რატომ გაუფასურდა ეროვნული ვალუტა? | Allnews.Ge

რატომ გაუფასურდა ეროვნული ვალუტა?

საქართველოს ეროვნული ბანკის ბოლო მონაცემების მიხედვით, ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით 2,56-ია, რაც ეროვნული ვალუტის გაუფასურების ისტორიულ მაჩვენებელს წარმოადგენს.

რატომ გაუფასურდა ეროვნული ვალუტა?

Allnews.ge ამის შესახებ "ქართული ოცნების," "ნაციონალური მოძრაობის" წევრებსა და დარგის სპეციალისტებს ესაუბრა.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, პაატა კვიჟინაძის განმარტებით, ლარის გაუფასურებას ან გამყარებას იმპორტსა და ექსპორტს შორის ბალანსი, გადმორიცხვები, ტურიზმი და ინვესტიციები იწვევს, თუმცა ზემოთ აღნიშნული ფაქტორები, ამჟამად ეროვნული ვალუტის გაუსაფურების პირდაპირ მიზეზებად ვერ ჩაითვლება, - "2015 წლის იანვარში ყველაზე ცუდი შედეგი მივიღეთ, როდესაც ექსპორტი 30%-ით, გადმორიცხვები 25%-ითა და ტურიზმიც შემცირდა, მას შემდეგ კი რადიკალური ცვლილება არ მომხდარა, იმპორტსა და ექსპორტს შორის ბალანსი დაცულია, გადმორიცხვები დასტაბილურდა, ტურისტები დიდი რაოდენობით შემოდიან, ინვესტიციებიც 2011-12 წელთან შედარებით მეტია, ამიტომ რაიმე ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორი, რომელიც ლარის გაუფასურებას იწვევს, არ არის," - განმარტავს ის.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი, რომან გოცირიძე კი მიიჩნევს, რომ ლარის გაუფასურება ხელისუფლების არასწორ პოლიტიკას უკავშირდება.

მისი თქმით, ნოემბრის შემოსავლები წინა თვეებთან შედარებით, გაცილებით ნაკლები იყო და შემოსავლების გეგმაც, ფაქტობრივად, ჩავარდა, თუმცა მთავრობა ხარჯებს ისევ ჩვეულ რეჟიმში ეწეოდა, - "ხარჯების დაფინანსება ძველი ნაშთებიდან ხდებოდა, საიდანაც 200 მილიონი დაიხარჯა და შიდა ვალი დაახლოებით 160 მილიონით გაიზარდა.

როგორც ჩანს, ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ისინი კიდევ აპირებენ ვალის 30 მილიონის ოდენობით აღებას, რაც შიდა ვალს დამატებით კიდევ გაზრდის," - აღნიშნავს ის და დასძენს, რომ ვალუტის კურსის რყევას, ხელი ასევე მთავრობისა და ეროვნული ბანკის მიერ გამოცხადებულმა ე.წ დედოლარიზაციის გეგმამ შეუწყო, რომლის შესახებ გაჟღერებული ინიციატივები კომერციული სისტემისა და ბაზრისთვის მიუღებელი აღმოჩნდა, - "საბოლოო ჯამში, ლარის გაუფასურების მიზეზი არის სუსტი ეკონომიკური ზრდა, მისი ოქტომბრის მაჩვენებელი არის 1,3%," - განმარტავს რომან გოცირიძე.

დარგის ექსპერტები ლარის გაუფასურების კომპლექსურ მიზეზებს ასახელებენ და ვალუტის კურსის პროგნოზირება უჭირთ.

"საზოგადოება და ბანკების" თავმჯდომარის, გიორგი კეპულაძის თქმით, ვალუტის კურსის რყევას რამდენიმე ფაქტორი იწვევს, - "დოლარის კურსი ჩვენი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტებთან მიმართებით გლობალურად გამყარდა და ლარიც ამ ტრენდს დაჰყვა, მაგრამ მეორე ფაქტორია, თუ რა მდგომარეობაა საქართველოს ეკონომიკაში. მთავრობის მიერ გამოცხადებული რეფორმების ანონსი სავალუტო ბაზარმა ძალიან ცუდად მიიღო და გუშინ ვნახეთ პანიკური და აჟიოტაჟური ვითარება," - აღნიშნავს ის.

გიორგი კეპულაძე მიიჩნევს, რომ ვალუტის გაცვლით კურსზე, ჩვენი სავაჭრო ბალანსის მკვეთრად უარყოფითი მაჩვენებელიც მოქმედებს. მისი თქმით, სავალუტო შემოდინებები იმდენად მოწესრიგებული არ გვაქვს, რომ ეს სავაჭრო დეფიციტი დავაბალანსოთ, - "იმპორტიორები საახალწლოდ პროდუქციას იმარაგებენ და მათ ამისთვის უფრო მეტი უცხოური ვალუტა დასჭირდათ, ვიდრე ადრე, ასევე შემცირებულია ტურისტული ნაკადები," - განმარტავს ის.

დარგის ექპერტის, ვაჟა კაპანაძის თქმით, კი ლარის გაუფასურების ერთ-ერთი უპირველესი მიზეზი მთავრობის მიერ გაკეთებული განცხადებაა, რომელიც ნავთობპროდუქტებზე აქციზის ზრდას გულისხმობდა, - "და ბუნებრივია, ნავთობკომპანიებმა დოლარის მობილიზება დაიწყეს, რათა მარაგები მაქსიმალურად შეექმნათ, რათა პროდუქცია პირველი იანვრიდან მაღალ ფასად გაეყიდათ, ეს ბიზნესის ბუნებრივი რეაქციაა.

მეორე ფაქტორი ისაა, რომ კომერციულმა ბანკებმაც ანალოგიური თადარიგი დაიჭირეს," - განმარტავს ის და ეროვნული ვალუტის გაუფასურების ისტორიულ მაჩვენებელზე ასვლას ეროვნული ბანკის სისუსტეს უკავშირებს, - "ამ პროცესებში კი ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ ეროვნული ბანკის პოზიცია არსად არ ჩანს," - დასძენს ის.

ვალუტის გაცვლით კურსთან დაკავშირებით, განცხადება ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემაც გააკეთა, მისი თქმით, რაც გუშინ სავალუტო ბაზარზე ხდებოდა, იყო გარკვეულწილად აჟიოტაჟი, შექმნილი მოლოდინებიდან.

დასტაბილურდება თუ არა ვალუტის კურსი ჯერ კიდევ უცნობია.

მარიამ მენაბდიშვილი

myquiz