"ყველას მოვუწოდებ, ფრთხილად იყოს!" - მამუკა ხაზარაძე ბანკების მიმართ ბრალდებებს პასუხობს | Allnews.Ge

"ყველას მოვუწოდებ, ფრთხილად იყოს!" - მამუკა ხაზარაძე ბანკების მიმართ ბრალდებებს პასუხობს

"თიბისი ბანკის" დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე ბოლო პერიოდში ბანკების მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს პასუხობს. მისი თქმით, გაკვირვებას იწვევს, რომ ზოგი ექსპერტი ლარის ვარდნასა და ამით გამოწვეულ პანიკაში ბანკს ადანაშაულებს.

"ბოლო პერიოდში ლარის ვარდნამ პანიკა გამოიწვია. პანიკას კი კომენტარები მოყვა. ჩვენს გაკვირვებას იწვევს ის, რომ ზოგი ექსპერტი ამ ყველაფერში ბანკს ადანაშაულებს. მე კატეგორიულად ვაცხადებ, ელემენტარული ცოდნაა საჭირო იმის გასაცნობიერებლად, რომ ნებისმიერი ვარდნა ლარის დოლართან მიმართებაში პირველ რიგში, კომერციულ ბანკებს აზარალებს. ეს არ არის სათამაშო თემა. წყნარად ვუყურებდით ამას, მაგრამ ახლა კომენტარის გაკეთება გადავწყვიტეთ. საქართველოს საბანკო სისტემა პირველ რიგშია დაინტერესებული, რომ ლარი მყარი იყოს," - ქართველი ექსპერტების საპასუხოდ აცხადებს "თიბისი ბანკის" დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე.

ბიზნესმენის განცხადებით, ლარის გაუფასურების დროს ბანკს ორი მხრიდან ექმნება პრობლემები.

"კომერციული ბანკების კაპიტალი უცხოურ ვალუტაში ითვლება. რადგან საქართველოს წამყვანი ბანკები ლონდონის საფონდო ბირჟაზე არიან წარმოდგენილი. ბევრი უცხოეული ინვესტორიც გვყავს. ამიტომ ლარის ნებისმიერი ვარდნა იწვევს კაპიტალის შემცირებას და ინვესტიციების დაკარგვას. მეორე მხარივ კი, ნებისმიერი ვარდნა პრობლემას უქმნის ჩვენს კლიენტურას. მათ სესხის დაბრუნება უჭირთ. მათი თანხა მიდის რეზერვში და ბანკის შემოსავალს აკლდება. ამ მიზეზების გათვალისწინებით, ცხადია ბანკი პირველ რიგშია დაინტერესებული, რომ მყარი ეროვნული ვალუტა გვქონდეს," - დაამატა ხაზარაძემ.

"თიბისი ბანკის" გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე დადებითად აფასებს ეროვნული ბანკისა და მთავრობის ინიციატივას ლარიზაციასთან დაკავშირებით. ბანკის მმართველი ახალ გეგმას წინ გადადგმულ დიდ ნაბიჯს უწოდებს.

"პრობლემა, რაც დღეს ქართულ საბანკო სექტორს და ქართველ საზოგადოებას აწუხებს არის ის, რომ სამომხამრებლო სესხების უმეტესობა არის უცხოურ ვალუტაში.

დეპოზიტების უმეტესი ნაწილი არის დოლარში და სწორედ ამიტომ ჩვენ იძულებული ვართ, რომ სესხებიც დოლარში გავცეთ.

თუმცა ბოლო ცხრა თვის ტენდენციას თუ გადავხედავთ, ლარში გაცემული სესხების რაოდენობა იზრდება.

ინიციატივა, რომელიც ერთი კვირის წინ გაჟღერდა ეროვნული ბანკის მიერ და მომავალი წლის იანვრიდან ამოქმედდება, ხელს შეუწყობს ლარებში მეტი სესხის გაცემას. ეს მეტად დაიცავს მომხმარებელს, ბანკებს კი რისკებს შეუმცირებს. შედეგად ქვეყნისთვის ქართული ლარის ცვალებადობა უფრო მარტივი გახდება. თუმცა აქვე აღვნიშნავ, რომ მსოფლიოში განვითარებული მოვლენების გამო, ცვლილება აუცილებელია. ეს ქართული ექსპორტის, ტურიზმისა და ზოგადად ქვეყნის ეკონომიკის კონკურენტუნარიანობას უზრუნველყოფს," - განმარტავს ვახტანგ ბუცხრიკიძე.

მისი განმარტებით, ახლა მიმდინარეობს სამუშაოები საპროცენტო განაკვეთების დაანგარიშებასთან დაკავშირებით. ბანკს შეხვედრები ჰქონდა ეროვნული ბანკის წარმომადგენლებთან. მათი მიზანია, რომ წლის ბოლომდე დეტალები განსაზღვრული იყოს. ამჟამად ლარში გაცემული იპოთეკური სესხების საპროცენტო განაკვეთები 9%-დან 10%-მდე ლავირებს.

ნანა მღებრიშვილი

წყარო: bpn.ge

myquiz