სოფლის მეურნეობის სექტორში თანხები არამიზნობრივად იხარჯება - ექსპერტების შეფასებები | Allnews.Ge

სოფლის მეურნეობის სექტორში თანხები არამიზნობრივად იხარჯება - ექსპერტების შეფასებები

2013 წლიდან, ახალმა ხელისუფლებამ სოფლის მეურნეობა ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად გამოაცხადა.

მნიშვნელოვნად გაიზარდა ამ სექტორის ბიუჯეტი და სოფლად მცხოვრები გლეხებისთვის ახალი პროგრამებიც დაიწყო.

თუმცა, საქართველოს სოფლის მეურნეობა დღესაც ბევრი პრობლემისა და გამოწვევის პირისპირ დგას.

ქვეყანაში სამუშაო ძალის თითქმის 50% სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული. ეს ძალიან მაღალი ციფრია, მითუმეტეს იმ ფონზე, როცა განვითარებულ ქვეყნებში აღიშნული მაჩვენებელი ხშირად 2-3%-ს უდრის.

თუმცა აქ მთავარი ის ფაქტია, რომ საქართველიში სამუშაო ძალის ნახევარი, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ 9,2%-ს ქმნის.

2016 წლის გეგმით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტი 295 მილიონი ლარით განისაზღვრება.

ეს სექტორი ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი თანხებით სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდანაც ფინანსდება. 2012 წლის ბოლოს ევროკავშირმა და საქართველოს მთავრობამ ხელი მოაწერეს ევროპის სამეზობლო პროგრამას სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისათვის (ENPARD), რომელიც ევროკავშირის მიერ 40 მილიონი ევროთი დაფინანსდა. პროგრამა 2013 წელს დაიწყო.

სოფლის მეურნეობის სფეროში ამ თანხების ხარჯვას ბევრი სკეპტიკოსი ჰყავს, რომელთაც მიმდინარე სამუშაოების ეფექტურობაში ეჭვი ეპარებათ. ექსპერტთა ნაწილს მიაჩნია, რომ აგრარული სექტორი არასწორად აღებულ კურსს მიუყვება.

ISET-ის აგრარული პოლიტიკის კვლევითი ცენტრის უფროსი მკვლევარი სალომე გელაშვილი აღნიშნავს, რომ სოფლის მეურნეობის სფეროს პროდუქტიულობა საქართველოში ძალიან დაბალია.

"ის ფაქტი, რომ სამუშაო ძალის 45-50% სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული და აღნიშნული სექტორის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 9,2%-ია, ამ დარგის არაეფექტურ მუშაობაზე მიანიშნებს. პროდუქტიულობა დაბალია, რადგან გლეხების 95% მცირე ფერმერია. მათი ცოდნა, ტექნოლოგიები, ფინანსებზე ხელმისაწვდომობა შეზღუდულია. მათ არ აქვთ სტაბილური და კომერციულად ორიენტირებული წარმოება", - აღნიშნავს სალომე გელაშვილი.

მისივე თქმით, სხვა ქვეყნებთან შედარებით საქართველოში სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებულთა რიცხვი ძალიან მაღალია და აღნიშნული მაჩვენებლით აფრიკის ქვეყნების (განა, ბუტანი) მსგავსი სურათი გვაქვს.

"ამ სტატისტიკური მაჩვენებლების თანახმად, განვითარებადი და განუვითარებელი ქვეყნების კატეგორიაში ვხვდებით.

განვითარებულ ქვეყნებში კი, მაგალითად ბელგიასა და ავსტრიაში სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთა თითო-თითო პროცენტია ჩართული. აქვე, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მათი შრომის პროდუქტიულობა საკმაოდ მაღალია", - აღნიშნავს აგრარული კვლევით ცენტრის უფროსი მკვლევარი.

