რატომ უნდა ვიყოთ ფრთხილად მაღალპროცენტიან ანაბრებთან | Allnews.Ge

რატომ უნდა ვიყოთ ფრთხილად მაღალპროცენტიან ანაბრებთან

საქართველოში მოსახლეობის უმრავლესობა ფინანსურ პრობლემებს განიცდის, თუმცა, ფულის დაბანდების მსურველების რიცხვი არც ისე მცირეა.

ქვეყანაში ფინანსური რესურსების შენახვის რამდენიმე გზა არსებობს.

ექსპერტების შეფასებით, მათგან ყველაზე უსაფრთხო ბანკებია, თუმცა, მოქალაქეები მაღალი სარგებლის მიღების მიზნით, ხშირად სხვა სახის საფინანსო კომპანიებს მიმართავენ, რომლებიც მომხმარებელს თანხის შენახვის სანაცვლოდ უჩვეულოდ მაღალ საპროცენტო სარგებელს სთავაზობენ.

მსგავს ორგანიზაციებთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ ეროვნულმა ბანკმა გამაფრთხილებელი განცხადებაც კი გაავრცელა:

"ბოლო პერიოდში გახშირდა სხვადასხვა იურიდიული პირების მხრიდან მაღალი საპროცენტო სარგებლის დაპირების სანაცვლოდ თანხების სესხის ან თამასუქის სახით მოზიდვის რეკლამირება. დაბანდებული თანხების დაკარგვის რისკის თავიდან აცილების მიზნით, ეროვნული ბანკი მოსახლეობას მოუწოდებს, რომ მიიღონ გონივრული და ინფორმირებული გადაწყვეტილება. თანხის დაბანდებამდე კი აუცილებლად გაითვალისწინონ, რომ მაღალი საპროცენტო სარგებელი, სხვა თანაბარ პირობებში, გულისხმობს ასევე მაღალ რისკს".

როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, სანამ თანხის დაბანდებას მსგავსი ტიპის ორგანიზაციაში გადაწყვეტს და რა საფრთხის შემცველია ეს ნაბიჯი. ამ შეკითხვებით ALLNEWS.GE-იმ არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკების" ხელმძღვანელს გიორგი კეპულაძეს მიმართა:

"ჩვენ, როგორც მომხმარებლები ვიღებთ გადაწყვეტილებას სად განვათავსოთ ჩვენი თავისუფალი თანხა. შესაბამისად, უნდა დავფიქრდეთ, ვის ვაბარებთ ამ ფულს და რამდენად ლოგიკურია ის, რომ კომპანია ამხელა მოგებას გვპირდება. როცა ეს მოგება ზედმეტად მაღალია, შეიძლება პატარა თაღლითური სქემის არსებობაზეც გაგვიჩნდეს ეჭვი.

გავცეთ პასუხები კითხვებზე, რამდენად სანდოა მათი შემოთავაზება, რამდენი ხანია, რაც არსებობს ეს ორგანიზაცია და როგორია მისი გამოცდილება, ვკითხოთ აზრი სხვებსაც. გადაწყვეტილება კი მხოლოდ ამის შემდეგ მივიღოთ.

სამწუხაროდ, საქართველოში არ არის თანხის დაბანდების ბევრი გზა და ფასიანი ქაღალდების ბაზარი ნაკლებად განვითარებულია. თუმცა, არსებობს რამდენიმე სანდო ფინანსური ინსტიტუტი ამ კუთხით და რა თქმა უნდა, სანდოობის თვალსაზრისით პირველ ადგილზეა ბანკები".

მსგავსი ტიპის ორგანიზაციებთან დაკავშირებით ფინანსური პირამიდების არსებობაზეც საუბრობენ, ამის შესახებ რას იტყვით?

აქ ფინანსური პირამიდების არსებობას არ გამოვრიცხავ, თუმცა, არ მგონია რომ ეს იყოს მასშტაბური. საერთოდ კი, ძალიან საეჭვოა ის საპროცენტო განაკვეთები, რასაც ეროვნული ბანკის მიერ არარეგისტრირებული, მსგავსი ტიპის ორგანიზაციები მეანაბრეებს ჰპირდებიან.

მეანაბრეების რაღაც ნაწილი მიიღებს საგებელს, მაგრამ გარკვეულ ეტაპზე ფული გათავდება. საქართველოში საფინანსო ბიზნესიდან იმხელა მოგების ნახვა, რომ ანაბარზე 25 და 30 %-იანი სარგებელი გასცე, შეუძლებელია. არცერთ ნორმალურ ქვეყანაში ამხელა მარჟები არ არსებობს.

