გამოაცოცხლებს თუ არა საქართველოს ეკონომიკას კომერციული ატაშეების დანიშვნა | Allnews.Ge

გამოაცოცხლებს თუ არა საქართველოს ეკონომიკას კომერციული ატაშეების დანიშვნა

საქართველოს საელჩოებში საზღვარგარეთ კომერციული ატაშეები დაინიშნებიან, რომლებიც ექსპორტის გაძლიერებას და ქართული პროდუქციისთვის უცხოური ბაზრების მოპოვებისთვის უმუშავებენ. როგორც ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, შესაბამისი კანონპროექტი უკვე მომზადებულია და მთავრობის სხდომაზე განსახილველად უახლოეს პერიოდში გავა.

"კომერციული ატაშეები დაინიშნებიან ეკონომიკის სამინისტროდან, თუმცა იქნებიან საგარეო საქმეთა სამინისტროს ელჩის დაქვემდებარების ქვეშ. ამ პროექტს შიდა პროცედურები გავლილი აქვს და უახლოეს მომავალში მთავრობაზე წარვადგენთ. სავარაუდოდ, ეკონომიკურ ატაშეებს ყველა ჩვენს საელჩოში ვერ დავნიშნავთ, არამედ მხოლოდ იმ მიმართულებით, სადაც ძალიან აქტიურია ჩვენი სავაჭრო ბრუნვა. თუმცა, თვითონ საელჩოები, რა თქმა უნდა, ჩართულები უნდა იყვნენ ეკონომიკაში. მათი მხადაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ბიზნესის განვითარებისთვის, განსაკუთრებით ექსპორტის გაძლიერებისთვის და ბაზრების მოპოვებისთვის", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, ლევან კალანდაძე ეკონომიკის მინისტრის ინიციატივას მიესალმება:

"თავად საელჩოებს და საკონსულოებს ძალიან გაუჭირდებათ ბიზნესთან კომუნიკაცია, ამას ეკონომიკური ცოდნა და ეკონომიკური აქცენტების სწორი ანალიზი სჭირდება. ამიტომაც თუ იქნება საელჩოში გარკვეული პირი, რომელსაც უნარები და გამოცდილება ექნება ბიზნესთან ურთიერთობის, და შეეძლება ამ ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური პროცესის სწორი ანალიზი, ურიგო არ იქნება. მთავარია ეს ადამიანები სწორად დაკვალიფიცირდნენ.

იდეა თავისთავად კარგია. კარგია, რომ კონკრეტული ადამიანები იქნებიან დაკავებულები კონკრეტულ ეკონომიკურ სუბიექტებთან ურთიერთობით. ისინი ქართველ მეწარმეებს ხელს შეუწყობენ ამ ქვეყნებში უფრო მეტი კომუნიკაცია განახორციელონ".

ამასთან ALLNEWS.GE-სთან საუბრისას ლევან კალანდაძემ აღნიშნა, რომ უნდა შემუშავდეს ატაშეების მიერ გაწეული სამუშაოს შეფასების კრიტერიუმები, რათა შეფასდეს მათი მუშაობის ეფექტიანობა.

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის და "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, რომან გოცირიძის თქმით კი, თუ კომერციული ატაშეების დანიშვნით მოხდება შტატების გაზრდა, ეს არ იქნება კარგი.

"საელჩობს ამ დრომდეც უნდა ეკეთებინათ ეს საქმე. თითო საელჩომ რომ ერთი მილიონი ინვესტიცია შემოიტანოს ქვეყანაში, 60-მდე მილიონი გამოვა. ზოგიერთი ელჩი ფაქტობრივად არაფერს აკეთებს და თავს იმით იმართლებენ, რომ მათი საქმე ეკონომიკა კი არა, არაღიარების პოლიტიკის უზრუნველყოფაა. საელჩოების მუშაობა ეკონომიკის კუთხით არის ნულის ტოლი. ამ კუთხით გამოცოცხლებაა საჭირო, მაგრამ ჩვენი ხელისუფლება ყოველთვის ცდილობს მსგავსი ნაბიჯის გადადგმას ორგანიზაციის შექმნით ან ახალი შტატის გამოგონებით. ამას შედეგი არ ექნება, თუ ისევ ძველებურად გაგრძელდება მუშაობა. თუმცა, ეკონომიკური მიმართულებით საელჩოების გააქტიურება სწორია", - აღნიშნა რომან გოცირიძემ ALLNEWS.GE-სთან საუბრისას.

საქართველოს სულ 60-მდე ქვეყანაში აქვს დიპლომატიური წარმომადგენლობა. თუმცა, ჯერ უცნობია თუ რომელ საელჩოებში დაინიშნება კომერციული ატაშეები.

myquiz