სალომე გელაშვილის თქმით, დღეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თუ სხვადასხვა დონორი ორგანიზაციის მიერ სოფლის მეურნეობის სფეროში საკმაოდ დიდი რაოდენობის თანხები იხარჯება. თუმცა, მისი განმარტებით, მიმდინარე პროგრამების შედეგებზე საუბარი ჯერ ნაადრევია.

"საერთოდ აგრარული პოლიტიკის მიმართ მოსახლეობა ძალიან სენსიტიურია.

სხვადასხვა დახმარებითა და სუბსიდიებით სახელმწიფოს დღეს სოციალური პრობლემის გადაწყვეტის მცდელობაც აქვს. ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილია ჩართული სოფლის მეურნეობაში, აღნიშნულ სფეროში განხორციელებულ ღონისძიებებს ყველა მთავრობის დროს, სოციალურის გარდა პოლიტიკური სარჩულიც აქვს.

მაგალითად, თუ პოლიტიკურ პარტიას გარკვეული უპირატესობის მოპოვება სურს, ერთ-ერთი მარტივი გზაა თუნდაც, ვაუჩერების დარიგება.

ეს რეალურად ერთჯერადი დახმარებაა და გრძელვადიან პერიოდში არაეფექტურია. თუმცა, სახელმწიფო იძულებულია მსგავს პოლიტიკას მიმართოს, რათა ბევრი ადამიანის უკმაყოფილება თავიდან აიცილოს", - აღნიშნავს სალომე გელაშვილი.

თავისუფალი უნივერსიტეტის კანცლერი ვახტანგ ლეჟავა მიიჩნევს, რომ სოფლის მეურნეობაში მთავრობის ქმედება კონტრპროდუქტიულია.

"იქმნება ილუზია, რომ მოვა ვიღაც კეთილი ადამიანი, დაუხნავს მიწის ნაკვეთს და რეალიზაციაშიც დაეხმარება. რაც მცდარია და გლეხი კიდევ ერთხელ ხდება ილუზიების მსხვერპლი. იმისთვის რომ სოფლის მეურნეობა გახდეს ეფექტური, საჭიროა, შეიქმნას მსხვილი მეურნეობები, რომელსაც ეკონომიკური შინაარსი ექნება.

მეოთხედ და ნახევარ ჰექტარზე არავითარი მომგებიანი ეკონომიკური საქმიანობის წარმოება არ შეიძლება.

ახლა მთავრობის ინტერვენცია სოფლის მეურნეობაში მიმართულია ეფექტურობის დაწევისკენ", - აღნიშნავს ვახტანგ ლეჟავა. მისი თქმით, სოფლის მეურნეობაში პოზიცია ორად უნდა იყოს გაყოფილი.

"ერთი - სოფლის მეურნეობა, როგორც სამეწარმეო საქმიანობა, სადაც მთავრობას არაფერი ესაქმება და მისი ჩარევა უნდა გამოირიცხოს და მეორე, სოფელში მცხოვრები მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, მათთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნა. ახლა ყველაფერი აღრეულია ერთმანეთში. ეკონომიკური მეთოდებით ვფიქრობთ სოციალური პრობლემების მოგვარებას და სოციალური საკითხებით ეკონომიკის განვითარებას", - აცხადებს "თავისუფალი უნივერსიტეტის" კანცლერი.

მისი თქმით, დღეს სოფლის მეურნეობის არაეფექტურობის შედეგი არის ის, რომ საქართველოში წარმოებული პროდუქცია საფასო სეგმენტში კონკურენციას ვერ უწევს იმპორტირებულს.

"სანამ ეფექტურობა არ გაიზრდება იმპორტირებული პროდუქცია იქნება უფრო იაფი ვიდრე, ადგილობრივად წარმოებული.

ეს ჩვეულებრივი ეკონომიკური პროცესია, რომლის წინააღმდეგაც ვერ წახვალ", - აღნიშნავს ვახტანგ ლეჟავა.

ქრისტინე გამთენაძე

myquiz