და როდესაც მეწარმეს ბენზინში უფრო მეტის გადახდა მოუწევს, იგი პროდუქციასაც გააძვირებს. ამასთან გაძირდება საიმპორტო პროდუქციაც. მთავრობა ვარაუდობს კიდეც, რომ სამომავლოდ სამომხმარებლო პროდუქციის ფასები 4%-ით გაიზრდება".

რატომ არ უნდა გავრეცხოთ გაყინული ქათამი მომზადების წინ?

სამომხმარებლო ფასების ზრდა ინფლაციის დონის გაზრდას გამოიწვევს. მაგალითად, ნოემბერში, ოქტომბერთან შედარებით, ინფლაციის დონემ 0,6% უკვე შეადგინა. ექსპერტი ბესო ნამჩავაძე უფრო მაღალ მაჩვენებელს დეკემბერში ელოდება. განსხვავებული პროგნოზები აქვთ მთავრობაში.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ნიკოლოზ გაგუას თქმით, ამ ეტაპზე არა არის მოლოდინი, რომ ინფლაციის რისკი იქნება.

"ჯერჯერობით, რასაც ვხედავთ, დოლარის გამყარება ლართან არ არის დაკავშირებული ინფლაციურ მოვლენებთან. წინა თვეში ინფლაცია დაახლოებით 0.2% იყო, ოქტომბერში იყო დეფლაციური მაჩვენებელი. ამ ეტაპზე, ჩვენ არ გვაქვს მოლოდინები, რომ ინფლაციის რისკები გვექნება და ინფლაცია ეროვნული ბანკის მიზნობრივი ინფლაციის მაჩვენებელს გასცდება", - განაცხადა გაგუამ.

ფინანსთა მინისტრის მოადგილე არც საქონლის გაძვირებას ელოდება სხვადასხვა მიმართულებით, თუმცა, მოსახლეობა შიშობს, რომ გაუფასურებული ლარით გაცილებით ნაკლები პროდუქციის შეძენას მოახერხებს საახალწლოდ, ვიდრე გასულ წლებში.

ინგლისური ვერსია იხილეთ აქ:

http://www.georgianjournal.ge/society/33155-cost-of-new-year-feast--will-the-products-price-increase.html

თამთა ჯიჯავაძე

myquiz