მოიმატა თუ არა ფქვილის ფასმა და როგორია სამომავლო პროგნოზი | Allnews.Ge

მოიმატა თუ არა ფქვილის ფასმა და როგორია სამომავლო პროგნოზი

ბოლო დღეების განმავლობაში ლარის გაუფასურების ტენდენციამ საზოგადოებაში ერთგვარი პანიკა შექმნა.

Allnews.ge დაინტერესდა როგორია ფქვილისა და პურის ფასი ამ ეტაპზე და რა გავლენას იქონიებს დოლარის კურსის სწრაფი გამყარება მის ფასზე.

მეხორბლეთა ასოციაციის თავმჯდომარის, ლევან სილაგავას თქმით, სექტემბერ-ოქტომბერთან შედარებით, ერთი ტომარა ფქვილის ფასმა მოიმატა.

"სამწუხაროდ, დოლარი სერიოზულად გაძვირდა, ასევე გაძვირდა ფრახტიც და ეს ფასზე იმოქმედებს, თუმცა მეპურეებს ჯერ-ჯერობით კრიტიკული ფასი 45 ლარი აქვთ. დღეს და გუშინ ერთი ტომარა ფქვილის მინიმალური ფასი 34 ლარია. მაგალითად, მარნეულის წისქვილკომბინატში ერთი ტომარა ღირს 33,5 ლარი, "ჯეომილში" - 34 ლარი, "წისქვილკომბინატ თბილისში" 35 ლარი".

მისივე თქმით, ფქვილზე ფასის მატება მოსალოდნელია, თუმცა არა სერიოზული.

"ერთი ტომარა ფქვილის ფასი 34- ლარზე დაბლა არ დაიწევს, მაგრამ ზრდა მოსალოდნელია, თუმცა ეს იქნება არა მყისიერად, არამედ მდორედ. თან ახლა, უახლოესი დღეების განმავლობაში პურის ქარხნები ახალი წლის მარაგს ივსებენ და ამ დროისთვის არსებულ ფასში იღებენ ფქვილს, რომელიც ნამდვილად არ იქნება კატასტროფული.

"ოქტომბერში ერთი ტონა ფქვილი 185 დოლარი ღირდა, ნოემბერში კი 200 დოლარი, 15 დოლარით მოიმატა, ახლა ველოდებით ახალ მონაცემებს, რომელიც სავარაუდოდ ისევ მომატებული იქნება. ფქვილის ფასი თავისთავად აიწევს, ალბათ 1-2 ლარით", - ამბობს ლევან სილაგავა.

რაც შეეხება პურის ფასს, მოსალოდნელია თუ არა პურზე ფასის ზრდა, ამ კითხვით პურ-პროდუქტების ასოციაციის ხელმძღვანელს, მალხაზ დოლიძეს მივმართეთ.

"ჩვენ პურის ისეთი ფასი გვიჭირავს, რომელიც არც დაკლებას ითვალისწინებს, არც მომატებას, ამიტომ ჯერ არ მოიმატებს. პური უნდა ღირდეს იმდენი, რამდენიც თვითღირებულებით ღირს და პურზე სპეკულირება არ შეიძლება. თუ ენერგომატარებლებზე ტარიფები შეიცვლება, ეს პურის ფასზეც აისახება."

თეა ბეჟიტაშვილი

myquiz