ქართული თაფლის ევროკავშირის ბაზარზე გასვლის პერსპექტივები | Allnews.Ge

ქართული თაფლის ევროკავშირის ბაზარზე გასვლის პერსპექტივები

ქართულ თაფლის საექსპორტო ქვეყნების ჩამონათვალი შესაძლოა კიდევ უფრო გაიზარდოს.

სურსათის ეროვნული სააგენტო ქართული თაფლის ევროკავშირის ბაზარზე მოხვედრას რეალისტურად მიიჩნევს.

როგორც  ALLNEWS-ს უწყებაში განუცხადეს, მიმდინარე წელს განხორციელებული კონტროლის შედეგები ევროკავშირში უკვე გადაგზავნილია და სახელმწიფო მათგან დადებით პასუხს ელის.

ქართულ თაფლს მნიშვნელოვანი საექსპორტო პოტენციალი აქვს.

თუმცა, ევროკავშირის ქვეყნებში მისი მოხვედრა მხოლოდ შესაბამისი სტანდარტების დაკმაყოფილების შემდეგ იქნება  შესაძლებელი. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა ქართველი მეფუტკრე ფერმერებისთვის თაფლში ვეტერინარული პრეპარატების, ანტიბიოტიკების ნარჩენებია.

"ევროკავშირს ყველა სურსათისადმი, მათ შორის თაფლისადმი სხვადასხვაგვარი მოთხოვნა აქვს. ევროკავშირის რეგულაციებით დადგენილი მოთხოვნები საქართველოში იმპლიმენტირებულია და მიმდინარე წლის პირველი ივნისიდან ძალაში შედის. სურსათის ეროვნული სააგენტო უკვე სამი წელია ამ მოთხოვნების შესაბამისად ახორციელებს კვლევებს. ამ ეტაპზე ჩვენ მოლოდინის რეჟიმში ვართ და მინდა გითხრათ, რომ პროგნოზი არც თუ ისე პესიმისტურია. ქართულ თაფლს ევროპის ბაზარზე მოხვედრის შანსი შესაძლოა წელსაც გაუჩნდეს"-აღნიშნავს სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე კახა სოხაძე.

მისივე განმარტებით, მიღებული დადებითი პასუხის შემთხვევაში, აღნიშნული ინფორმაცია მალევე აისახება ევროკავშირის კანონმდებლობაში და ბიზნესოპერატოებს ექსპორტის შესაძლებლობა მიეცემათ.

კახა სოხაძის თქმით, ევროკავშირის ძირითადი მოთხოვნა სურსათის უვნებლობაა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ქართული თაფლის ევროკავშირის ბაზარზე ღირსეულად წარმოჩენაში მნიშვნელოვან მონაწილეობას მიიღებს, მაგრამ ცალკეული ბიზნესოპერატორების მხრიდანაც დიდი სამუშაოებია ჩასატარებელი.

"დღეს ქვეყანაში 300-მდე თაფლის მწარმოებელი კოოპერატივია დაფუძნებული.

სახელმწიფოს მხრიდან ყველაფერი კეთდება, როგორც ცოდნის ამაღლების, ისე ტექნიკური მხარდაჭერის თვალსაზრისით. მიმდინარეობს მუშაობა იმაზე, რომ მეფუტკრეობამ მიიღოს ინდუსტრიული ხასიათი"-აცხადებს კახა სოხაძე.

ქართული თაფლის ევროკავშირის ბაზარზე მოხვედრის ოპტიმისტურ პროგნოზებს არ იზიარებს მეფუტკრეთა გილდიის თავმჯდომარე გიორგი კეპაშვილი. მისი თქმით, მეფუტკრეების სკებითა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზით აღჭურვა საკმარისი არაა იმისთვის, რომ ქართულმა თაფლმა ევროკავშირის ბაზარზე თავისი ადგილი იპოვოს.

"საქართველომ ევროკავშირს თაფლის ექსპორტთან დაკავშირებით ჯერ კიდევ 2012 წელს მიმართა. თუმცა, გადაწყვეტილება ამ დრომდე არაა მიღებული.

რაც ნიშნავს იმას, რომ მიმდინარე სამუშაოები არასაკმარისია"-აცხადებს კეპაშვილი. მისი თქმით, სახელმწიფომ უნდა წარმოადგინოს მონიტორინგის ფარგლებში განხორციელებული სამუშაოების შედეგები.

"მონიტორინგის ფარგლებში ჩვენ უკვე დიდი ხანია ველოდებით საერთაშიორისო სტატუსის მქონე ლაბორატორიას, რომელიც გამოიკვლევს ამა თუ იმ თაფლის სინჯებს და გააკეთებს შესაბამის დასკვნას.

თუმცა, ამ დრომდე სახელმწიფოს სხვა პრობლემებთან ერთად ეს მნიშვნელოვანი საკითხიც არ მოუგვარებია"-ამბობს მეფუტკრეთა გილდიის თავმჯდომარე.

გიორგი კეპაშვილის განცხადებით, საქართველოში უნდა შეიქმნას თაფლის პირველადი უსაფრთხო წარმოებისათვის საჭირო შესაბამისი გარემო, მისი თქმით, მეფუტკრეებს უნდა ჰქონდეთ მეტი ცოდნა საკითხთან მიმართებაში და რაც ყველაზე მთავარია, ქვეყანაში აუცილებლად უნდა არსებობდეს კონტროლის მყარი მექანიზმი.

"საქართველოში თუ არ ამოქმედდა მუდმივი კონტროლის მექანიზმი, ათასი წელიც რომ გავიდეს ქვეყანა ევროკავშირში თაფლს ვერ გაიტანს. ეს არის ძალიან მარტივი ჭეშმარიტება.

ჩემი პროგნოზით, ქართული თაფლი ევროკავშირის ბაზარზე წელსაც ვერ გავა"-აცხადებს გიორგი კეპაშვილი.

ქრისტინე გამთენაძე

 

უნიკალური პროდუქტი თაფლი - ფაქტები და სტატისტიკა

myquiz