გაიზრდება თუ არა საქართველოში რუსი ტურისტების რიცხვი | Allnews.Ge

გაიზრდება თუ არა საქართველოში რუსი ტურისტების რიცხვი

მას შემდეგ, რაც რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობა დაიძაბა, ორმა ქვეყანამ ერთმანეთან თითქმის ყველანაირი საქმიანი ურთიერთობა გაწყვიტა.

დაპირისპირება შეეხო ტურიზმის სფეროსაც, შესაბამისად, რუსი ტურისტები თურქეთის კურორტებზე აღარ ჩადიან.

ეგვიპტეში რუსი ტურისტებით სავსე თვითმფრინავის ჩამოვარდის შემდეგ კი რუსი ტურისტები არც ეგვიპტის კურორტებს სწყალობენ.

ტურიზმის ექსპერტების ერთი ნაწილის თქმით, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე საქართველომ უნდა მოახერხოს უფრო მეტი რუსი ტურისტის მოზიდვა. თუმცა, მეორე ნაწილი ფიქრობს, რომ რუსეთის ტურიზმის ბაზარი საფრთხის შემცველია და მათზე დაყრდნობამ შესაძლოა, საქართველოს ეკონომიკა აზარალოს.

"ჩვენ უნდა ვიმუშაოთ კარგად, რომ რუსეთში გამოთავისუფლებული ნაკადი ტურისტების სახით, საქართველოში ჩამოვიყვანოთ. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია რუსეთიდან საკმაოდ ბევრ ინფოტურებს აკეთებს, ლამის 2-3 დღეში ახალ-ახალი ტურ-ოპერატორები ჩამოჰყავთ და ეს ერთ-ერთი საუკეთესო მიმართულებაა, მაგრამ არა საკმარისი", - ამბობს ALLNEWS.GE-სთან საუბრისას სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის თავმჯდომარე შალვა ალავერდაშვილი.

მისი თქმით, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის ყველაზე მომგებიანი რუსი ტურისტებია.

"რუსი ტურისტი ბევრი ქვეყნისთვის არის ყველაზე კარგი "სანადირო ნადავლი". იგივე, ბულგარეთი, რუმინეთი, ჩეხეთი, ყველა ნადირობს რუს ტურისტებზე. მაგალითად, ბულგარეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, რუსი ტურისტებისთვის ფრენების 100%-იან სუბსიდირებას აკეთებს, ჩეხეთის მთავრობამ ფრენების 50%-იანი სუბსიდირება აიღო თავზე და 500 დოლარიანი პაკეტები შესთავაზა რუს ტუროპერატორებს, შესაბამისად მიიღეს ბევრი რუსი ტურისტი.

საქართველოში ფრენა ძვირია და ეს ყველაზე მეტად აფერხებს ტურიზმის განვითარებას, თუმცა სექტემბრიდან ქუთაისიდან იწყება შედარებით იაფიანი რეისები, მაგრამ ამ წელს ვკარგავთ ზაფხულის სეზონს. ის, რომ რუსი ტურისტები ახლა არ წავლენ თურქეთში და საქართველოში ჩამოვლენ, ასე მარტივად არ ხდება, აქ არის ბაზარი, კონკურენცია და ჩვენ გვყავს ძალიან ბევრი კონკურენტი ქვეყანა, რომელიც ცდილობს ტურისტები თავისთან გადაიბიროს, მნიშნელობა არ აქვს მათ ეროვნებას", - ამბობს შალვა ალავერდაშვილი.

ტუროპერატორთა ასოციაციის თავმჯდომარის, ია თაბაგარის თქმით, ამჟამად რუსეთში რთული ეკონომიკური მდგომარეობაა, რაც ტურისტებზეც აისახება.

"მთლიანობაში რუსეთის ტურისტული ბაზარი არ არის სტაბილური. ჩვენი ამოსავალი მიმართულება უნდა იყოს დასავლეთ ევროპა და ჩრდილოეთ ამერიკის ბაზარი, რომელზეც ძალიან ინტენსიური მუშაობაა საჭირო და რაც არ კეთდება სამწუხაროდ".

ტურიზმის საკითხებში ექსპერტის, ვატო ასათაშვილის თქმით კი, საქართველოს არ შეუძლია რუსი ტურისტებისთვის თურქეთისა და ეგვიპტის ანალოგიური სერვისის შეთავაზება.

"ჩვენ არ გვაქვს იაფფასიანი ე.წ ALL INCLUSIVE სერვისი. ჩვენი სერვისი დღესდღეობით აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებულია და ამაზე არაერთი გამოცემა წერს.

გამომდინარე იქიდან, რომ თურქეთისა და ეგვიპტის კურორტები რუსი ტურისტებისთვის აღარ არის ხელმისაწვდომი, მათი გარკვეული რაოდენობა აქ ჩამოვა, მაგრამ მასშტაბურად ასე არ იქნება.

ჩემი აზრით, რუსული ბაზარი საქართველოს ტურიზმისთვის ძალიან დამღუპველია და ბევრ რისკს შეიცავს. რა თქმა უნდა, რუსულ ბაზარზე უარის თქმა არ შეიძლება, თუმცა, ჩვენთვის პრიორიტეტი უნდა იყოს აღმოსავლეთ ევროპის ტურისტული ბაზარი, მერე აზია, მათ შორის ჩინეთი და იაპონია და შემდეგ რუსეთის ტურისტული ბაზარი.

საფრთხეები არის ძალიან მარტივი. ისეთივე საფრთხეები რაც გვქონდა მაგალითად კვების პროდუქტზე, მინერალურ წყალზე, ღვინოზე. რუსეთს ნებისმიერ დროს შეუძლია ჩაკეტოს რუსი ტურისტების გამოშვება საქართველოში, რაც ავტომატურად დაარტყამს ქართულ ეკონომიკას და როდესაც დღეს ეკონომიკის სამინისტრო ამბობს, რომ ყოველწლიურად ტურიზმს შემოაქვს 1.9 მილიარდი დოლარი, აქედან დაახლოებით 30-40% შეიძლება ერთ წელში დავკარგოთ".

თუ რას აკეთებს საქართველო ტურისტების მოსაზიდად, ამ შემთხვევაში კი რუსი ტურისტების მოსაზიდად, ამ კითხვით ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას მივმართეთ. მათი ინფორმაციით, ადმინისტრაციამ 2016 წელს რუსეთიდან რამდენიმე პრეს და ინფოტური გამართა.

"2015 წელს განხორციელდა 14 ინფო და პრეს-ტური (96 ჟურნალისტი და ტურ-ოპერატორი), 2016 წელს კი განხორციელდა 5 ინფო და პრეს-ტური (35 ჟურნალისტი და ტურ-ოპერატორი)", - გვითხრეს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში.

თეა ბეჟიტაშვილი

რუსი ტურისტების რიცხვი სამხრეთ კავკასიაში გაიზარდა

საქართველოში ტურისტების შემოსვლის კუთხით სპარსეთის ყურის ქვეყნები, რუსეთი და ისრაელი გამოირჩევიან

myquiz