ჩვენ გამოვიარეთ 90-იანი წლები, როდესაც არსებობდა ე.წ ბანკები. კლასიკური ფინანსური პირამიდის სქემასთან გვქონდა საქმე. ეს მწარე გამოცდილება გაკვეთილი უნდა იყოს მოქალაქისთვის, რომელიც თავისი ფინანსების დაბანდებას გადაწყვეტს.

როგორია ამ კუთხით უცხოეთის გამოცდილება. იქაც თუ არსებობს ორგანიზაციები, რომლებიც რეგულაციების გარეშე მუშაობენ და მაღალი საპროცენტო განაკვეთით იზიდავენ მომხმარებლებს?

მსგავსი ორგანიზაციები უფრო გარდამავალი და განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნებისთვისაა დამახასიათებელი. განვითარებულ, დასავლურ ქვეყნებში ფულის დაბანდების საშუალება მრავალნაირია. მაგალითად, ფასიან ქაღალდებში, ბირჟებსა თუ სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტებში.

ეს ყველაფერი რეგულირებადია და მოსახლეობისა თუ ბაზრის სხვადასხვა მონაწილის მხრიდან ნდობით სარგებლობს. სამწუხაროდ, საქართველოში ამდენი არჩევანი არ გვაქვს.

ანაბარზე რამდენი პროცენტის შეთავაზება შეუძლიათ ბანკებს და ასევე, ამ ტიპის ორგანიზაციებს?

საერთოდ, ამ ყველაფერს ბაზარი თავად განსაზღვრავს. მაგალითად, თუ ბანკი მომხმარებელს წლიურად ლარში 12-13 %-იან სარგებელს სთავაზობს, ჩვენ გვინახავს რეკლამები, როცა ამ ტიპის არარეგულირებადი ორგანიზაციების მხრიდან 20-დან 30 %-მდე სარგებელზეა საუბარი. რა თქმა უნდა, ბანკებს არ აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ გასცენ მეტი სარგებელი, რადგან ისინი მკაცრად რეგულირდებიან.

იმ კომპანიებს კი, რომლები მუშაობენ თანხების მოზიდვაზე, ზოგჯერ ამას თამასუქსაც ეძახიან, ეს რეგულაციები არ აქვთ და შესაბამისად, მეტი ხელგაშლილობით გამოირჩევიან. თუმცა აქ საყურადღებოა ის, რომ მათზე ეროვნული ბანკი პასუხისმგებლობას არ იღებს.

მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ბანკი არ არეგულირებს და შესაბამისად პასუხისმგებლობასაც არ იღებს ამ ორგანიზაციებზე, მათი საქმიანობა კანონგარეშედ არ ითვლება..

რა თქმა უნდა, ამ ორგანიზაციების არსებობა კანონით ნებადართულია. ისინი უკანონო საქმიანობას არ ეწევიან. ბიზნესისა და საბაზრო წესების საწინააღმდეგოც აქ არაფერი არ არის. უკანონო იქნება მაშინ, თუ ის ხელშეკრულების პირობებს დაარღვევს და მომხმარებელს დააზარალებს. ყველა ადამიანს აქვს უფლება თავისი ფული ვისაც უნდა იმას მისცეს.

ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ გამაფრთხილებელ განცხადებას რა რეაქცია მოჰყვა ხალხის მხრიდან?

"ეროვნული ბანკი არის ავტორიტეტული ფინანსური ინსტიტუტი და შესაბამისად მისი განცხადება ნებისმიერ ფინანსურ თემასთან დაკავშირებით მოსახლეობისთვისაც და ბაზრისთვისაც, რა თქმა უნდა, ყურადსაღებია.

მართალია, ეროვნული ბანკის განცხადებიდან ჯერ ერთი თვეც არ გასულა. შესაბამისად, რთულია რაიმე რეალურ და ძირეულ ცვლილებებზე ვისაუბრო ამ კუთხით, თუმცა რაც შეეხება თავად მოსახლეობის განწყობას, შეცვლილია. გადაწყვეტილების მიღებისას ადამიანები უფრო ფრთხილობენ. ამ საკითხთან დაკავშირებით მომართვიანობა ჩვენთანაც გაიზარდა.

ქრისტინე გამთენაძე

როგორ ვმართოთ საკუთარი ბიუჯეტი ეფექტურად? - რჩევები მათ, ვისაც ფულის დაზოგვა სურს

myquiz