4 მაღალტექნოლოგიური ქართული ბიზნეს იდეა | Allnews.Ge

4 მაღალტექნოლოგიური ქართული ბიზნეს იდეა

გასულ თვეს პროგრამა "სტარტაპ საქართველოს" მაღალტექნოლოგიური ბიზნეს იდეების ფინალისტები დააჯილდოვეს. პროგრამის ფარგლებში საერთაშორისო ექსპერტებმა 150-მდე განაცხადი განიხილეს. შერჩეული 51 ფინალისტისგან კი 20 გამარჯვებული გამოვლინდა.

შეფასების მთავარი კრიტერიუმები იყო ინოვაციურობის ხარისხი, გლობალურ ბაზარზე გასვლის პოტენციალი, გუნდის კომპეტენტურობა და სხვა.

ALLNEWS.GE-ი რამდენიმე გამარჯვებული იდეის ავტორსა და მათ გეგმებს უფრო დეტალურად გაგაცნობთ.

26 წლის ვატო ველიაშვილი პროფესიით მათემატიკოსი და პროგრამისტია. ის ერთ-ერთი გამარჯვებული გუნდის წევრია. მისი სტარტაპის იდეა უცხო ენების შემსწავლელი ისეთი ვებ-პლატფორმის შექმნაა, რომლის დახმარებითაც მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ დამოუკიდებლად შეისწავლონ უცხო ენები.

"საიტის საცდელი ვერსია უკვე გაშვებულია, კურსები ატვირთულია. მსურველებს შეუძლიათ შევიდნენ საიტზე lingwing.com და გაეცნონ ჩვენს ინტერაქტიულ პროგრამებს. მომხმარებელს პროგრამა კონკტრეტულ დავალებებს აძლევს, პასუხის გაცემა კი ძირითადად წერილობითი სახით ხდება. საიტზე ასევე დავამატეთ ხმოვანი ფუნქცია",-განმარტავს ვატო ველიაშვილი.

პროექტზე ვატო მამასთან ერთად, თითქმის ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა.

უცხო ენების შემსწავლელი საიტით მომხმარებლებს რამდენიმე ენის, მათ შორის: ინგლისურის, რუსულის, ფრანგულის, იტალიურის შესწავლა შეუძლიათ. სულ მალე კი ვებგვერდს ესპანური და გერმანულიც დაემატება.

32 წლის ლილე მაღლაფერიძე საბანკო საქმის სპეციალისტია. ის გუნდის წევრებთან ერთად გაგრილების ფუნქციის მქონე ელექტროჩაიდნის შექმნის იდეაზე მუშაობდა.

ჩაიდანი უზრუნველყოფს წყლის ადუღებასა და გაგრილებას მომხმარებლისთვის საჭირო ტემპერატურამდე.

"ჩაიდანი განსაკუთრებით ჩვილ ბავშვთა მშობლებისთვის იქნება გამოსადეგი.

მე თვითონ ვარ დედა და არაერთხელ მქონია შეხება წყლის გაცივების საკმაოდ არასასიამოვნო პროცესთან. ეს ის მომენტია როცა ბავშვს შია, ტირის და რამდენიმე წუთის განმავლობაში მშობელი სასურველი ტემპერატურის მიღწევის მოლოდინშია. ვფიქრობ, ეს იდეა მსგავს პრობლემას აგვარებს და მშობლებს საჭმლის მომზადების პროცესს უმარტივებს", - აღნიშნავს ლილე მაღლაფერიძე.

მისი თქმით, უკვე შედგა მოლაპარაკება ერთ-ერთ ბელორუსულ კომპანიასთან, რომელიც პროტოტიპის დამზადებაზე თანახმაა. თუმცა, გუნდი სხვა შესაძლო ვერსიებსაც განიხილავს.

როგორც ლილე მაღლაფერიძე აღნიშნავს, პროექტის განხორციელებისთვის 2-3 თვეა საჭირო, რის შემდეგაც ჩაიდანი ონლაინ გაყიდვების საიტზე განთავსდება.

შოთა გიორგობიანი ერთ-ერთი გამარჯვებული გუნდის წევრია. მათი პროექტის იდეა პირადი ელექტრონული ფინანსური მრჩევლის შექმნაა, რომლის ძირითად ნაწილს ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული სერვისები შეადგენს.

"მომხმარებლის ინფორმაციაზე დაყრდნობით, ჩვენ საშუალება გვექნება მაქსიმალურად დავეხმაროთ მას საკუთარი ფინანსების ეფექტურად მართვაში, გარკვეული საბიუჯეტო მიზნების მიღწევასა და თანხის სწორად განკარგვაში. პროტოტიპის შესაქმნელად ჩვენ ოთხთვიანი პერიოდი გვაქვს. სრულმასშტაბიან ფუნქციონალურ მოდელს ჯერჯერობით ვერ შევთავაზებთ მომხმარებელს. ეს პროტოტიპი დაგვეხმარება შემდგომში სხვა ინვესტორებთან მისასვლელად და დაფინანსების მოსაპოვებლად, რადგან არსებული დაფინანსება 100 ათასი ლარი, მთლიანი პროდუქტის შექმნისთვის საკმარისი არ არის", - აღნიშნა შოთა გიორგობიანმა.

მისივე ინფორმაციით, სრულ ვერსიას მომხმარებელი დაახლოებით ერთ წელიწადში იხილავს.

30 წლის დავით ბოლქვაძე პროფესიით ეკონომისტია. ის გუნდთან ერთად მუშაობდა სტარტაპზე "ვიარექსი", რომელიც ტურისტებს სთავაზობს სასურველი ტურის დაგეგმვამდე, ვირტუალური რეალობის მოწყობილობების საშუალებით მოინახულოს ღირსშესანიშნაობა და თანხის გადახდამდე იქონიოს წარმოდგენა სხვადასხვა შეთავაზებაზე.

"მომხმარებელს რომელსაც სურს რაიმე კონცერტზე ან ღონისძიებაზე დასწრება, სჭირდება რამდენიმე მოქმედება. ღონისძების ბილეთის შეძენა, ტრანსპორტზე ზრუნვა, სასტუმროს დაჯავშნა. ამ ყველაფერს ბევრი დრო მიაქვს. ჩვენ ვაპირებთ ეს ყველაფერი გავაერთიანოთ და მომხმარებელს მხოლოდ ერთ ღილაკზე დააჭერთ მიეცეს საჭირო ღონისძიების სრული დაგეგმვის შესაძლებლობა.

დავით ბოლქვაძის ინფორმაციით, ამჟამად პროექტზე მუშაობა მიმდინარეობს და "ვიარექსით" სარგებლობას მომხმარებლები რამდენიმე თვეში შეძლებენ.

myquiz