მონოპოლიები საქართველოში - ვინ აწესებს ფასებს სამომხმარებლო ბაზარზე | Allnews.Ge

მონოპოლიები საქართველოში - ვინ აწესებს ფასებს სამომხმარებლო ბაზარზე

ბაზარზე არსებული დომინანტი პოზიციების შედეგები, კონკურენციის დაბალი ხარისხი და პროდუქციასა თუ მომსახურებაზე არსებული არაადეკვატურად მაღალი ფასები, წლებია მოსახლეობას მძიმე ტვირთად აწევს.

მართალია, ქვეყანაში არსებობს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია, რომელსაც ბუნებრივი მონოპოლიების, ლიცენზიატების, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურების, იმპორტიორების, ექსპორტიორების, ბაზრის ოპერატორისა და მიმწოდებლების საქმიანობის რეგულირება, მათ შორის, ენერგეტიკული ბაზრების მონიტორინგი ეხება, მაგრამ ექსპერტთა ვარაუდით, მაკონტროლებელი ორგანოს მუშაობა საკმარისი არაა.

სიტუაცია, როდესაც ბაზარზე ერთი მწარმოებელი და ბევრი მომხმარებელია, ცხადია, ამ უკანასკნელზე უარყოფითად აისახება.

კომპანიებს შორის არსებულ კარტელურ გარიგებებსა და სახელმწიფოს მხრიდან კონკრეტული ბიზნესოპერატორების ლობირებაზე ექსპერტები ხშირად აპელირებენ. ქართული მონოპოლიები და ანტიმონოპოლიური სამსახურის მუშაობის ტემპი allnews-მა სწორედ მათთან ერთად მიმოიხილა.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ნოდარ კაპანაძე: ანტიმონოპოლიური სამსახურის ფუნქციაა ფასწარმოქმნის კვლევა. მან არ უნდა დაუშვას მონოპოლიური ფასები და კარტელური გარიგებები სამომხმარებლო ბაზარზე. ეს არის ის, რასაც უნდა აკეთებდეს აღნიშნული სტრუქტურა, მაგრამ საქართველოში დღეს არსებული სიტუაცია მიჩენს იმის თქმის საფუძველს, რომ ანტიმონოპოლიური სამსახურის მუშაობა არაეფექტურია. "

ექსპერტის აზრით, საქართველოში საქონლისა და მომსახურების ძალიან დიდი ნაწილი სწორედ მონოპოლიური და კარტელური ფასებით არის წარმოდგენილი. მისი თქმით, აბსოლუტურად გაუმჭირვალეა ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის ტარიფების წარმოშობა და შემადგენლობა. ნოდარ კაპანაძის განმარტებით, თუ ქვეყანას პრეტენზია აქვს ანტიმონოპოლიური სამსახურის არსებობაზე, ამგვარი ინფორმაცია უნდა იყოს ღია და ხელმისაწვდომი.

"კარტელურ გარიგებებთან გვაქვს საქმე ფარმაცევტულ თუ ნავთობპროდუქტების ბაზარზეც. საქართველოში ყველა ბიზნესმენის ოცნება მონოპოლისტობაა და კონკურენციის არსებობა უბრალოდ გამოგონილი ზღაპარია.

მაშინ, როცა სახელმწიფოსა და ბიზნესის ინტერესები იკვეთება, მოსახლეობის საჭიროებები ნაკლებად საინტერესო ხდება. "-აღნიშნავს ნოდარ კაპანაძე.

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცეპრეზიდენტი მერაბ ჯანიაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში ძალიან ბევრი სფეროა, სადაც კონკურენციის წარმოქმნა საკმაოდ რთულია.

"თავად ის ფაქტი, რომ ბიზნესი ცდილობს გახდეს მონოპოლისტი, ცუდი სულაც არ არის, მაგრამ მან ამ დომინანტურ პოზიციას უნდა მიაღწიოს კანონიერი, სამართლიანი გზით და არა სახელმწიფოს მხრიდან ლობირების შედეგად. როგორც წესი, საქართველოში სწორედ ამასთან გვაქვს საქმე" - აღნიშნავს აფბას ანალიტიკოსი.

მისი თქმით, მონოპოლიურ მდგომარეობაში ყოფნისას, მომხმარებელთა მიმართ ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ცდუნება დიდია. რაც ხშირად პროდუქციაზე მაღალი ფასითა და ხარისხის დაწევით გამოიხატება.

" სწორედ ამისთვის არსებობს ანტიმონოპოლიური სამსახური. მისი ფუნქციაა გააკონტროლოს და არ დაუშვას კონკურენციის პირობების დარღვევა, ამის წარმატებული მაგალითია ნავთობროდუქტების ბაზრის კვლევა და კონკურენციის სააგენტოს მიერ "სოკართან" მოგებული სასამართლო დავა. თუმცა, ეკონომიკის ამ სფეროს აქტიურობა კიდევ ბევრი სხვა მიმართულებით არის საჭირო" - აღნიშნავს მერაბ ჯანიაშვილი.

პრაქტიკა აჩვენებს, რომ მონოპოლია და ბაზარზე კომპანიის დომინანტური მდგომარეობა პრობლემად მაშინ იქცევა, როდესაც კომპანიას აქვს ლეგალური (კანონმდებლობის დონეზე) ან არაფორმალური მხარდაჭერა პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღები პირებისგან.

დომინანტური მდგომარეობის მოპოვების შემდეგ კი ფასისა და ხარისხის შეუსაბამობა საკითხს კიდევ უფრო ამძიმებს. როგორც ზედაპირული დაკვირვებითა და საქართველოს სამომხმარებლო ბაზრის ანალიზით ჩანს, პრობლემები საქართველოს ამ კუთხით ნამდვილად არ აკლია.

ქრისტინე გამთენაძე

myquiz